დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა.
კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით.
თსუ-ში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და აბეტ აკრედიტაციის მქონე სტემ სპეციალობებზე;
სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
მიქანაძის თქმით, „წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვა შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება.
ამასთან, მკვეთრად რომ არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, სამართალზე, წელს ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობა შუალედური კონტინგენტით განისაზღვრება.
ყველა უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა, ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის, ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება.
შარშან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ“.
გივი მიქანაძის თქმით, აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.
„უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.
დადგენილ კვოტებზე სტუდენტის მიღება შესაძლებელი იქნება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ გამოცდებზე ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტი. ან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები განაცხადებენ სწავლის სურვილს ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე“, – თქვა მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, გასული 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. „შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ.
მისივე თქმით, ანალოგიური ვითარებაა, მაგალითად, ეკონომიკისა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემთხვევაში. კერძოდ: ეკონომიკის შემთხვევაში, ჩარიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1 053 სტუდენტია, სწავლას საშუალოდ 662 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა 150-ს შეადგენს.
„სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ჩარიცხვის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 916 სტუდენტია, აქედან სწავლას 2 591 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 400 კურსდამთავრებულზეა.
ამის საპირისპიროდ, მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით, სადაც გასული 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 2 225 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1 200-მა დაასრულა, როდესაც შრომის ბაზრის მოთხოვნა 1 800 კურსდამთავრებულზეა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით წლიდან წლამდე გაიზრდება.
შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობაზე“, – ამბობს მიქანაძე.
მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით. თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ მაინც არ დაასახელა, თუ რომელი უნივერსიტეტისთვის რამდენი კვოტა განისაზღვრა სტუდენტების მისაღებად.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის შემცირება „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის ნაწილია. კობახიძემ ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60%-ზე უნდა ჩამოსულიყო.
„დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე. ეს არის კონცეფციის მთავარი მიმართულება“,- ამბობდა კობახიძე.
„ოცნების“ განათლების რეფორმას მწვავედ აკრიტიკებენ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულები.








