„ქართული ოცნება“ ახალი რეპრესიული კანონების მიღებას აპირებს. ამჯერად ერთ-ერთი ცვლილება დაკავშირებული იქნება  პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლების შეზღუდვასთან.

ჯერჯერობით კანონპროექტი არ გამოქვეყნებულა და ზუსტი ჩანაწერი უცნობია, თუმცა ცნობილია მისი ზოგადი ფორმულირება. პირს, რომელიც მუშაობს „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსებულ (მინიმუმ მთლიანი შემოსავლების 20%) ორგანიზაციაში, საქართველოში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.  ეს ფაქტობრივად პოლიტიკაში მოსვლის უფლების შეზღუდვას ნიშნავს. ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მიღებული ცვლილებებით, თუ პირი პარტიის წევრი არაა, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების მიღებას აპირებს პარტია, რომლის ლიდერთა უმრავლესობა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, წლების განმავლობაში უცხოურ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა.

ასეთ კანონს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ ახლა აპირებს, 2012 წელს ან შემდეგ წლებში რომ ემოქმედა, მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი პოლიტიკაში ვერ მოვიდოდა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალს, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში:

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ეკავა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია.
  • „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 17 წლის განმავლობაში გერმანულ ფონდებში მუშაობდა. 2003 – 2007 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო, შემდეგ კი, 2007-2020 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). მუშაობის ბოლო წლებში ორგანიზაციაში იკავებდა საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც.
  • „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სხვადასხვა წლებში იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი. ბოლოს კი,  2015 – 2016 წლებში იყო ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი.
  • „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი 2016 – 2018 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.
  • „ქართული ოცნების“ სატელიტის, „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი სხვადასხვა წლებში იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის. ბოლოს 2010 – 2015 წლებში იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი
  • „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 2005 – 2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ექსპერტი იყო,  2010 – 2016 წლებში – გაეროს განვითარების პროგრამის, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 2005 – 2014 წლებში იყო კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი. ორგანიზაცია ახორციელებდა როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტებს.
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ბიოგრაფიის თანახმად,  2012 – 2014 წლებში მსოფლიო ბანკში მუშაობდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული კანონები დააანონსა