საზოგადოება

კლუნების ფონდის ანგარიში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას ამხელს

16 იანვარი, 2026 •
კლუნების ფონდის ანგარიში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას ამხელს

ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას, — ნათქვამია “კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ TrialWatch-ის ახალ ანგარიშში.

ფონდის პრესრელიზის თანახმად, ამაღლობელი, რომელიც ერთი წლის წინ დააკავეს, დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალებების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატია აზრის თავისუფლებისთვის.

ფონდის განცხადებით, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის პრორუსული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.

TrialWatch ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აკვირდებოდა. საქმე ეხებოდა 2025 წლის იანვარში პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს. ჟურნალისტმა შვიდი თვე გაატარა წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე 2025 წლის აგვისტოში საბოლოოდ ორწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ უშუალოდ განაჩენის გამოტანის დღეს გადაკვალიფიცირებული ბრალით. ის დღესაც საპატიმროში რჩება.

„სისხლის სამართლის წარმოებაში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რამაც სერიოზულად გამოუთხარა საფუძველი მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობას და მის დასჯას ისეთი მუხლით, რომლითაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ“, — განაცხადა სერ ნიკოლას ბრატცამ, გამოჩენილმა ბრიტანელმა იურისტმა და მოსამართლემ, რომელიც წარსულში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი იყო. იგი სტრასბურგის სასამართლოში 1998 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ არჩეული მუდმივმოქმედი მოსამართლის პოსტს.

ბრატცა TrialWatch-ის ექსპერტია აღნიშნულ ანგარიშში, რომელმაც სასამართლო პროცესი „D“ ქულით შეაფასა.

TrialWatch მის მიერ შესწავლილ სასამართლო საქმეებს ხუთი კატეგორიით აფასებს (ABCDF), სადაც A საუკეთესო ქულაა, ხოლო F – ყველაზე უარესი. „D“ კატეგორია TrialWatch-ის მეთოდოლოგიაში ყველაზე უარესის [F] წინა შეფასებაა.  “D” ქულა ამ მეთოდოლოგიით მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესმა ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი სასამართლოს ძირითადი საერთაშორისო მოთხოვნები. მართალია, ეს არ წარმოადგენს შეფასების ყველაზე დაბალ საფეხურს („F“ კატეგორია), თუმცა TrialWatch-ის მეთოდოლოგიის თანახმად, მაინც ცხადყოფს სერიოზული და სისტემური პროცედურული ხარვეზების არსებობას, რაც უარყოფითად აისახება პროცესის სამართლიანობასა და უფლებების დაცვაზე.

“ანგარიშში, რომელიც TrialWatch-ის „პრო ბონო“ პარტნიორთან [როდესაც პარტნიორი უსასყიდლოდ გეხმარება. ნეტ], იურიდიულ ფირმა Covington & Burling LLP-თან ერთად მომზადდა, დეტალურად არის აღწერილი პროცესის სერიოზული ხარვეზები. მათ შორისაა სასამართლოს უარი დაცვის მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებისა და მოწმეების დაშვებაზე, ასევე ამაღლობელის მოთავსება მინის „აკვარიუმში“, რამაც შეზღუდა ადვოკატთან კომუნიკაცია და, შესაბამისად, ხელი შეუშალა ბრალდებულს საკუთარ დაცვაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებაში.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მოულოდნელმა გადაკვალიფიცირებამ ამაღლობელს არ დაუტოვა რეალური შესაძლებლობა, თავი დაეცვა დანაშაულის იმ ახალი ელემენტებისგან, რომელთა გამოც საბოლოოდ მსჯავრი დაედო.

გარდა ამისა, განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

ეს ხარვეზები, რომლებიც არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოსწორდა, მიუთითებს მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე — კერძოდ, განზრახვაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დამოუკიდებელი ჟურნალისტი სამაგალითოდ დაესაჯათ, რათა დაეშინებინათ განსხვავებული აზრის მქონე სხვა ადამიანები.

საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც წინასწარ ქმნიდა ნეგატიურ განწყობას, უკვე დაარღვია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება”, – ნათქვამია კლუნების ფონდის პრესრელიზში.

ვინაიდან მოსალოდნელია საქმის გასაჩივრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, TrialWatch მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და უზრუნველყოს სასამართლოების პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მუშაობა.

კლუნების ფონდის ინიციატივის, TRIALWATCH-ის შესახებ

TrialWatch უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს, რათა უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და დაიცვას სიტყვის თავისუფლება.

კლუნების ფონდის (სამართლიანობისთვის) შესახებ

მსოფლიოში ცნობილი იურისტის, ამალ კლუნისა და ცნობილი მსახიობის, ჯორჯ კლუნის მიერ დაფუძნებული ფონდი იბრძვის სამართლიანობისთვის და 40-ზე მეტ ქვეყანაში გასცემს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ათობით ჟურნალისტი გათავისუფლდა, ხოლო ათასობით ქალმა მიიღო უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი