სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეთა განხილვა გრძელდება. დღეს, 15 იანვარს 10-პირიანი საქმის მორიგი სხდომა იმართება, სადაც ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც შედიან.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.

პაატა ბურჭულაძე, როგორც ბრალდებული, პირველად ესწრება სხდომას მას შემდეგ, რაც საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოში სრულად:

„მოდით, გავერკვეთ ერთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ? იმას, თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს? თუ ვინ დააზიანა ღობე? ყველასთვის ნათელია, რომ მთელი ხმაური ემსახურება საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის, გადაფარვას და მის ძალადობად შერაცხვას.

ცხოვრებაში ბევრი წარმატებული და კარგი დღე მქონია. ამის გამო ვამაყობ. 4 ოქტომბერი განსაკუთრებულია მათ შორის. ამაზე მასამართლებთ?

დამხობას, ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას მედავებით და განვიხილოთ სამივე.

1. ძალადობისკენ მოწოდება — მანახეთ ერთი ვიდეო, სადაც მოვუწოდებ ძალადობისკენ, თუ ვერ მანახებთ, ეს მუხლი მოხსნილია. ვერ მანახებთ!

2. დამხობა — მე ყოველთვის ვამბობდი „მშვიდობიან დამხობას“, რომელიც შედგა! არამშვიდობიანად, ცეცხლშია მთელი ირანი გახვეული. მშვიდად დამხობა მოხდა 4 ოქტომბერს. 250 000-მა ადამიანმა ხმა მისცა, რომ იბრუნებს ხელისუფლებას. ყველა თავმოყვარე მთავრობა იქნებოდა გადამდგარი.

თავს იწონებენ, 120 000-მა ადამიანმა ხმა მოგვცაო. 4 ოქტომბერს 250 000 ადამიანი იდგა ქუჩაში, მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, ასევე ემიგრანტები, ადამიანები, რომლებმაც უსახსრობის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

4 ოქტომბერს შედგა მათი [„ოცნების“] დამხობა, მიხვდნენ, რომ ისინი არ არსებობენ. ტყუილად კი არაა, რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ. გაუსწორეთ თვალი ამ სიმართლეს. 

3. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება — რომელიმეს გჯერათ, რომ ასობით ათას ადამიანს ამ პატარა შენობის [ორბელიანების სასახლის] ხელში აღება რომ ნდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?! ეს საკითხიც მოიხსნა.

ყველაზე კარგად 4 ოქტომბრის მნიშვნელობა გაიაზრა ივანიშვილის „ოცნებამ“. იმაზე კი არ აკეთებენ აქცენტს, რომ ხალხმა ხმა მისცა მათ წასვლას, არამედ ყურადღება გადააქვთ ღობეზე, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა. დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი. ესენი, როგორც ყველა სინდისის და პოლიტიკური პატიმარი, დასაკავებელი კი არა, ხელის გულზე არიან სატარებელი.

თუ ღობის ამბავი გაინტერესებთ, დაიბარეთ „ოცნების“ პრემიერი, რომელმაც თავისი უშფოთველი ღიმილით ეთერში თქვა, „მათ ჩვენ იქ დავახვედრებთ სიურპრიზს“. დაიბარეთ და ჰკითხეთ, რა სიურპრიზს გვახვედრებდნენ? ტრამპი დაიბარეს სასამართლოში ბოლოს და ბოლოს.

მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბრის კრებას გაუკეთა ორგანიზება. დაანებეთ სხვა ადამიანებს თავი.

თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მოიყვანოთ ცრუ მოწმეები. როგორც არ უნდა ეცადოთ, ვერ მიიღებთ ამ ჩვენებას, რომ მე ვინმეს ძალადობისკენ მოვუწოდებდი. ვერ მიიღებთ ასეთ ჩვენებას ვერც ახალაიასგან, ვერც ევა შაშიაშვილისგან. მოიყვანეთ თქვენი ცრუ მოხელეები.

ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, დიდი ფულით კი, ყველაფერსო, ნათქვამია. ჩახედეთ რუსთაველზე ადამიანებს თვალებში და მიხვდებით, სამშობლოს სიყვარული შეუფასებელია, მას ვერც დიდი ფულით ვერ იყიდი.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, თუ ეს დანაშაულია, კი ბატონო.“

რა ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინა წინა სხდომაზე პროკურატურამ ამ საქმის ბრალდებულების, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ, იხილეთ აქ:

4 ოქტომბერი: პოლიტიკური პერფორმანსი თუ დამხობის მცდელობა? | რეპორტაჟი სასამართლოდან