საზოგადოება

ირანში პროტესტი გრძელდება – ექიმები გადატვირთულ საავადმყოფოებზე საუბრობენ 

10 იანვარი, 2026 •
ირანში პროტესტი გრძელდება – ექიმები გადატვირთულ საავადმყოფოებზე საუბრობენ 

ირანში პროტესტი გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ  ხელისუფლებამ მომიტინგეები მკაცრად გააფრთხილა, საავადმყოფოები კი გადატვირთულია. 

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების უმრავლესობას  აკრძალული აქვთ ირანის შიგნით მუშაობა. ირანმა ხუთშაბათი საღამოს შემდეგ ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშა, რაც ინფორმაციის მოპოვებასა და გადამოწმებას ართულებს. 

თუმცა  BBC-იმ მოიპოვა სანდო ცნობები ირანში სამედიცინო გამოწვევების შესახებ. 

ორი საავადმყოფოს ექიმმა და მედპერსონალმა  BBC-ის განუცხადა, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებები დაჭრილთა სიმრავლის გამო გადატვირთულია. 

ირანელმა ექიმმა, რომელიც BBC-ს პარასკევს ღამით Starlink-ის სატელიტური ინტერნეტით დაუკავშირდა, თქვა, რომ თეირანის მთავარი ოფთალმოლოგიური ცენტრი  საგანგებო  რეჟიმზე გადავიდა, ხოლო სასწრაფო დახმარების სამსახურები გადატვირთულია. ექიმის თქმით, შეწყვიტეს გეგმიური ოპერაციები,  პერსონალი კი საგანგებო შემთხვევების სამართავად გამოიძახეს.

BBC-იმ ასევე მოიპოვა ვიდეო და აუდიო შეტყობინება სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ შირაზის საავადმყოფოს მედიკოსისგან. ის ამბობს, რომ მათთან დიდი რაოდენობით დაჭრილი შეჰყავთ და საავადმყოფოს არ ჰყავს საკმარისი ქირურგი ამ ნაკადთან გასამკლავებლად. მისივე მტკიცებით, ბევრ დაჭრილს ცეცხლსასროლი ჭრილობები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარასკევს,  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ირანი გააფრთხილა, რომ  „ჯობია სროლა არ დაიწყოთ, თორემ ჩვენც დავიწყებთ სროლასო“. 

ირანმა თავის მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აშშ დაადანაშაულა პროტესტის ძალადობრივად გარდაქმნაში და მომიტინგეებს “ვანდალები” უწოდა, რომლებსაც სურთ ასიამოვნონ ტრამპს. 

საერთაშორისო ლიდერებმა ირანს მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს. ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც პარასკევსაც გაგრძელდა, ათეულობით ქალაქში გაიმართა. 

უცხოეთში ბაზირებული ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორი ჯგუფის ინფორმაციით, სულ მცირე 50 მომიტინგეა დაღუპული.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა  განაცხადა, რომ გაერო შეშფოთებულია მსხვერპლის გამო. „ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება, ხოლო მთავრობებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაიცვან ეს უფლება“ — აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: 

„ირანის ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე და მან უნდა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება რეპრესიების შიშის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ  სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში რამდენიმე ასეული ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლის ფასად მოვიდა და ის უკან არ დაიხევს მათ წინაშე, ვინც ამას უარყოფს“. 

მოგვიანებით, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ხამენეიმ გაიმეორა, რომ ირანი „არ მოერიდება დესტრუქციულ ელემენტებთან გამკლავებას“.

ამის საპირისპიროდ, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, პარასკევის პროტესტს „დიდებული“ უწოდა და ირანელებს მოუწოდა, შაბათ-კვირას კვლავ გამართონ საპროტესტო აქციები. 

 „ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა აღარ არის. მიზანი ქალაქის ცენტრების აღებისა და შენარჩუნებისთვის მომზადებაა,“ — განაცხადა აშშ-ში მყოფმა ფეჰლევმა ვიდეომიმართვაში. 

მან, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ოპოზიციონერმა ფიგურამ, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დასაბრუნებლად ემზადება.

ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ირანში, სერ საიმონ გასმა, BBC -თან საუბარში განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლაზე საუბრისას „მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ“. მისი თქმით, ირანის შიგნით ორგანიზებული ოპოზიციის არარსებობა ნიშნავს, რომ ხალხს არ ჰყავს ვინმე, ვის გარშემოც გაერთიანდება, როგორც არსებული რეჟიმის ალტერნატივა. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს პროტესტი განსხვავდება წინა შემთხვევებისგან, ეს „გაცილებით ფართო მოძრაობაა“, რადგან ეკონომიკური კატასტროფის გამო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არსებობა  „თითქმის შეუძლებელი“ გახდა.

თეთრ სახლში პარასკევს გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. 

„ირანი მძიმე დღეშია.  ჩემთვის ასე ჩანს, რომ ხალხი იკავებს გარკვეულ ქალაქებს, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის ყველასთვის შეუძლებელი ჩანდა. ჩვენ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მე ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთე, რომ თუკი  ისინი დაიწყებენ ხალხის ხოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერევით. ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ“, – განაცხადა ტრამპმა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი