ირანის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს – ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტია ირანში ბოლო წლების განმავლობაში.
BBC -ის სპარსული სამსახურის ცნობით, 8 იანვრის საღამოს თეირანსა და ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებს არ დაუშლიათ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვის შესახებ.
„ალბათ სასიამოვნოა, როცა ევროპიდან პოსტავ და შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო ინტერნეტი, რათა საჯაროდ გამოხატო უკმაყოფილება ლიდერების მიმართ ისე, რომ არ დაგაპატიმრონ, არ გცემონ ან ქვეყანაში ინტერნეტი არ გათიშონ. სწორედ ამას ითხოვს ხალხი ირანის ქუჩებში…“,- ასე გამოეხმაურა ირანში მიმდინარე პროცესებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს, 9 იანვარს.
ბიბისის გადამოწმებულ კადრებში ისმის, როგორ ითხოვენ მომიტინგეები ირანის ლიდერის, აიათოლა ალ ხამენეის გადადგომას და ემიგრაციაში მყოფი რეზა ფეჰლევის დაბრუნებას. ფეჰლევი გარდაცვლილი შაჰის ვაჟია, რომელმაც თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
პროტესტი, რომელიც თავდაპირველად ირანული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, მე-12 დღეა გრძელდება. უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, პროტესტი ირანის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
აშშ-ში არსებული ირანის ადამიანის უფლებადამცველების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 34 მომიტინგე (მათ შორის 5 ბავშვი) და უსაფრთხოების სამსახურის 8 თანამშრომელი, ხოლო 2270 მომიტინგე დაკავებულია.
ნორვეგიაში არსებული ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებები“ კი აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 45 მომიტინგე მოკლეს, მათ შორის 8 ბავშვი. BBC -ის სპარსულმა სამსახურმა დაადასტურა 22 ადამიანის გარდაცვალება და ვინაობა. ირანის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ცნობას 6 თანამშრომლის დაღუპვაზე.
8 იანვარს ირანში მასობრივი დემონსტრაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რეზა ფეჰლევიმ ვაშინგტონიდან ირანელებს მოუწოდა პროტესტისკენ:
„გადით ქუჩებში და ერთიანი ფრონტით დააყენეთ თქვენი მოთხოვნები“, – წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე.
ბიბისის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია ცდილობს გუშინდელი აქციის მასშტაბზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს აქცია ნაკლებ მასშტაბური იყო, ზოგ შემთხვევაში კი ცარიელი ქუჩების კადრებს აჩვენებს.
გავრცელებულ ვიდეოებში ისმის ხმა: “სიკვდილი დიქტატორს”.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო ჩარევით დაემუქრა ირანს იმ შემთხვევაში, თუ ირანის ხელისუფლება გააგრძელებს მომიტინგეებზე სროლას და მათ დახოცვას.
პროტესტი თეორანში 28 დეკემბერს დაიწყო, რომელიც ირანული ვალუტის გაუფასურებას მოჰყვა – ინფლაციამ ქვეყანაში 40%-ს მიაღწია. მალე აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ და მოთხოვნები პოლიტიკური გახდა.








