საზოგადოება

როგორ დასრულდა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა

29 დეკემბერი, 2025 •
როგორ დასრულდა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა

28 დეკემბერს აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარა-ლაგოში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან „სამშვიდობო პაკეტის“ ფარგლებში რიგი დოკუმენტების შეთანხმება დაასრულეს.

ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები.

„20-პუნქტიანი [სამშვიდობო] გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები — 100%-ით, უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი უსაფრთხოების გარანტიები კი თითქმის შეთანხმებულია, ამასთან, [ამ გარანტიების] სამხედრო განზომილება შეთანხმებულია 100%-ით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს დოკუმენტები, რომლებზეც მუშაობა კვლავ გრძელდება.

„უკრაინის კეთილდღეობის გეგმა ამჟამად დასრულების პროცესშია, ასევე ახლა განვიხილავთ მოქმედებების თანმიმდევრობას“, — განაცხადა ზელენსკიმ.,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად მიიჩნევს.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უსაფრთხოების გარანტიები იქნება საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, — განაცხადა მან.

ამასთან, ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

„შევთანხმდით, რომ გუნდები უახლოეს კვირებში შეხვდებიან ერთმანეთს, პრეზიდენტი ტრამპი კი დაგვთანხმდა, მიგვიღოს იანვარში, სავარაუდოდ, ვაშინგტონში“, — განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გადაუჭრელი რჩება დონბასის საკითხი. ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები დონბასის საკითხზე „შეთანხმებას მიუახლოვდნენ“.

„ეს საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის, მაგრამ ჩვენ მას მნიშვნელოვნად მივუახლოვდით. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას გადავჭრით“, — განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რუსების პოზიციით უკრაინამ დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორია უნდა დათმოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს არის ის, რაც მათ სურთ. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება“.

„ვფიქრობ, ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების საკითხი „უახლოესი თვეების განმავლობაში“ გადაწყდება.

თავის მხრივ, ზელენსკიმაც დონბასის საკითხს „ძალიან რთული“ უწოდა.

„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ტერიტორიას… ამ საკითხში ჩვენ და რუსებს აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს… როდესაც რეფერენდუმზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი გასაღები… არსებობს პარლამენტში კენჭისყრის ან რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, 24 დეკემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა პარლამენტში რატიფიცირებისთვის გაიტანოს ან საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარონ. ასევე, შესაძლოა გადაწყდეს ქვეყანაში არჩევნების გამართვა რეფერენდუმთან ერთად. ზელენსკის თქმით, რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 60 დღე და ამ პერიოდში, ცეცხლის სრული შეწყვეტა.

თუმცა 28 დეკემბერს, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში უკრაინაში შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ტრამპი პუტინს ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე ესაუბრა.

ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დათანხმდა თუ არა ეს უკანასკნელი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში რეფერენდუმის მიმდინარეობისას.

„არა, ცეცხლის შეწყვეტაზე არა… პუტინს არ სურს აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც ის შეწყვეტს ცეცხლს, შემდეგ კი მისი ხელახლა დაწყება მოუწევს. მე ეს მესმის. მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავალს ვიპოვით“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს პუტინი და ტრამპი დაეთანხმნენ იმას, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა „რეფერენდუმის საბაბით“ მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებას იწვევს.

ამასთან, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთი უკრაინის აღდგენაში „დაეხმარება“. მისი თქმით, რუსეთს „სურს უკრაინის წარმატება, თუმცა ეს უცნაურად ჟღერს“.

„ცუდმა ადამიანებმა ბევრი რამ მოიგონეს, რამაც საშუალება არ მოგვცა, რუსეთთან შევთანხმებულიყავით, რუსეთს კი — ჩვენთან“, – განაცხადა ტრამპმა.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ მათ ვიდეოკონფერენცია ჰქონდათ ევროპელ ლიდერებთან. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ პუტინს დაურეკავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი