“2025 – მომაკვდინებელი წელი ჟურნალისტებისთვის: სადამდე მივყავართ სიძულვილს და დაუსჯელობას”- ასე ჰქვია RSF-ს [რეპორტიორები საზღვრებს გარეშე] ანგარიშს, რომელიც 9 დეკემბერს გამოქვეყნდა და 2024 წლის პირველი დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე მედიის მდგომარეობას ასახავს მსოფლიოში.
ანგარიშში წელს პირველად მოხვდა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც დაპატიმრებული ჟურნალისტები ჰყავს.
“ქართველი ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც 2025 წლის იანვარში აშკარად უსაფუძვლო და არაპროპორციული ბრალდებებით დააკავეს, 2025 წლის 6 აგვისტოს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მრავალი პროცედურული დარღვევით მიმდინარე უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ.
ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს. ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტორიტარიზმისკენ სერიოზული გადახრის ნიშანია”, – წერს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
RSF-ის 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში მიმოიხილავს ჟურნალისტთა უფლებრივ მდგომარეობას მსოფლიოში, მკვლელობებსა და დაპატიმრებებს პროფესიული მოვალეობის გამო.
2025 წელს მსოფლიოში 67 ჟურნალისტი მოკლეს, ამჟამად 503 ჟურნალისტია დაკავებული. “რეპორტიორი საზღვრების გარეშეს” მონაცემებით, ჩინეთი “კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხედ ჟურნალისტებისთვის” 121 დაკავებული ჟურნალისტით, რუსეთი კი მეორე ადგილზეა 48 დატყვევებული ჟურნალისტით, რომელთაგან ნახევარი უკრაინელია.
“მდგომარეობა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, ცხადყოფს სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც პრესის თავისუფლებას ემუქრება ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში. საქართველოში მთავრობის მზარდ ავტორიტარულ მეთოდებს მოჰყვა იანვარში მქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება. აზერბაიჯანში ამჟამად 25 ჟურნალისტი იმყოფება გისოსებს მიღმა. რუსეთი ახლა მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით. 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 48 მედიაპროფესიონალია დაპატიმრებული რუსეთში, რომელთაგან 26 უკრაინელია”, – წერს “რეპორტიორი საზღვრებს გარეშე”.
ჟურნალისტთა მკვლელობები ანგარიშის თანახმად:
- გასულ წელს მოკლული 67 მედიაპროფესიონალიდან სულ მცირე 53 ომის ან კრიმინალური ქსელების მსხვერპლია. მათგან 3 ქალია.
- გასული 12 თვის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების თითქმის ნახევარი (43%) ღაზაში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლა. 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელის არმიამ, ჯამში, 220-მდე ჟურნალისტი მოკლა, რომელთაგან სულ მცირე 65 სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
- უკრაინაში რუსული არმია აგრძელებს როგორც უცხოელი, ისე უკრაინელი რეპორტიორების მიზანში ამოღებას.
- სუდანი ასევე იქცა განსაკუთრებულად სასიკვდილო ზონად ახალი ამბების პროფესიონალებისთვის. აქ ოთხი ჟურნალისტი მუშაობის პროცესში მოკლეს.
- 2025 წელს მექსიკაში ჟურნალისტთა მკვლელობების საგანგაშო ზრდაზე პასუხისმგებლები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არიან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო. მექსიკა მსოფლიოში მეორე ყველაზე საშიში ქვეყანაა ჟურნალისტებისთვის, სადაც ცხრა მედიაპროფესიონალი მოკლეს.
- ეს ტენდენცია გავრცელდა ლათინურ ამერიკაში, რომელზეც მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების 24% მოდის.
დაკავებული ჟურნალისტები: მსოფლიოს უდიდესი ციხეები
ამჟამად მსოფლიოში 503 ჟურნალისტია დაკავებული.
- ჩინეთი: კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხედ ჟურნალისტებისთვის (121 დაკავებული). სი ძინპინის რეჟიმის პირობებში დაკავებულია 113 ჟურნალისტი, ხოლო ჰონგ-კონგში — 8.
- რუსეთი: მეორე ადგილზეა (48 დაკავებული). ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი აპატიმრებს ყველაზე მეტ უცხოელ ჟურნალისტს (26 უკრაინელს), ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.
- მიანმარი: მესამე ადგილზეა (47 დაკავებული).
- ისრაელი: რუსეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი ჰყავს დაპატიმრებული (20 პალესტინელი ჟურნალისტი).
სიტუაცია ყოფილ საბჭოთა ბლოკში და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, ცხადყოფს პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ სერიოზულ საფრთხეებს ყოფილი საბჭოთა ბლოკის მასშტაბით.
„საქართველოში მთავრობის შეუპოვარმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია“.
აზერბაიჯანში ამჟამად გისოსებს მიღმა 25 ჟურნალისტი იმყოფება.
დაკარგული და მძევლად აყვანილი ჟურნალისტები
- მსოფლიოში ამჟამად 135 ჟურნალისტი ითვლება დაკარგულად 37 ქვეყანაში.
- სირია დაკარგული ჟურნალისტების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (37) გამოირჩევა, რომელზეც მსოფლიო საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი მოდის. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემიდან ერთი წლის შემდეგაც კი, ბევრი რეპორტიორი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
- დაკარგული ჟურნალისტების 72% ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაზე (ძირითადად სირია, ერაყი და მექსიკა) მოდის.
მძევლები
მსოფლიოში მძევლად 20 ჟურნალისტია აყვანილი.
„აი, სადამდე მივყავართ ჟურნალისტებისადმი სიძულვილს. ამ სიძულვილმა წელს 67 ჟურნალისტის სიკვდილი გამოიწვია — ისინი არ ყოფილან უბედური შემთხვევების მსხვერპლნი. ისინი მოკლეს, მიზანში ამოიღეს მათი საქმიანობის გამო.
მედიის კრიტიკა სავსებით ლეგიტიმურია, თუმცა ის უნდა ემსახურებოდეს ცვლილებებს, რომლებმაც პრესის თავისუფლება უნდა გადაარჩინოს და არ უნდა გადაიზარდოს სიძულვილში”, – აცხადებს “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” გენერალური დირექტორი.








