საზოგადოება

ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს — მისი სიტყვა სასამართლოში სრულად

1 დეკემბერი, 2025 •
ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს — მისი სიტყვა სასამართლოში სრულად

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. ამას პროკურატურა ითხოვდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას, რაც გულისხმობდა ელისაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას.

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია ტერორიზმში. მას ედავებიან 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. […] გადაწყვიტა, რომ განეხორციელებინა ტერორისტული აქტი, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით, ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინა სასამართლოს ინფრასტრუქტურა“, — განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმა:

„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა. რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, ძალადობისთვის, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. ტყუილუბრალოდ ციხეში ყრით ადამიანებს. ვინმეს მოკვლის სურვილი რომ მქონოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა. საკმაოდ კარგად ვფლობ იარაღს.

აღტაცებული ვარ პირველი მანდატურის საქციელით, მისი გამბედაობით. პატარა, ჩია კაცი იყო, რომ დამადგა თავზე, გაწუწნული კანფეტივით, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე კიდეც. მინდოდა, რომ მისთვის თავი დამეღწია. ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ ჩამაფრინდა. ძველებურად მაგას სიჩაუქეს ეძახდნენ. მოულოდნელია ამის თქმა ჩემგან, მაგრამ ჯერ ადამიანი ვარ, კაცი ვარ და მერე „ტერორისტი“.

უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მე იქ არავის ვერჩოდი, დილაუთენია მივედი. ჩემს ცოლს და ოჯახს ვუთხარი, სათევზაოდ მივდიოდი. თუმცა არ მიყვარს თევზაობა. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე. გეგმა მქონდა, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა უსამართლობის მიმართ. იმიტომ, რომ ვეღარ ვიტევ! ვეღარ ვიტევ, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს, ქალს, კაცს. ვხედავ პოლიციელებს, სიამოვნება რომ აწერიათ სახეზე სისხლის დანახვისას. ამის წინააღმდეგ მქონდა პროტესტი. ვადასტურებ ფაქტს, მაგრამ არანაირი დანაშაული მე არ ჩამიდენია.

არასოდეს არავის სახლში და შენობაში არ შევჭრილვარ. არასოდეს ფანჯრები არ ჩამიმტვრევია. გამოუცდელობაც იყო. ერთი საათი წაიღო, სანამ შუშა ჩავამტვრიე. ერთი მომენტი იყო, ღობეზე გადავძვერი, დავჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე, არ გადავიდე. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი.

შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ მეთქვა — ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, ვისაც გვაწუხებს, რაც ხდება.

დაუტენავი იარაღი მქონდა ტანსაცმლის შიგნით. იმიტომ წამოვიღე, რომ ისეთი გზა გამოვიარე, ტურებს შეიძლებოდა შევეჭამე. ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა ძალადობისთვის. ჯაჯგურში ამომივარდა იარაღი, არანაირ გამოყენებას არ ვაპირებდი. ერთმა მანდატურმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, მაგრამ არც მას ვამტყუნებ. თავის საქმეს აკეთებდა და ტერიტორიას იცავდა. ნეტავ, სულ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველდღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.

ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა… ეგეთი ვარ. [აქ ელიკო ელისაშვილს ცოლი ეპასუხება, რომელიც დამსწრეთა პირველ რიგში ზის შვილებთან ერთად, — „ვიცით“.]

ეგ იყო, რაც იყო. [ალეკო ელისაშვილი მთელი თავისი სიტყვის მანძილზე აღელვებული და ემოციური იყო. რამდენჯერმე მოეძალა ცრემლი, რაც ხმაზე ეტყობოდა და სიტყვას უწყვეტდა. ასე მოხდა ამ მომენტშიც] ეს ცრემლი არ არის, მოსამართლევ! ბრაზია და ბოღმა. არ გეგონოთ, რომ სუსტი ვარ!

ირაკლი ბოდიში, [მიმართავს ირაკლი კუპრაძეს, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელიც დარბაზში იჯდა] თუ თვლით, რომ საერთო ბრძოლა დავაზიანე — ბოდიში.

ერთი პოლიციელი მთელი საათი მეკამათებოდა, იმდენი ფული მოგცა ხაზარაძემო, ტონა ფულიო, 9 უღელი ხარ-კამეჩი თვალ-მარგალიტი! ვინც იყო ჩემთან სახლში, ის კი დაიჯერებს,  არავისთვის ერთი თეთრი არ მითხოვია არასდროს ცხოვრებაში. 

ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე. ცეცხლი ძალადობას”, — ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ალეკო ელისაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, სხდომა დაიხურა და ყველას დარბაზის დატოვება მოგვთხოვეს, ალეკო ელისაშვილს ერთ-ერთმა შვილმა დაუძახა — „მამა, ვამაყობთ შენით!“

პროკურატურის მონათხრობით, ნიღბით დაფარული სახით მივიდა ელისაშვილი სასამართლოსთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამტვრია კანცელარიის მინა, აალებადი ნივთიერება დაასხა შიდა სივრცეში ბოთლებიდან და სცადა ხანძრის გაჩენა. ამ დროს წაასწრეს მანდატურის თანამშრომლებმა. ერთ-ერთის დანახვისთანავე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას, რა დროსაც სამი მანდატური აკავებდა. საბოლოოდ კი მოხერხდა მისი განეიტრალება.

ალეკო ელისაშვილი და მისი ადვოკატი ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ დაცვის მხარის ინტერპრეტაცია მომხდარის შესახებ პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულია.

„ტერორისტული აქტი მოითხოვს სპეციალურ განზრახვას, მოსახლეობის დაშინებას, დესტაბილიზაციას. ალეკო ელისაშვილმა განზრახ აირჩია შაბათი დღე და დილის საათები, რაც მიუთითებს, რომ მისი მიზანი იყო ადამიანების დაზიანებების თავიდან აცილება. მას აქვს იარაღის ტარების, გამოყენების უფლება. შეეძლო, რომ გამოეყენებინა იარაღი. მან არჩია მანდატურების ჯანმრთელობის დაცვა. ის ცდილობდა მანდატურის თანამშრომლების მოგერიებას მხოლოდ ხელებით. მან დანაშაულიდან ხელი აიღო, რადგან ამის განზრახვა რომ ჰქონოდა, ის უიარაღო მანდატურებსაც გაუმკლავდებოდა.

მისი ქმედება იყო პროტესტის გამოხატულება და სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. […] გამოძიება დაიწყო სხვა მუხლით [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით. სასჯელის ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას] და ეს იყო შედარებით ადეკვატური. კვალიფიკაციის შეცვლა ბრალის წარდგენამდე ნახევარი საათით ადრე, შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ოპონენტის მაქსიმალურად დასჯის სურვილად. წინა მუხლი სრულად ფარავდა ყველა ფაქტობრივ გარემოებას“, — აღნიშნა სხდომაზე გიორგი რეხვიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი