„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, – ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშს „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან“ (CMIS) პარტნიორობით აქვეყნებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
RSF გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავტორიტარული უკუსვლა.
ანგარიში საუბარია ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ჟურნალისტებზე და აღნიშნულია, რომ ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება.
„შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, “TV პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე, დააკავეს პროტესტის გაშუქების შემდეგ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
RSF-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა
2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე – რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჟან კაველიეს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და სამართლებრივი დევნა, გამოიძიოს დანაშაულები და დაუყოვნებლივ აღადგინოს შეჩერებული აკრედიტაციები. საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება, მაშინ როცა ფეხქვეშ თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და პლურალიზმს“, – აცხადებს ჟან კაველიე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი საქართველოს დედაქალაქზე – თბილისზე – მოდის.
„რაც განპირობებულია აქ დაწესებულებების, ასევე რედაქციებისა და ყოველდღიური დემონსტრაციების კონცენტრაციით, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება რეპრესიები. 2024 წლის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იქნა მიღებული – არ დასჯილან დამნაშავეები; ამ დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 127-ს მიაღწია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს ისე იყენებს, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას.
„ქართულმა მედიასაშუალებებმა დაგმეს ჟურნალისტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმების სისტემატური გამოყენება, როცა ისინი პროტესტის ადგილებზე მხოლოდ გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს ახლად გამკაცრებული ნორმა, „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ, რათა ჟურნალისტები პროტესტის ადგილებიდან გაეძევებინათ – რაც უძლურების განცდას ქმნის. დარღვევებზე პასუხისმგებლები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცველები არიან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით მაღალია და არსებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი.
„თვალში საცემია TV პირველის წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს. საპროტესტო აქციებზე გადამღებ ჯგუფებს პოლიცია ხშირად ხელს უშლიდა, ზღუდავდა მათ შესაძლებლობას კამერები ჩართულიყო ან განეთავსებინათ ისინი შემაღლებულ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის მოქმედებების დაფიქსირება“, – ნათქვამია ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ონლაინ მედიასაშუალებები – „პუბლიკა“, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული, და „ბათუმელები“, რომლის თანადამფუძნებელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის არიან.
„ფისკალური და ადმინისტრაციული შემოწმებები, პოლიციის ზეწოლა ჟურნალისტებზე და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები… „ბათუმელები“, რომლის რედაქციაც ბათუმში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მზია ამაღლობელი კვლავ უკანონოდ არის დაკავებული უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო მისი ორწლიანი სასჯელის გასაჩივრება, 2025 წლის 18 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს კი შიშს იწვევს მედიის წარმომადგენლებს შორის, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის მზარდი გამოყენების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ დღეს უცხოელი ჟურნალისტებიც სამიზნენი არიან.
„ფრანგ-გერმანელმა ფრილანსერმა რეპორტიორმა, მაქსიმ ჰანაკმა, „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ განუცხადა, რომ ბოლო დროს პოლიცია მას ავიწროებდა, უთვალთვალებდა და ხელს უშლიდა გადაღებაში – ახალი ფენომენი, რომელიც დაშინების ტაქტიკის მზარდ გავრცელებაზე მიუთითებს. გახშირდა უცხოელი რეპორტიორებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები, რაც დემოკრატიული რეგრესის დოკუმენტირებას უშლის ხელს“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია საქართველოში მედიის მიზანმიმართულ მოგუდვაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული.
„2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს. ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა, დევნის იმ ჟურნალისტებს რომლებიც, მათი აზრით, არ ეთანხმებიან მაუწყებლის ღირებულებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობის და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიამ აღნიშნა გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა; ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” დისკრედიტაციითა და ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. საქართველო „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა“, – ნათქვამია ანგარიშში.








