შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ ის იყო იმ დელეგაციის წევრი, რომელიც ბრიუსელში უნდა გამგზავრებულიყო და “ოცნების” მთავრობის სახელით ევროკავშირთან გაემართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხების ირგვლივ.
აღნიშნული დიალოგი ჩაიშალა.
როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის პრესსპიკერმა განუცხადა, ჩაშლის მიზეზია ქართული მხარის მიერ შექმნილი “დამაბრკოლებელი გარემოებები”. მედიაში გავრცელებული ცნობებით, “ოცნება” ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძვლით სანქცირებული პირის ჩასმას ცდილობდა ბრიუსელში გასამგზავრებელ დელეგაციაში, რაც ევროკავშირმა გააპროტესტა. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირი ალექსანდრე დარახველიძეა.
დღეს, 19 ნოემბერს, ჟურნალისტების არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, დარახველიძემ არ გასცა პირდაპირი პასუხი, მოიაზრებოდა თუ არა ზემოხსენებულ დელეგაციაში, თუმცა ეს ცნობა არ უარუყვია.
დარახველიძის განმარტებით, ევროკავშირმა ქართულ მხარეს მიაწოდა საკითხების ჩამონათვალი, რაზეც სურდა პასუხების მიღება, ხოლო თბილისმა დელეგაცია განსაზღვრა იმის მიხედვით, ვის შეეძლო დასახელებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
“სამწუხაროდ, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა. შესაბამისად, გადიდო ეს დიალოგი”, – აცხადებს დარახველიძე.
მისი თქმით, ოფიციალურად მათთვის არავის უთქვამს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ჩასმის გამო გადაიდო შეხვედრა. დარახველიძე იქვე ხაზს უსვამს, რომ უშუალოდ ევროკავშირს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ ჰყავს დასანქცირებული. აღსანიშნავია, რომ დარახველიძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ჰყავს დასანქცირებული.
“გაუგებარია, რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს დარახველიძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში იყო დაგეგმილი, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
ამავე თემაზე
EU ადასტურებს, რომ ქართულ მხარესთან ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო







