ევროკავშირი ადასტურებს, რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში ადამიანის უფლებების საკითხზე ქართულ მხარესთან დაგეგმილი დიალოგის შეხვედრა, გადაიდო.
როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განუცხადა, შეხვედრა გადადებულია “ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო”.
“ამ ეტაპზე დიალოგი გადაიდო ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო. ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ შეხვედრა ამ კუთხით, რათა წარმოვაჩინოთ ევროკავშირის პოზიცია ადამიანის უფლებებზე”, – მისწერა ნეტგაზეთს ანიტა ჰიპერმა.
როგორც ირკვევა, შეხვედრა განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული.
მანამდე გამოცემა “რეალპოლიტიკამ” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა “ოცნების” ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.
ნეტგაზეთმა ამ საკითხზე კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო უწყებასაც, საიდანაც ჯერ პასუხი არ მიგვიღია.








