საზოგადოება

ფატი მასწავლებელი და უმაღლესი განათლების ქართული პოლიტიკა

18 ნოემბერი, 2010 •
ფატი მასწავლებელი და უმაღლესი განათლების ქართული პოლიტიკა

უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩემი საქართველოს ისტორიის მასწავლებლის სწავლების მეთოდებს. ძალიან მკაცრი იყო. მაგიდას ხელს რომ დააბრახუნებდა, მთელს სართულს ესმოდა. სწავლების (თუ კლასზე კონტროლის შენარჩუნების) ხერხი – მარტივი: მთელი გაკვეთილი გამოკითხვაზე მიდიოდა. სასწავლო მასალა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები და ივ.ჯავახიშვილის თორმეტტომიანი თხზულებები. ეს მეათე კლასში. მისი ახსნილი გაკვეთილი არ მახსენდება. ეჭვი მაქვს, საქართველოს ისტორია ჩვენი ჩაბარებული გაკვეთილებიდან ისწავლა. მეთოდის რეზიუმე: მინიმალური ინვესტირება და მაქსიმალური კონტროლი. მაგრამ, განსხვავებით ჩვენი აბიტურიეტებისა და უნივერსიტეტებისადმი მთავრობის დამოკიდებულებისგან, ის მაინც ვიცოდით, რომ ამაზე მეტს არ მოგვთხოვდა. მეტი წიგნი საქართველოს ისტროიაზე ან არ იყო, ან მათი არსებობის შესახებ არ იცოდა, ან – დაგვინდო. უფრო – დაგვინდო.

როგორ დავახასიათებდი ერთი სიტყვით 1. მინიმალური ინვეტირების, 2.გადაჭარბებული კონტროლისა და 3. მოულდენელობებით სავსე პოლიტიკის პირობებში განვითარებული უმაღლესი განათლების სისტემის მომავალს? უსახური.

ინვესტირებით დავიწყოთ. სისტემას, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზეა, სჭირდება ფული. ფული კი ცოტაა. არა, ფული ყოველთვის ცოტაა. ამაზე ისეთი ქვეყნების უნივერსიტეტები წუწუნებენ… მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ფული მართლა ძალიან ცოტაა. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მთლიანი შემოსავლის 75% შემოდის სტუდენტების გადასახადებიდან და აქედან მხოლოდ მეხუთედს აფინანსებს სახელმწიფო. დაახლოებით 25 % (უმნიშვნელო თვითგენერირებული შემოსავლების გამოკლებით) შედის სახელმწიფო დაფინანსების სხვა წყაროებიდან (ე.წ. საბაზო დაფინანსება, სამეცნიერო გრანტები, ინფრასტრუქტურის განვითარების გრანტები). კერძო სექტორისთვის დაფინანსების თითქმის ერთადერთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) წყაროს სტუდენტების გადასახადი წარმოადგენს და აქედან სახელმწიფოდან სტუდენტის გავლით შესული თანხის წილი მთლიანის 12%-ია. ეს მონაცემები ორი წლის განმავლობაში ვაგროვე, ვამოწმე, რამდენიმე წყარო ერთმანეთს ვადარე და ვითვალე. მგონი, სანდო უნდა იყოს. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ქვეყნის მიერ უმაღლეს განათლებაში ინვესტირება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-ზე ნაკლები იყო. შევადაროთ სხვა რამდენიმე მსგავსი საბჭოთა თუ კომუნისტური წარსულის მქონე წარმატებულ თუ ნაკლებადწარმატებულ ქვეყანას: ესტონეთი: 0.9%, ლიტვა: 1.4%, ყაზახეთი: 0.7%, რუმინეთი: 1.2%, უნგრეთი: 1.1% (იუნესკო, 2008).

ახლა გადავიდეთ კონტროლის თემაზე. აქ ორ საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. პირველი სტუდენტების რაოდენობას, მეორე – უნივერსიტეტების მმართველობას ეხება.  ორივე მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან თანამდებობრივი ძალაუფლების გადაჭარბებულ გამოყენებასთან გვაქვს საქმე. აქვე მინდა დავძინო, რომ გამომდინარე იქედან, რომ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და არა მოდელირებულში, ზოგჯერ დასაშვებად მიმაჩნია ცალკეული პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება.“ზოგჯერ” ძალიან ბუნდოვანი სიტყვაა და ამიტომ დავაზუსტებ – ზოგჯერ, ანუ ძალიან იშვიათად. მაგრამ ერთხელ გამოყენებას, მოყვება მეორე, მეორეს – მესამე და ასე მივდივართ იმ მდგომარეობამდე, როცა ერთ დღეს ექვსი რექტორი წერს განცხადებას და ტოვებს პოსტს.

დავიწყოთ სტუდენტების რაოდენობით. სტუდენტების რაოდენობაზე კონტროლი ორი გზით ხორციელდება – აკრედიტაციის პირობებით და ერთიანი ეროვნული გამოცდდებით. ასე იყო რეფორმის პირველ ეტაპზე. “ხის ძირში გახსნილი უნივერსიტეტები” კარგად აღწერს აკრედიტაციამდე არსებულ მდგომარეობას.  ამიტომ სამინისტრომ შემოიღო რაღაც ნორმატივები; შემდეგ ზომეს, თვალეს და გამოვიდა 240 მინუს 220 და მერე კიდევ უფრო ნაკლები, მერე ცოტა მეტი და 2008 წლისთვის სადღაც 4 ათეულ უნივერსიტეტზე და 70,000 სტუდენტზე გავედით. აკრედიტაციის გავლის შემდეგ შემცირებული ადგილების ისევ გასაზრდელად, უნივერსტეტებმა რაღაც პირობები გააუმჯობესეს და გაზარდეს მისაღები ადგილები. ზოგმაც აკრედიტაცია აღიდგინა. შედეგად, გაიზარდა მისაღები ადგილების რაოდენობაც.

ამ დროს, მინდორზე შემოიყვანეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტების რაოდენობის კონტროლის მეორე მექანიზმი. თავის დროზე ერთიანი ეროვნული გამოცდები მართლაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მანამდე არსებულ ფულით, ნატურით თუ ბარტერით (და იშვიათ შემთხვევაში, ცოდნით) გასავლელ მისაღებ პროცესთან შედარებით. მაგრამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს უმაღლესში მიღების მოთხოვნები და 2010 წელს აბიტურიენტებისთვის მეოთხე გამოცდის ჩაბარება გახდა სავალდებულო (მანამდე გამოცდას მეოთხე გამოცდას ყველა უნივერსიტეტი არ ითხოვდა). ასე დარჩა წელს გარეთ 5 თუ 6 ათასი სტუდენტი. აქ სიზუსტეს ვერ დავიჩემებ. სხვათაშორის, საქართველოში ყოველწლიურად სულ მცირე 20 ათასი ბავშვი ისედაც რჩება ყველანაირი შემდგომი ფორმალური განათლების გარეშე (როგორც საუნივერსიტეტო, ისე სახელობო). მაგრამ ეს სხვა ამბავია.

რა ხდება უნივერსიტეტში ასეთი “ნედაბორის” დროს? იმ წელს ქამარს უჭერენ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლის 75% სტუდენტების გადასახადებიდან შედის. და მომავალი წლებისთვის იციან, რომ წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმონ. როცა შემოსავლების პროგნოზირების დროს, შემოდის დიდი ცვლადი, რომელსაც “სახელმწიფოს გაუთვალისწინებელი ინიციატივები” ჰქვია და რომლის ზომის და ეფექტის გავლენა ძალიან რთული შესაფასებელია, უნივერსიტეტისთვის ბიუჯეტის და, შესაბამისად, მომავალი მოქმედების დაგეგმვა ძალიან რთულდება. ანუ, უმაღლესი განათლების სისტემაში, სადაც უნივერსიტეტისთვის დაფინანსების ყველაზე დიდი წყარო სტუდენტია და სტუდენტების რაოდენობას სახელმწიფო ათამაშებს და თან ეს ხშირად და მოულოდნელად ხდება, უნივერსიტეტი ვერ ახერვებს იმის გათვლას, რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი მომავალ წელს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის შემოვიტოვე. ეს უნივერსიტეტების რექტორების გახშირებულ მოხსნა-დანიშვნას ეხება. თავიდან დავიწყებ. 2005 წელს უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებით, ერთგულება გამოვუცადეთ ინსტიტუციურ ავტონომიას უმაღლესი განათლების სფეროში. ვთქვით, რომ უნივერსიტეტებს მართავენ არჩეული რექტორები და მათი ამომრჩეველი და თავადაც არჩეული აკადემიური საბჭოები, კიდევ კანცლერები, წარმომადგენლობითი საბჭოები და მისთანები და არა სამინისტროები, გუბერნატორები და მისთანები. მაგრამ საქართველოში უნივერსიტეტების მმართველობები და მათთან ერთად უნივერსიტეტები ისე ირხევიან პოლიტიკური კონიუნქტურისადა მიხედვით, როგორც ლერწამი ქარში. სექტემბერში 6 რექტორი მოხსნეს, უფრო სწორად, ექვსმა რექტორმა დატოვა პოსტი. ახლა სამი მიაყოლეს. ყველაზე საინტერესო მაინც ბათუმის უნივერსიტეტის შემთხვევაა. აქ 2004 წლიდან 2010 წლამდე 5 რექტორი გამოიცვალეს. რექტორთან ერთად იცვლება მართვის და ურთიერთობის კულტურა და მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. თუ უნივერსიტეტში მუშაობთ, მიხვდებით, რომ მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ სხვა ალტერნატივების მქონე ადამიანმა სხვაგან ეძებო ის ადგილი, რომელსაც გრძელვადიან პროფესიულ გეგმებს დაუკავშირებ. კარგი უნივერსიტეტი კი, უპირველეს ყოვლისა, კარგი კადრებით იწყება.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ უნივერსიტეტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოში ჯერ კიდევ სასურველ მომავლად რჩება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დამანახა, რომ ამ მომავალს დიდხანს უნდა ველოდოთ. მეტი რესურსების იმედი დიდი ხანია დავკარგეთ.ასევე გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ექსპერიმენტები სტუდენტების ნაკადის კონტროლზე და მასზე მიბმულ ფინანსურ სტაბილურობაზე. ზუსტად ამდენი ხნით უნდა ველოდოთ იმ სასტარტო წერტილს, რომელსაც საუნივერსიტეტო სისტემის განვითარების დასაწყისი ჰქვია.

 ნათია ანდღულაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი განათლების კვლევასა და პოლიტიკაში.  2007-2009 წლებში იგი ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის კვლევებს

მასალების გადაბეჭდვის წესი