საზოგადოება

სამთავრობო მედიისთვის ხელშეშლის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 •
სამთავრობო მედიისთვის ხელშეშლის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს გირაო შეეფარდა

4 ოქტომბრის აქციის 7 მონაწილეს, რომლებსაც სამთავრობო მედიების გადამღები ჯგუფებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ასამართლებენ, აღკვეთის ღონისძიების სახით ფულადი გირაო შეუფარდეს.

7 მომიტინგეს შეეფარდა 3000-3000- ლარიანი გირაო, ხოლო ერთს, სამოქალაქო აქტივისტსა და ყოფილ ტელეწამყვან ირაკლი წულაიას – 5000 ლარი. წულაია საპატიმროს მაინც ვერ ტოვებს, რადგან მას გზის გადაკვეთის საბაბითაც აქვს შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ბრალდებულები არიან:

  • გიორგი დუშენკო
  • ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია
  • ვახტანგ გაბელაია
  • თამუნა კირთავა
  • მარია ოთინაშვილი
  • ალექსანდრე ცნობილაძე
  • ირაკლი წულაია

ვახგან გაბელაია და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია ცოლ-ქმარია.

ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

მათ ნაწილს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად უთვლიან რეპორტიორის შეურაცხყოფას.

ექვს პირს ბრალი ედება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – რაც პატიმრობას არ ითვალისწინებს, თუმცა წულაიას ასამართლებენ ძალადობის მუქარით ხელის შეშლის ბრალდებით, რაც ჯარიმასთან და სხვა ზომებთან ერთად 2 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი