საზოგადოება

ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

17 ოქტომბერი, 2025 •
ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გიორგი ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ამის შესახებ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“, — განაცხადა გვარაკიძემ.

მისი თქმით, ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი