საზოგადოება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებას

7 ოქტომბერი, 2025 •
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებას

ევროპარლამენტმა 518 ხმით, 96-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებას.

შეჩერების მექანიზმი, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს, ამჟამინდელი სახით 2018 წლიდან მოქმედებს. მექანიზმის რეფორმა ევროკავშირს უმარტივებს უსაფრთხოების უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მისი შესაძლო საფუძვლების გაფართოებით, შესაბამისი ზღვრისა და პროცედურების ადაპტირებით და კომისიის გამკაცრებული მონიტორინგისა და ანგარიშგების ვალდებულებებით.

კერძოდ, შემოდის მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლები:

  • ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია);
  • ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ან „ოქროს პასპორტები“);
  • ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა;
  • გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები;
  • საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

ამავდროულად, ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობა, უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).

რეფორმის თანახმად, ნებართვის გარეშე დარჩენილ ან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენი პირების რაოდენობის „მნიშვნელოვანი“ ზრდის შეფასების ზღვარი 30%-ის ტოლი იქნება. თავშესაფრის მოთხოვნის დაბალი აღიარების მაჩვენებლის გამოსათვლელად კი 20%-იანი ზღვარი დადგინდა. კარგად დასაბუთებულ შემთხვევებში, კომისიას ასევე შეეძლება ამ ზღვრებიდან გადახვევა.

მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების საკითხების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს — თავდაპირველად დროებით, გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, შემდეგ კი, სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ აქტუალურია.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ დროებითი შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია. უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლოა 3 წლით გაგრძელდეს და თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად გაუქმების შესახებ.

ამასთან, კანონი ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, რათა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს იმ მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა დარღვევებზე.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი ამოქმედდება ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების საფუძველზე, კომისიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს მიზანმიმართულ მიდგომას — პირველ რიგში უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს ოფიციალურ პირებს, რათა მთელი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

„ევროპა კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად კონტინენტად როგორც ტურისტების, ასევე საქმიანი მოგზაურების მიერ და, შესაბამისად, ჩვენი სავიზო პოლიტიკა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. მოდერნიზებული შეჩერების მექანიზმით ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეუძლია შეზღუდვები მიმართოს მთავრობის წარმომადგენლების ან სხვა ჯგუფებისკენ. ეს რეფორმირებული მექანიზმი აძლიერებს ჩვენს ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ“, — განაცხადა მომხსენებელმა მატიაჟ ნემეცმა (სოციალ-დემოკრატები, სლოვენია).

ევროპარლამენტის შემდეგ ახალი წესები საბჭომაც უნდა დაამტკიცოს, რაც 17 ნოემბერს იგეგმება. კანონმდებლობა ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ, ე.ი. დეკემბერში.

ამჟამად 61 ქვეყნის — მათ შორის საქართველოს — მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა. დღემდე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში გააუქმა.

ამ თემაზე:

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას

მასალების გადაბეჭდვის წესი