ჯერ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე დაკავებული, მერე ნოემბერ-დეკემბერში „შევსებულ“ ათობით რეჟიმის ტყვესა და სინდისის პატიმარს თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე უკვე 2025 წლის ზაფხულში შეემატნენ: მოქმედი საჯარო მოხელე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი, 37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, 3 არასრულწლოვანი ბავშვის მამა, რომელიც დილიდან სარემონტო სამუშაოებზე იყო და საღამოს რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტს უერთდებოდა.
მინდიას და თორნიკეს ჯგუფურად ძალადობა ბრალდებათ. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე. ბრალდების მტკიცებით, მათი „მსხვერპლი“ ბექა გოცირიძე გახდა — 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი, „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი, რომელსაც „ოცნების“ მოწინააღმდეგე აქტივისტები ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე კალაძის პერსონალურ „ტიტუშკადაც“ და რომელმაც პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, „ფიზიკური ტკივილი განიცადა“.
თორნიკე თოშხუასა და ბექა გოცირიძის სისხლის სამართლის საქმე და ამბავი დაიწყო ასე:
- ბექა გოცირიძე სისტემატურად წერს და აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ღიად გამოხატავს აგრესიასა და მუქარას რუსთაველზე ყოველდღიურად შეკრებილი დემონსტრანტების მიმართ.
- აქციის მონაწილეების თანახმად, 31 ივლისის ღამეს თავადვე მიდის რუსთაველზე, მოზრდილი დანით ჯიბეში. შეურაცხყოფას აყენებს შეკრებილ მოქალაქეებს ზოგადად, მერე კონკრეტულ ადამიანებს, ქალებს და ემუქრება მათ. ამას დაპირისპირება მოჰყვება. ამ დროს უვარდება დანა, რომელსაც აქციის მონაწილეები იღებენ და პოლიციას აბარებენ. გოცირიძეს აქციას განარიდებენ.
- გადის დღეები, ორ კვირაზე მეტი. ბექა გოცირიძე დადის პოლიციაში, ჩივის, ხელს ადებს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს. პარალელურად, საჯაროდ დებს ვიდეოებს, რომ მისი ცემა ვერ მოახერხეს, პირიქით, იქით გაუსწორდა მათ და ეს ყველაფერი არ არის. „შვილს ვფიცავარ, ვერაფერი მიქნეს. ფარჩაკები არიან. ვერც მცემეს. ვაგინე. მალე გაგაძევებთ მანდედან“ — ამბობს ბექა გოცირიძე და ყველა ამ ფრაზის ბოლოს იგინება და იმუქრება.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, 16 აგვისტოს მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას აკავებენ, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით.
- პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, საქმეში არ არსებობს და ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ მას ის არ ჰქონია.
- თორნიკესა და მინდიას მოსამართლე ეკა ბარბაქაძე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში უშვებს და ისინი ოფიციალურად ეწერებიან სინდისის პატიმრების რიგებში. რადგან „არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებაზე/მოწმეებზე ზემოქმედების რისკი“.
6 ოქტომბერს უკვე წინასასამართლო სხდომა შედგა. ამჯერად მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დატოვა თოშხუა და შერვაშიძე პატიმრობაში და მიიჩნია, ყველა საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდეს.
„ბიჭების პატიმრობაში დატოვება ნანახი ფილმია, როცა დეკემბერში დაკავებული ადამიანების სასამართლო გადაწყვეტილებებს ვნახულობდით. იგივე სტანდარტი იქნება აქაც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიჭები არიან პოლიტიკური პატიმრები და მათ მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, – გვეუბნება ომარ ფურცელაძე, მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას ერთ-ერთი ადვოკატი.
20 ოქტომბრიდან თორნიკესა და მინდიას საქმეს ახალი მოსამართლე ეყოლება, რომელიც ამ საქმეს სავარაუდოდ ბოლომდე მიიყვანს და განაჩენს გამოუცხადებს ბიჭებს, რომლებზეც პირველ აგვისტოს რუსთაველზე მყოფები წერდნენ, რომ აქციაზე მისული პროვოკატორი გაანეიტრალეს და სავარაუდოდ, უბედურებაც აარიდეს იქ მყოფებს.
„კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული პირი, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით. ისეთი პრივილეგიებით, რომ თითის გატკაცუნებით შეუძლია მიუთითოს შსს-ს და პროკურატურას, ვინ დაიჭირონ და ვინ არა. გამოვიდეს და მის მიერვე მიცემული ჩვენების საწინააღმდეგო რამ თქვას საჯაროდ. დღემდე დევს საჯარო წყაროებში მისი ვიდეოები, რომ არავის უცემია“, — ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე ბექა გოცირიძეზე, — „6-ჯერ მისცა ჩვენება გამოძიებას, 4 საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტში. ლამის თანამშრომლებზე მეტ დროს ატარებს პოლიციის განყოფილებაში და ფურცელი და კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. […] ის არის შეიარაღებული თავდამსხმელი, პოლიციის კალთას შეფარებული კრიმინალი ორმაგი ცხოვრებით, ფსევდო ძველი ბიჭის და პოლიციის ერთგული მუშაკის.“
ბექა გოცირიძის მხრიდან თავდასხმასა და მუქარაზე პროტესტის მონაწილეები 31 ივლისის ინციდენტამდეც ჰყვებოდნენ და მას შემდეგაც.
„ამათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ, რომ ისინი მოძალადეები არ არიან და არა ის, რომ საპროცესო გაფორმდეს და ბექა გოცირიძემ რამე აპატიოს. კონფლიქტი რომ მოხდა თორნიკე არ უარყოფს. მაგრამ რატომ მოხდა, როგორ მოხდა? “, — თქვა წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დათა კუპრავამ.
წინასასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ დანა, რომლის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავდა პროკურორი ნინო ჟვანია, საქმეში მტკიცებულებად გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ კორნელი კირცხალიაა ის გამომძიებელი, რომელთანაც დანა ინახებოდა. ადვოკატი ომარ ფურცელაძე გვიყვება, რომ ვიდეომასალა, რაც არსებობდა, ნებისმიერ შემთხვევაში გახდიდა შესაძლებელს, დანა იდენტიფიცირებულიყო, როგორც ბექა გოცირიძის შეიარაღება, თუმცა პოლიციას მოუწია, უკან დაეხია, — „ნახეს, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია გვქონდა, ვიდრე შესაძლებელი იყო, ვინმეს მოეპოვებინა. იძულებულები გახდნენ, ბექა გოცირიძეს არ გადაჰყოლოდნენ და კონკრეტული პოლიციელები დაიცვეს შემდგომი პასუხისმგებლობისგან. მოუწიათ მოეტანათ დანა და დაემაგრებინათ საქმეზე.“
„პროკურორი ჩემს შესახებ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მე ვარ კრიმინალი. გადაუსვა ხაზი ჩემს 37 წლის ნაცხოვრებ ცხოვრებას, თითქოს, ვარ სისტემური სახის დამნაშავე, რომლის გონება დაკავებულია იმით, რომ დანაშაულის ჩადენას მივუძღვნა ჩემი თავისუფლება. ქოფი-ფეისთით გადმოტანილი დადგენილებებით და ბრალდებებით არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს სასამართლო. […] გაცილებით მნიშვნელოვანია აქ დამსწრე საზოგადოების ნდობა ჩემდამი. პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ, რომ მათ ნდობას არ ვუღალატო“, — თქვა თორნიკე თოშხუამ სასამართლოში.
თორნიკე თოშხუა დაკავების მომენტიდან 21 დღე შიმშილობდა. შეწყვიტა მოტივით, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებოდა ჯანმრთელი ყოფილიყო.
„თქვენ გამაგრდით, ჩვენ მაგრად ვართ. ბოლომდე! გამარჯვებამდე!“ — ეს იყო თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პასუხი გამამხნევებელ შეძახილებზე, როცა სხდომა დასრულდა, ისინი ბადრაგს გაჰყავდა, მანდატურებმა კი დამსწრეებს დარბაზის დატოვება მოგვთხოვეს.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე და გარემოებები უახლოეს პერიოდში მომხდარ ორ ეპიზოდსაც გაახსენებს ჩვენს მკითხველს:
- როდესაც აქტივისტმა ლევან ჯობავამ იარაღიანი ახალგაზრდა გაანეიტრალა. იარაღის მფლობელი გაათავისუფლეს, გამოძიებას კი კითხვები მასთან ჰქონდა.
- როდესაც 3 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დანით მისული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ღია მხარდამჭერი მალხაზ გიგუაშვილი რეაგირების გარეშე გაარიდა პოლიციამ აქციის მიმდებარე ტერიტორიას. იმავე პირმა კი, უკვე გუშინ, სავარაუდოდ, საკუთარივე ტელეფონით ჩართულ პირდაპირ ეთერშივე დაჭრა ყელის არეში პოლიციელი.








