შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში გამარტული აქციის 5 ორგანიზატორი დააკავა, რომლებსაც 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
4 ოქტომბრის საღამოს და 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
პოლიციამ მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე რუსთაველის გამზირზევე დააკავა, ხოლო პაატა ბურჭულაძე, რომელიც აქციაზე ცუდად გახდა და კლინიკა “ჰელისკორში” გადაიყვანეს, საიდანაც გაწერის შემდეგ პოლიციამ კლინიკაშივე დააკავა.
შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ, აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- აქციის ორგანიზატორების გარდა 4 ოქტომბერს არაერთი დემონსტრანტი დააკავეს აქციაზე, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე ის, თუ რა მუხლით არიან ისინი დაკავებული.
- 4 ოქტომბრის აქციამდე დააკავეს კიდევ ერთი ორგანიზატორი, ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.








