დღეს, 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატები გაიმართა და ასამბლეამ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო დავა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

„ასამბლეა აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიის რღვევის შეჩერება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოსთვის შემაშფოთებელი საკითხია. ამიტომ, იგი მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ETS No. 5) 52-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალებები. ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად,  სახელმწიფოთაშორისი განაცხადებით მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი და ვალდებულება“, — წერია აწ უკვე მიღებულ რეზოლუციაში.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), გუსტავ გოტბერგი (შვედეთი, EPP),  ქრისტოფ ბრიკო (მონაკო, EPP), ფრანკ შვაბე (გერმანია, სოციალისტურ-დემოკრატიული პარტია), პერან მუნი (დიდი ბრიტანეთის დელეგატი PACE-ში), ბარონესა სალ ბრინტონი (ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატები), ალბანა ვოკში (ალბანელი პოლიტიკოსი).

„ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და დაუსაბუთებელ, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გახშირდა. ამ ფონზე ასამბლეა ღრმად ნანობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ასამბლეასთან დიალოგის ნებისმიერი ფორმის უარყოფას და „კანონის მეშვეობით დემოკრატიის ევროპულ კომისიასთან“ (ვენეციის კომისია) თანამშრომლობაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მომზადებაში.

ამ ფონზე ასამბლეა ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მიერ ასამბლეასთან დიალოგის ნებისმიერი ფორმის უარყოფას და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მომზადებაში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრეთვე გმობს ფაქტს, რომ არ იქნა გათვალისწინებული მისი მოწოდება  ინკლუზიური პროცესის დაწყების შესახებ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ ახლა საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საჯარო სამსახურის არსებობაც კი.

„ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ამ მხრივ,  გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას გამოგონილი ბრალდებებით. ასეთი დევნა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

წაიკითხეთ ვრცლად რეზოლუციის პროექტის შესახებ ბმულზე.