„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში შეძახილები, ჩხუბი და მანდატურების მხრიდან სხდომაზე დამსწრეებზე ძალადობა მოჰყვა.
სასამართლოში გელა ხასაიამ მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, პოლიციაში იძულებით წაიყვანეს და არც უფლებები განუმარტავთ. თუმცა პროცესზე პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებდა, რომ გელა ხასაიას პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ნებაყოფლობით მოხდა. მისი თქმით, გელა ხასაია განყოფილებაში თავად გამოცხადდა და ეს სხვანაირად არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება.
„აქციიდან წამოვედი 10-ის ნახევრისკენ, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან. შევედი მაღაზიაში. როგორც კი გამოვედი, ჩემ წინ გადავიდა შკოდა, გავხედე და ყურადღება აღარ მიმიქცევია. როგორც კი თავი ჩავწიე, გაჩნდა 10-მდე ადამიანი. მაჯაზე წამავლო და მობილურის წართმევა სცადა. მობილური დავბლოკე და შევწყვიტე წინააღმდეგობა. არ განუმარტავთ, ვინ იყვნენ და ჩამტენეს მანქანაში“, – განაცხადა გელა ხასაიამ.
მისი თქმით, დაკავების ოქმში არასწორადაა მითითებული დაკავების დროც. როგორც გელა ხასაია ამბობს, ის იძულებით გადაიყვანეს განყოფილებაში და სინამდვილეში, საღამოს 10-დან 11 საათამდე პერიოდში მოხდა მისი დაკავება. ოფიციალურად დაკავების დროდ კი 00:42 საათია მითითებული.
გელა ხასაიას თქმით, დაკავებისას პოლიციელები ემუქრებოდნენ, ორჯერ გააშიშვლეს განყოფილებაში.
„მანქანაში პოლიციის ერთი თანამშრომელი ვიცანი. ვხედავ წლებია აქციებზე და მეუბნებოდა, ძალიან კარგად ვიცი, რა დააშავეო, მაგრამ არავინ მეუბნებოდა, რისთვის მივყავდი. ხომ დაგპირდი, რომ სისხლით დაგიჭერდი და აგისრულეო. გავარკვევ ამ ადამიანის სახელს და გეტყვით.
არც განყოფილებაში მეუბნებოდნენ, რისთვის მიმიყვანეს. ერთხელ სხვა ოთახში გამჩხრიკეს, მთლიანად გამაშიშვლეს. არც ამის უფლება ჰქონდათ. 20 წუთის მერე გააკეთეს იგივე, ოღონდ სხვა ოთახში. იყო დამცინავი კომენტარები, ახსენებდნენ მზია ამაღლობელს. არ ვიცი, რატომ.. მაგრამ ვიცი, როგორ არ ვიცი — ღირსეულ ადამიანს მოიხსენიებდნენ უღირსები. მიხსენებდნენ საბა სხვიტარიძეს, ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო… მიხსენეს მერე 120-ე მუხლი და განმარტეს, რომ ეს მძიმე მუხლია. მერე რაღაცები შეცვალეს და შეიძლება კიდევ შეცვალონ“, — განაცხადა გელა ხასაიამ.
ამის შემდეგ მოსამართლე ნანა შამათავამ გელა ხასაიას დასაზუსტებლად ჰკითხა, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოიხატა მუქარაში? გელა ხასაიამ მოსამართლის პასუხად განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობის გამო საჩივარიც აქვს.
„მარტო ეგ [მუქარა] დაინახეთ? იძულებით წამიყვანეს და არც უფლებები განუმარტავთ, განყოფილებაში გამაშიშვლეს. ჩემი დაკავება მოხდა მაგ მომენტიდანვე“, – განაცხადა გელა ხასაიამ.
გელა ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროკურატურას ხასაიას წინააღმდეგ ნეიტრალური მტკიცებულებები არ აქვს. ფურცელაძის თქმით, წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და საქმეში არ დევს ვიდეოჩანაწერები.
ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი ორჯერაა გამოკითხული და ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ომარ ფურცელაძის თქმით, ხასაია მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, იღებდა მუქარებს, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, ხასაიასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი, ვასილ ქერდიყოშვილი, რომელსაც იგივე ბრალი აქვს წარდგენილი. თუმცა ხასაია ამბობს, რომ ამ პიროვნებას არ იცნობს და მისი სახელი საქმის მასალებიდან გაიგო. განსხვავებით გელა ხასაიასგან, ვასილ ქერდიყოშვილი, რომელიც პროკურატურასთან თანამშრომლობს, გამოკითხვაზე არა იძულებით წაიყვანეს, არამედ უწყება გაუგზავნეს სახლში და ისე დაიბარეს.
პროკურატურის განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს ერთ პირს. გელა ხასაია მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს.
საქმეში არ დევს კამერის ჩანაწერები, არის მხოლოდ ჩვენებები – ხასაიას ადვოკატი
