ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოიტანა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„საქმე გვაქვს კომპლექსურ დანაშაულებრივ სქემასთან. უპრეცედენტო რაოდენობის ფულია გათეთრებული“, — განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.
ბრალდების მხარის თანახმად, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის — 60 მილიარდამდე რუსული რუბლის — აკუმულირებაზე და აზერბაიჯანიდან შემოტანაზე.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და ასახელებს საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს — ელდარ ჰუსეინოვს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
კახა კოტორაშვილის ინტერესებს ედიშერ ქარჩავა იცავს. ადვოკატმა თქვა, რომ გამოძიება ერთი წელია, მიმდინარეობს და კოტორაშვილის მიმართ კითხვები შარშან ოქტომბერში გაჩნდა, მიუხედავად ამისა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაქცევა არ უცდია.
თავად კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
გუშინ, 16 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოავლინა 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. თუმცა პროკურატურას დაკავებული პირის ინიციალები არ გაუვრცელებია და, შესაბამისად, ამ დროისთვის მისი ვინაობა უცნობია.
პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არაა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“, – აცხადებენ პროკურატურაში.
