„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელენე ხოშტარიას მიერ კალაძის ბანერის დაზიანების შესახებ მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან 5 წლამდე ვადით პატიმრობით.
„შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„რუსული ოცნება“ — დააწერა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერს მელიქიშვილის ქუჩაზე.
მანვე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კალაძის ბანერის ფოტო წარწერით „რუსი“ და დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. დიასამიძის მორიგი პროცესი 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლა საკუთარი აქტივისტები — ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს.
შსს-მ კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე 3 პირი დააკავა
