არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული წინასაარჩევნო ბანერზე გაკეთებული საპროტესტო წარწერა, რომელიც რამდენიმე წუთში წაიშალა? სწორედ ამ საფუძვლით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე ორი დღის წინ, 10 სექტემბერს.

“ნეტგაზეთმა” კითხვაზე პასუხის მისაღებად იურისტების განმარტებები შეაჯამა.

მეგის ედავებიან 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, “ქართული ოცნების” თბილისი მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გაკრული პლაკატის დაზიანებას, ან განადგურებას. მისთვის წარდგენილი ბრალი – სსკ-ის 187-ე მუხლი – ითვალისწინებს:

  • ჯარიმას;
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 100-დან 180 საათამდე;
  • გამასწორებელ სამუშაოს 1 წლამდე;
  • შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე;
  • თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

იურისტები განმარტავენ, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება, რომელიც რამდენიმე წუთში წაიშალა, არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად. მათი შეფასება, პირველ რიგში, ეფუძნება 187-ე მუხლის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიცირებისთვის საჭიროა, რომ მას მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა 150 ლარზე მეტი ღირებულება ზიანი. მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, მას edavebian “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას.

9 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბანერზე გაკეთებული წარწერა მალევე წაშალეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ამ ქმედების საპასუხოდ, კალაძეს მაქსიმუმ სამოქალაქო დავა შეიძლება დაეწყო იმ ხარჯის ასანაზღაურებლად, რაც მან წარწერის ბანერიდან წასაშლელად გაიღო. მაგალითად, საწმენდი სითხე, ტილო და ა.შ.

ნონა ქურდოვანიძე

“მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა […]

თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებoდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში”, – წერს ქურდოვანიძე და განმარტავს, რომ წარწერას ბანერზე არ დაუტოვებია წარუშლელი კვალი.

2024 წელს “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო, “დასვრას” უწოდებდა წინასაარჩევნო ბანერისთვის საღებავის წასმას. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მიერ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული საარჩევნო ბანერების გადაღებვის ფაქტს.

“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული: 1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება; 2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითიც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს.

პ.ს. ახლა თუ გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი. ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”, – წერდა მდინარაძე გასული წლის ოქტომბერში.

რადგან კალაძის ბანერზე გაკეთებული საპროტესტო წარწერა რამდენიმე წუთში წაიშალა, მდინარაძის ლოგიკით ეს იყო არა ბანერის დაზიანება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “დასვრა”, რაც, ცხადია, დანაშაული არ არის.

რაც შეეხება ნივთის, ამ შემთხვევაში კალაძის ბანერის განადგურებას, რომელიც ამავე მუხლითაა განსაზღვრული. ქურდოვანიძე ამბობს, რომ ბანერი ამ დრომდე [11 სექტემბერი] გამოფენილია და ის განადგურებულად ვერ ჩაითვლება.

იურისტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა ხატიაშვილი განმარტავს, რა ითვლება ნივთის განადგურებად.

გოგა ხატიაშვილი

“განადგურება ნიშნავს, როდესაც ნივთი საერთოდ არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო დაზიანება ნიშნავს ნივთზე ისეთ ზემოქმედებას, როდესაც მისი თვისებრივი გაუარესება ხდება, როდესაც გარე ზემოქმედების შედეგად ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ ხდება, როდესაც ნივთის გამოყენება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი ხდება და მის აღსადგენად მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო.

მაგალითად, ნივთის დაზიანებად შეფასდა კორპუსის სადარბაზოს ლიფტის ელექტრონული გასაღების წამკითხველის დაზიანება დანის გამოყენებით, ავტომანქანის რკინის ნივთით დაზიანება, სათამაშო აპარატის ეკრანის დაზიანება ხელის დარტყმით, მინისა და ფარდა-ჟალუზის დაზიანება ფეხის დარტმით და ა.შ.

როგორ საბუთდება ნივთის დაზიანებად ბანერზე გაკეთებული წარწერა, რომელიც მალევე წაიშალა? სანამ წარწერა წაიშლებოდა შეუძლებელი გახდა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან თვისებრივად გაუარესდა, თუ მის აღსადგენად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა გახდა საჭირო?”, – ამბობს ხატიაშვილი.

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, რადგან ინციდენტი მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და საქმე ეხება სააგიტაციო მასალის დაზიანებას, ქმედებას არეგულირებს არა სისხლის სამართლის, არამედ საარჩევნო კოდექსი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სააგიტაციო მასალად ითვლება “პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზეც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილების რიგითი ნომერი”.

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 პრიმა პუნქტის მიხედვით “დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული”.

ამ, ანუ საარჩევნო კოდექსში სამართალწარმოების წესები განსაზღვრულია 93-ე მუხლში. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ვკითხულობთ – “უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი”.

ამ კანონის მე-80 მუხლი განსაზღვრავს წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალებისთვის ხელის შეშლას, რაც იწვევს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

ნინო ლომჯარია და მეგი დიასამიძე (“საქართველოს ევროპული ორბიტის” საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში, 2013 წელი)

შეგვიძლია გავიხსენოთ საარჩევნო ბანერების დაზიანების თუ ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შტაბებზე თავდასხმის აქამდე მომხდარი არაერთი ფაქტი. სამაგიეროდ, რთულია გაიხსენო ერთი მსგავსი შემთხვევაც კი, რომლის გამოც ვინმე პასუხისგებაში მიეცა, ან სამართალდამრღვევად მაინც ცნეს.

მაგალითად, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, ოთარ კახიძემ გაიხსენა 2020 წელს პარტიის ქუთაისის ოფისზე თავდასხმა. მაშინ კახიძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მან გაიხსენა, რომ ოფისის შუაში გაკრულ მის ბანერს აგური ესროლეს და დააზიანეს.

“პოლიციამ დაიწყო არა სისხლის, არამედ ადმინისტრაციული წარმოება. სამართალდამრღვევს არ შეეფარდა არც ჯარიმა და არც ადმ. პატიმრობა, მას უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. დღეს მოქალაქე საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის დაუკავებიათ და სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ. სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი”, – წერს ოთარ კახიძე.

ამავე წელს თავს დაესხნენ “ენმ – ძალ ერთობაშიას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს. მინების ჩამსხვრევისა და შტაბისთვის ცეცხლის წაკიდების შემდეგაც შსს-მ იმავე – 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რომლითაც გუშინ, ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის, რომელიც რამდენიმე წუთში წაიშალა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა სახემ, ბექა დავითულიანმა მაშინ განაცხადა, რომ “ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს”. თუმცა, მომხდარიდან 5 წელი ისე გავიდა, საგამოძიებო უწყებას დღემდე არავინ დაუკავებია.

მეგი დიასამიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ლანჩხუთში დააკავეს. ადვოკატის თქმით, დაკავებულს 9 საათის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, ხელების წინ გადმოტანის, ან ბორკილების ოდნავ მოშვების შესახებ თხოვნას კი პოლიციელებმა ცინიკურად უპასუხეს – “უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა”. გარდა ამისა, თუთბერიძე ამბობს, რომ დაკავებულს 9-საათის განმავლობაში არ მისცეს დარეკვის უფლება. ასევე, დიასამიძისთვის არ განუმარტავთ, რისთვის იყო დაკავებული.

ამავე თემაზე: