აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება , ამას “მძიმე შედეგები” მოჰყვება.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუკი პარასკევის შეხვედრა “კარგად ჩაივლის”, ის იქნება მეორე შეხვედრის სწრაფი ორგანიზატორი, რომელსაც პუტინთან ერთად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპელმა ლიდერებმა ოთხშაბათს მოუწოდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 15 აგვისტოს პუტინთან დაგეგმილ შეხვედრისას არ გააფორმოს შეთანხმება ერთპიროვნულად.
ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ორგანიზებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერი, მათ შორის ზელენსკი, ტრამპს ვირტუალურად ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინთან შეხვედრა დააანონსა, ხოლო Wall Street Journal – მა გაავრცელა ანონიმური წყაროსგან მიღებული ცნობები, რომ სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა მოჰყვეს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ზელენსკის და ევროპელი ლიდერების შეშფოთება გაიზარდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ “ომი ვერ დასრულდება უკრაინის გარეშე”.
შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტრამპი „ძალიან მკაფიო“ იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონს სურს მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკრაინის ტერიტორიულ საკითხებზე ზელენსკის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია.
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაშია დაგეგმილი.
