6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს — გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.
ევროკავშირი
ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
24 საელჩო
საქართველოში აკრედიტებულმა 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოადგენენ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა” და „ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“, — ნათქვამია განცხადებაში.
PACE-ის მონიტორები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე — ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) მკაცრად დაგმეს მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი.
„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად ბოროტად გამოყენების მაგალითია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, — განაცხადეს მომხსენებლებმა, რომლებიც წელს საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.
საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი სასჯელი არაპროპორციულია და სერიოზულ საკითხებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წინა მოწოდებას ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ იგი და მოვუწოდებ, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს ადამიანის უფლებათა კომისარი X-ზე.
ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში
ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში იან ბრატუმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ და თქვა, რომ ყურადღებით დააკვირდება პროცესს სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც საქმე გასაჩივრდება.
„11 იანვარს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენი შემაშფოთებელია და დამანგრეველ გავლენას ახდენს საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე“, — დაწერა იან ბრატუმ X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „ფორმულამ“ ჰკითხა მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ.
„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ფორმულასთვის“ გამოგზავნილ პასუხში.
შვეიცარია
„შვეიცარიაღრმად შეშფოთებულია მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მკაცრი და არაპროპორციული განაჩენით, რომელიც მას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, დამოუკიდებელი ჟურნალისტის პროფესიის შესრულებისთვის მიუსაჯეს“, — დაწერა X-ზე შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილებამ (PHRD).
პოლიტიკოსები
„ეს არ არის მხოლოდ ბრწყინვალე ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა. მზია საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა გააკეთა რუსეთში“, – ასე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის საპატიმრო სასჯელს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარმა „მწვანეებიდან“ და ევრონესტის თანათავმჯდომარემ, სერგეი ლაგოდინსკიმ საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას.
„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლებელი – მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც 200 დღეზე მეტი გაატარა პატიმრობაში ერთი სილისთვის. სანამ ის სასამართლო პროცესზეა, საქართველოს ხელისუფლება აორმაგებს ზეწოლას და საგადასახადო პრეტენზიების საფუძველზე აყადაღებს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ანგარიშებს.
პროტესტი დანაშაული არ არის! ჟურნალისტიკა საფრთხეს არ წარმოადგენს! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას“, – წერს ლაგოდინსკი.
შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი უწოდა ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა მწვანეთა პარტიიდან, ლენა შილინგმა.
„ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, ჟურნალისტებს აშინებენ, მედიას ანგარიშებს უყინავენ და სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად იყენებენ“, – განაცხადა შილინგმა.
Renew Europe-ის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს არადემოკრატიული, არაევროპული, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიული პოლიტიკური კურსის შემოქმედებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„განცხადებების დრო დამთავრდა“, — დაწერა X-ზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა.
პოლონელი ევროპარლამენტარის (EPP) კშიშტოფ ბრეიზას შეფასებით, ევროკავშირის მკაფიო მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიის დაცვასა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნებას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჟურნალისტებს აპატიმრებს.
„ეს ევროპული არ არის — ეს ავტორიტარულია. საქართველო უკეთესს იმსახურებს!“ — წერს ბრეიზა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მზია ამაღლობელის განაჩენის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე.
„ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. რეჟიმი კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, რათა თავის მიზანს მიაღწიოს – მიჰყიდოს ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს. საჭიროა MEGOBARI!“ – დაწერა უილსონი X-ზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაემოხმაურნენ იტალიის პარლამენტის წევრებიც.
„მზია ამაღლობელი მამაცი ჟურნალისტია, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი. დღეს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავისუფალი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე. ვუერთდები მათ, ვინც მისი თავისუფლებისა და რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს“ — დაწერა X-ზე იტალიის პარლამენტის წევრმა, ლია კუარტაპელემ.
იტალიელმა სენატორმა მარკო ლომბარდომ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი სინამდვილეში ისჯება თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის და იმის გამო, რომ ხალხის პროტესტს ასახავს.
„ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ“, — თქვა მან.
უფლებადამცველი ორგანიზაციები
ქართველი ჟურნალისტის გამამტყუნებელ განაჩენსა და ორწლიან პატიმრობას გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი:
„მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა: სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეაფურთხეს, სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. პოლიციის თანამშრომლებმა ეს თავადვე დაადასტურეს სასამართლო პროცესზე, თუმცა მაინც დაუსჯელობამ გაიმარჯვა. სასამართლო პროცესს თან ახლდა პროცედურული დარღვევები და მიკერძოებულობა“.
Amnesty International-ის თქმით, მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო პროცესი და მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე აუცილებელია, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) გლობალური ურთიერთობების მთავარი ოფიცრის, ჯიფსი გილენ კაიზერის განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი აღმაშფოთებელი ორწლიანი სასჯელი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ავტორიტარული ტაქტიკის მზარდ გამოყენებას დამოუკიდებელ მედიაში შიშის დასათესად და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ამაღლობელის დევნა.
“The outrageous two-year sentence meted out to widely respected journalist Mzia Amaglobeli is emblematic of Georgia’s increasing use of authoritarian tactics to strike fear into the independent media,” said CPJ Chief Global Affairs Officer Gypsy Guillén Kaiser.…
— Committee to Protect Journalists (@pressfreedom) August 6, 2025
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI).
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის თანახმად, მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის შეფარდება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ახშობს განსხვავებულ აზრს და ააშკარავებს ქართული სასამართლოს როლს ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციაში.
„აღშფოთებული ვართ მოსამართლე სახელაშვილის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენით“, — წერს ორგანიზაცია X-ზე.
რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRFS) და ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი (IWMF) შეუერთდნენ მედიის თავისუფლების კოალიციის და 24 დიპლომატიური მისიის განცხადებას, რომლებიც მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტის პროფესიაზე თავდასხმად შეაფასა და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ).
„2-წლიანი პატიმრობა მზია ამაღლობელის ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოტანილი აშკარა შურისძიების აქტია. ჩვენ ვგმობთ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ მზიას და მის გუნდს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებში“, — დაწერა მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმმა.
გადაწყვეტილება დაგმო ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაცია ARTICLE 19-მა და მანაც, მოითხოვა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტის აშკარა შევიწროება და მცდელობა, შეიქმნას დამაშინებელი ეფექტი იმ პირებისთვის, რომლებიც აშუქებენ საქართველოში სოციალურ-პოლიტიკურ მღელვარებებს“, — აცხადებს ARTICLE 19.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენის საპასუხოდ , PEN America-მ განაცხადა:
„პატივცემული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება დამანგრეველი დარტყმაა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი შემაძრწუნებელ გზავნილს უგზავნის ყველა ჟურნალისტს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კანონის კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად გამოყენება და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს“.
განაჩენს გამოეხმაურა უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.
„მზია ამაღლობელის დამნაშავედ ცნობა საქართველოს მიაკუთვნებს იმ ქვეყნების მზარდ რიცხვს, სადაც სისხლის სამართალს იყენებენ ჟურნალისტების გასაჩუმებლად და თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად – განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც ხალხს განსაკუთრებით ესაჭიროება წვდომა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე“, – განაცხადა ქეით ლევინმა, TrialWatch-ის სამართლებრივი პროგრამის უფროსმა მენეჯერმა.
6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მზია ამაღლობელის ადვოკატები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.








