ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები, რომლითაც მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობას მიმართა.
რას ასაჩივრებს მზია ამაღლობელის დაცვის მხარე?
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.
საიას გასაჩივრებული ჰქონდა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
- თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)
- გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
- კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
- უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)
- თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი).
რა კითხვებს უნდა უპასუხოს „ოცნების“ მთავრობამ?
„ქართული ოცნების“ მთავრობამ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 7 კითხვას უნდა უპასუხოს:
1.განმცხადებელს [მზია ამაღლობელს] თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით აღეკვეთა? კერძოდ, იყო თუ არა მისი დაკავება თავსებადი მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტთან გამართლების თვალსაზრისით და ეფუძნებოდა თუ არა ის გონივრულ ეჭვს?
კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი:
ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტი:
პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
2. წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც ამართლებდა განმცხადებლის [მზია ამაღლობელის] თავდაპირველად წინასწარ პატიმრობას და ვადის გაგრძელებას, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით? განიხილეს თუ არა მათ პატიმრობის გაგრძელების ალტერნატიული ზომები?
კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი:
ამ მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
3.ჰქონდა თუ არა განმცხადებელს [მზია ამაღლობელს] შესაძლებლობა, რომ მისი დაკავების კანონიერების გასასაჩივრებლად ეფექტური პროცედურით ესარგებლა, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი?
კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი:
ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
4.დაირღვა თუ არა განმცხადებლის [მზია ამაღლობელის] უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, მოცემულ საქმეში, განსაკუთრებით განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე პარალელურ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით?
კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი:
ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
5.იყო თუ არა ჩარევა განმცხადებლის [მზია ამაღლობელის] უფლებებში, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით, მისი ტელეფონის ჩამორთმევასა და ჩხრეკასთან დაკავშირებით? თუ კი, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს?
კონვენციის მე-8 მუხლი. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება:
1.ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
კონვენციის მე-10 მუხლის. გამოხატვის თავისუფლება:
- ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
- ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6.ჰქონდა თუ არა განმცხადებელს წვდომა ეფექტურ შიდა სამართლებრივ საშუალებაზე კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლების შესაბამისად წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს მე-13 მუხლი?
კონვენციის მე-13 მუხლი:
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება. ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
7.კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში დაწესებული შეზღუდვები იყო თუ არა გამოყენებული აღნიშნული დებულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით?
კონვენციის მე-18 მუხლი. უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები:
ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის.
ახლა ამ კითხვებზე პასუხი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნოს.
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ყურადღებას ამახვილებს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვაზე.
„ეს საქმე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს. სასამართლომ საქმე დააკომუნიცირა მათ შორის მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.
პარალელურად, შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.
უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.








