საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

26 ივნისი, 2025 •
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამააღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა.

მათი ინფორმაციით, საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი (“Impact Case”) მიენიჭოს. როგორც საია-ში განმარტავენ, ამის შესახებ საუბარი თავად სტრასბურგის სასამართლოს კორესპოდენციაშია.

“საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო […] საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს.

ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით. და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტი, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე”, – აცხადებენ საიაში.

სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს ვრცელი შეკითხვებით მიმართა. პირველ ეტაპზე პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს 28 აპრილს მიმართა. საჩივარით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის დადგენა. მათ შორის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი