დღეს, 16 ივლისს, გიორგი ახობაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა. ამით დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. მომდევნო სხდომაზე, 22 ივლისს, მისი ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას. მაღალია ალბათობა, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილიც, რომელმაც წინა მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია აქამდე უცნობი მიზეზებით 7 ივლისიდან შეცვალა, იმავე დღეს გამოიტანს განაჩენს.
ჩვენების მიცემამდე ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ შუამდგომლობა დააყენა, რომ გიორგი ახობაძეს ჩვენება მოწმეთათვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიეცა და არა მინის ბარიერს მიღმა, საბრალდებო სკამიდან, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ახობაძემ ჩვენება 2024 წლის 7 დეკემბრის გახსენებით დაიწყო, თავისუფლებაზე ყოფნის ბოლო დღით, როდესაც აქციაზე დემონსტრანტებისთვის წყლისა და საკვების დასარიგებლად გავიდა.
სხდომიდან წარმოებული ლაივბლოგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
„დღის პირველ ნახევარში ვიმყოფებოდი სახლში და ვუვლიდი დედას, რომელიც მძიმე ავადმყოფი და პალიატიური პაციენტი იყო. [შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძის ინსულტგადატანილი დედა, გიორგის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, იანვარში გარდაიცვალა.] შუადღის მერე, 3-4 საათზე მოვიდა ნინო ზოზიაშვილი. ის მცვლიდა ხოლმე, როცა მე სახლიდან გასვლა მჭირდებოდა. ჩავატარეთ ყოველდღიური პროცედურები, რაც პაციენტის მოვლას სჭირდებოდა, ყოველდღიური რუტინა. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წინა დღითაც და მაგ დღისთვისაც ვამზადებდით სენდვიჩებს დემონსტრანტებისთვის. გავედი რუსთაველზე, საღამოს 8-დან 9 საათამდე პერიოდი იქნებოდა. […] მოღალატე რეჟიმთან რომ წინააღმდეგობაში ვიყავით, ეს ხალხი მინდოდა ჩემგან მაქსიმალურად მხარდაჭერილი ყოფილიყო და ამას ჩემი ემიგრანტი მეგობრების დახმარებით ვაკეთებდი“, — გაიხსენა გიორგიმ და დეტალურად მოყვა, როგორც გააჩერა მანქანა თაბუკაშვილის ქუჩაზე, დაუკავშირდა მეგობრებს, რომ საკვებისა და წყლის ატანაში დახმარებოდნენ.
„წინა ხაზზე, სადაც გვირტყამდა ხოლმე პოლიცია, ვერიდებოდი გასვლას იმიტომ, რომ დედა მყავდა მოსავლელი და მეც რომ მოსავლელი გავმხდარიყავი, ამის საშუალება არ მქონდა. 10-20 მეტრით უკან ვიყავი ხოლმე და ვფიქრობდი იმ გზებზე, მათგან [ე.წ. სამართალდამცველებისგან] თავი რომ დაგვეცვა. ვფიქრობდი, ვაზიარებდი ამაზე ინფორმაციას და დემონსტრირებასაც ვაკეთებდი. 2023 წლის აქციებზე წინა ხაზებზეც ვიყავი და მედო ინფორმაციული ვიდეოები, რომელსაც უამრავი ნახვა ჰქონდა ყველა სოციალურ ქსელში.
ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უფრო მეტად სოციალურ ქსელებში ვიყავი აქტიური. შეხლა-შემოხლა ძალიან მძიმე იყო მაშინ, სახის ძვლებს ამტვრევდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. მე დედაჩემის ჯანმრთელობაც მებარა. მოქალაქეების ინფორმირებას ვცდილობდი და დეზინფორმაციისგან დაცვას“, — აღწერა გიორგი ახობაძემ შემოდგომის აქციებში თავისი მონაწილეობა.
მას შემდეგ, რაც საკვები დაარიგა, მეგობრები მოინახულა და აქციაზე მშვიდობიანი სიტუაცია იყო, გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო და დამხმარე, ნინო ზოზიაშვილი, რომელიც დედასთან ჰყავდა დატოვებული, სახლში გაეშვა. აქციიდან მეგობართან, ლევან ბერიძესთან ერთად წავიდა, რომელიც თბილისში არ ცხოვრობს, დასავლეთიდან იყო ჩამოსული და სწორედ ის ახლდა გიორგის თან, როცა დააკავეს.
„ტელეფონზე შემომივიდა გაფრთხილება ახლობლებისგან, რომ დაჭერები ხდებოდა. იმ ღამეს დაიჭირეს ნიკა კაცია [კიდევ ერთი სინდისის პატიმარი, ჟურნალისტი, რომელსაც ასევე ნარკოდანაშაულს ედავება პროკურატურა], მაკა ჩიხლაძეს დაესხნენ თავს. სახლში რომ მოხვალ, არ გადმოხვიდე მანქანიდან, დაგვირეკე, ჩამოვალთ და დაგვხვდებითო. ლევანმა მითხრა, რომ მე გამოგყვები სახლში და მერე ტაქსით წავალო, რაკი მე ფიზიკურად ნაკლები შესაძლებლობები მაქვს, ვიდრე მას, ვუთხარი, რომ თავდაცვა შემეძლო და გზაში გადავწყვიტე, რომ ჯერ ის დამეტოვებინა წერეთლის გამზირზე“, — იხსენებს გიორგი.
უკვე რვა დეკემბერი იყო დაწყებული. როცა ესტაკადაზე შეამჩნია, უკან პატრულის მანქანა მოჰყვებოდა და გაჩერებისკენ მოუწოდებდა. იფიქრა, ლევანის სახლში წაყვანა რომ გადაწყვიტა და მკვეთრი მანევრი გააკეთა, სავარაუდოდ, მანდ დაარღვია მოძრაობის წესი და მაგიტომ აჩერებდნენ.
„გავცდით ხიდს და გავჩერდით ბორდიურთან. მოვიდა პატრულ-ინსპექტორი. არ მახსოვს მისი გვარ-სახელი, სამწუხაროდ. გამომართვა მართვის მოწმობა, დარწმუნდა, რომ მე ვიყავი და ძალიან უცნაური მითითება მომცა — გადმობრძანდით, იდენტიფიკაცია უნდა გავიაროთო. გამიკვირდა“, — ჰყვება გიორგი.
გიორგი ახობაძემ ჩვენებისას აღნიშნა, რომ დაჭერის მოლოდინი ჰქონდა. კონკრეტულად ელოდა იმას, რომ სწორედ იარაღს ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. ამის შესახებ მეგობრებთანაც საუბრობდა და სოციალურ ქსელებში ვიდეოებიც აქვს განთავსებული.
„რაც შეეხება დაჭერის მოლოდინს. ორი ვერსია მქონდა და ერთი კვირით ადრე ვიდეოც მქონდა ჩაწერილი ამაზე. ველოდი ანგარიშსწორებას. შემჩნეული მქონდა, რომ მარტო მაგ დროს კი არა, ერთი წლით ადრეც ჰქონდათ ჩემზე თვალთვალი. გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა [გიორგი ახობაძის დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი და მოწმე მის საქმეში] ეს დამიდასტურა კიდეც. მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ მორალი ჰქონდათ. გამომდინარე ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან, ხერხემლის ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით ამორალური იქნებოდა ასეთი ადამიანის ცემა. ველოდი, რომ ან იარაღს და ან ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. პატრულთან მიმართებით მაინც უფრო მეტი ნდობა მქონდა. პატრულისგან მაქსიმუმ მანქანის ჩხრეკას ველოდი და ამაზე პრობლემა არ მქონდა. არ გამიმწვავებია.
[დაკავებამდე ჩაწერილ] ვიდეოში ვამბობდი, რომ თუ გამაქრობდნენ, როგორც ახლა ვარ „დასასვენებლად“ გლდანში, დედაჩემისთვის მიეხედათ. მქონდა მოსაზრება, რომ ჩვენ შორის იქნებოდნენ „ნასედკები“ და სუსის აგენტები აქციებზე და ჩავწერე ვიდეო, რომ თუ ღალატს აპირებთ, სჯობს ჩამომშორდეთ, თორემ შესაბამის პასუხს გაგცემთ-მეთქი. კონკრეტულად არაფერი მქონდა შემჩნეული, მაგრამ მასობრივი დაჭერები მიდიოდა და ჩავთვალე, მეც გავხდებოდი ამის მსხვერპლი. მიხუმრია მეგობრებთან კიდეც, რა დავაკელი, რომ აქამდე არ დამიჭირეს-მეთქი“, — თქვა გიორგი ახობაძემ.
ამის შემდეგ გიორგი ახობაძე პატრულის მიერ სანაპიროზე მისი მანქანის გაჩერების მომენტს დაუბრუნდა და აღწერა, როგორ მოხდა მისი დაკავება.
„მანქანის კარი გავაღე, გადავედი, პატრული იდგა თავჩახრილი. აანალიზებდა, რასაც აკეთებდა. როგორც კი შემოვტრიალდი, ერთი ნაბიჯი გავაკეთე თუ არა, 6-7 პოლიციელი მორბის ჩემკენ, წინ მოუძღვის გიორგი გურეშიძე, სამმართველოს უფროსი. [ეს ის პირია, რომელიც სასამართლოში ერთ-ერთ სხდომაზე გიორგიმ დაასახელა როგორც მისთვის ნარკოტიკების ჩადების ოპერაციის ხელმძღვანელი. პროკურატურა და მისი მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი გურეშიძე სანაპიროზე საერთოდ არ ყოფილა გიორგი ახობაძის დაკავებისას.] პატრულმა რომ გამაჩერა და მათგან სპეცოპერაციას არ ველოდი, ამ ნდობამ ყურადღება მომიდუნა. ჩემი მანქანის უკან იდგა პატრულის მანქანა, იმის უკან იდგა ჯიპი და იმის უკან კიდევ ორი მანქანა. ჩემი მანქანის წინაც ორი მანქანა. ანუ პატრულის გარდა იდგა ხუთი მანქანა.
ხელები გადამიგრიხეს ზურგს უკან და პატრულის მანქანის კაპოტზე სახით ქვემოთ დამაგდეს. მოვმართე ტანი, რომ ნაკლები დაზიანება მიმეღო. ვიგრძენი, რომ უკანა ჯიბეზე მეხებოდნენ და დავიწყე ლაპარაკი, ჯიბეში არაფერი ჩამიდოთ-მეთქი, უკანა მარცხენა ჯიბეზეა საუბარი. ჯინსი მეცვა და ვგრძნობ წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაცურებას და ამოღებას. რა ჩამიდეთ, ხელი რატომ ჩამიყავით-მეთქი.
ჩემ ზურგს უკან იდგა, ვინც ეს გააკეთა და ვერ ვაკონტროლებდი, ვინ იყო. პირველი ფიზიკური კონტაქტი გურეშიძესთან მქონდა და შეიძლება ისიც ყოფილიყო. მასაში იოლად გამოარჩევ გურეშიძეს, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩემგან აღქმული იყო, რომ ის იყო ოპერაციის ხელმძღვანელი, კარგად დამამახსოვრდა. რაც მივედით კრიმინალური პოლიციის შენობაში, რამდენჯერმე სიგარეტის მოსაწევად გამიყვანეს. ერთ კარზე სამმართველოს უფროსი ეწერა, ღია კარში იჯდა თვითონ გურეშიძე, ტახტზე ისხდნენ სხვები და კარგ ხასიათზე იყვნენ. მე დავიმახსოვრე. ფოტოებიდან ამოვიცანი და სასამართლოზე საჯაროდ განვაცხადე. მანამდე ვიცოდი თანამდებობა, სახე და სად მუშაობდა.
რაც მანქანიდან გადმომიყვანეს, ლევანს ვეღარ ვხედავდი [ბერიძეს, მეგობარს]. ფეხზე რომ წამომაყენეს და მათი დათვალიერება შევძელი,უკვე დავინახე, რომ გურეშიძე იყო და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ჩემთან — ათლეტური აღნაგობის, შეთხელებული თმით. სატელეფონო კავშირზე იყვნენ ვიღაცასთან. იყო კიდევ ალექსი კობერიძე, რომელიც მერე დამამახსოვრდა. ორი პოლიციელი, მინიმუმ, ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. მას შემდეგ, რაც წამომაყენეს, საპატრულო ეკიპაჟი ადგილიდან წავიდა თავისივე მანქანით“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძემ დეტალურად გაიხსენა ისიც, რა ხდებოდა ხესთან, სადაც მიიყვანეს, როცა სანაპიროზე დააკავეს.
„მიდის საუბარი, ვაფიქსირებ ჩემს პრეტენზიას. ასე როგორ შეგიძლიათ ადამიანის გაწირვა, რა ჩამიდეთ-მეთქი. გურეშიძესთან მქონდა საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქელი ბიჭი ხარ და ნუ პანიკიორობო. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაგიყვანთ და თუ არაფერი არ იქნება, გაგიშვებთო. რაღაც მომენტში ვიფიქრე მიამიტურად, რამე ხომ არ ეშლებათ-მეთქი, მაგრამ დავიხედე ჯიბეზე, ვხედავ გამობურცულია და არაფერი ეშლებოდათ.
ჩემი ხელები იქით-აქეთ ეჭირათ. გურეშიძე ვიღაცას ელაპარაკებოდა, გავიდა ოდნავ გვერდით. მიჰყვა ის მეორე მაღალჩინოსანი, ვიღაცასთან ათანხმებდნენ, ალბათ, შემდგომ ნაბიჯებს. ტელეფონით ელაპარაკა ლევან მაისურაძეს. დავინახე, ეკრანზე რომ ამონათდა გურეშიძის ტელეფონზე. სავარაუდოდ, გადაამოწმა, როგორ შეასრულეს დავალება. გურეშიძეს და მეორე ადამიანს შორის იყო საუბარი, გურეშიძემ გადაულაპარაკა რაღაც. იმ მეორემ უპასუხა, მაგან ბრძანებები მაშინ გასცეს, ჩემზე მეტი „ზვანია“ რომ ექნებაო. როგორც ჩანს, გაიცა ბრძანება, რომ დაეწყოთ ჩხრეკა. ამოიღეს თავისივე ჩადებული ნივთები. ტუალეტის ქაღალდში ჰქონდათ გახვეული, ეტყობა, მათი თითის ანაბეჭდი რომ არ მოხვედრილიყო. აი, აი, რაღაცა დევსო.
ჩხრეკის დროს ჩემ წინ იდგა გურეშიძე და ის მეორე. ორ კაცს ვეჭირე. კიდევ ერთი ადამიანი ტრიალებდა. ერთი ჩხრეკას ატარებდა. ტანსაცმელი არ გაუხდიათ. ჯიბეები შეამოწმეს და ამით დაასრულეს. ლატექსის ხელთათმანები ეცვათ. გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა მითხრა, თუ არ გაჩერდები, ახლა მოგადებო. შენზე ფილმებს გაჩვენებო. დიდი ხანია მითვალთვალებს, მანდ მივხვდი.
ამის მერე პირის ღრუში, ენა ამაწევინეს და სანერწყვე ჯირკვლებთან ინტენსიურად დამიწყო [კაჭკაჭიშვილმა] თითების მოსმა. გამიკვირდა. შეიძლება შეგიმოწმონ, რომ პირში რამე არ დამალო. ისიც ვიფიქრე, ლორწოვანზე ნარკოტიკები ხომ არ გადააქვს-მეთქი, მაგრამ მერე ფაზლი რომ დავალაგე, მივხვდი, ეს იყო ბიოლოგიური მასალის მოპოვება, რაც მერე დაიტანეს კიდეც მათ მიერვე ჩადებულ ნარკოტიკზე.
ალექსი კობერიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი და გიორგი გურეშიძე იმდენად საკვანძო მომენტებში იყვნენ ჩემთან და იმდენჯერ ვისაუბრე მათთან, რომ ისინი ძალიან კარგად დამამახსოვრდნენ“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ამის შემდეგ გიორგი ახობაძემ მისი ჩხრეკის ეპიზოდი აღწერა.
„ჩემი თვალთახედვის არიდან გავიდა კაჭკაჭიშვილი იმ ნივთებით, რაც ჩემი ჯიბიდან ამოვიდა. მთავაზობდნენ ხელმოწერას რაღაც დოკუმენტებზე. ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე ხელს არაფერს მოვაწერდი. უფრო ხშირად ამ ფურცლებით ხელში კაჭკაჭიშვილი მახსოვს. წყნარად, მაგრამ მკაცრად ვსაუბრობდი. მუდმივად 6 ადამიანი ტრიალებდა ჩემ ირგვლივ“, — ამბობს გიორგი ახობაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურისა და მათი მოწმეების მტკიცებით, გიორგი ახობაძესთან მხოლოდ სამი პირი იმყოფებოდა. ერთი თითქოს აკავებდა, რომ არ გაქცეულიყო გიორგი, რომელსაც გადაადგილება უჭირს ფიზიკური მდგომარეობის გამო, მეორე ჩხრეკდა და მესამე ოქმს წერდა. პროკურატურისა და მისი მოწმეების მტკიცებით, სწორედ ამიტომ ვერ გადაიღეს მათ ჩხრეკის ამსახველი ვიდეო, რისი ვალდებულებაც აქვთ და ვერ მოიძიეს დამოუკიდებელი, ნეიტრალური მოწმეები. თუმცა გიორგი ახობაძე იხსენებს და წინა სხდომებზე ეს არც პოლიციელებს უარუყვიათ, როცა სანაპიროზე გიორგი ახობაძე გააჩერეს და მისი დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა, კუნაპეტი სიბნელე არ ყოფილა, მანქანების მოძრაობაც საკმაოდ ინტენსიური იყო.
ახობაძის თქმით, როცა მისი მანქანის ჩხრეკა დაიწყეს, ითხოვა, რომ ისე გაეჩხრიკათ, მისი თვალთახედვის არეში ყოფილიყვნენ.
„მივედი, დავესწარი მანქანის ჩხრეკას. საკმაოდ ზედაპირულად გაჩხრიკეს სალონი. სამალავები, რაც პოტენციურად შეიძლება მანქანას ჰქონდეს, არცერთი დაუთვალიერებიათ. საბარგულსაც ზედაპირულად ჩახედეს. არც კაპოტი აუხდიათ. „ბარდაჩოკი“, კარის ჯიბეები, ღია სათავსოები შეამოწმეს.
ლევანს [მეგობარს] თვალებით ვეძებდი, მაგრამ ისევ ვერ დავინახე. მანქანის ჩხრეკისას რაღაც მანქანები შემოგვეცალნენ. სავარაუდოდ, გურეშიძე და ის მეორე მაღალჩინოსანი. როცა გადამიყვანეს, ჩემი მანქანით მივდიოდით და ერთი მანქანა მოგვყვებოდა უკვე მარტო.
ჩემს მანქანაში ჩამსვეს უკანა სავარძელზე. ერთი მხრიდან მეჯდა ალექსი კობერიძე. ორი არ მახსოვს, ვინ იყვნენ და კიდევ ერთი იყო მასურაშვილი, სავარაუდოდ, რომელიც საჭესთან იჯდა. მოვტრიალდით ორთაჭალის მიმართულებით და მივადექით კრიმინალურ პოლიციას. შევედით ეზოში, გააჩერეს ჩემი მანქანა სადგომზე. გადმომიყვანეს. შენობაში შევედით, გაიარეს პროცედურა. ლიფტით რომ უნდა დავძრულიყავით, ჯერ მოვითავოთო და გამომიყვანეს უკან ეზოში, ამომიდგა ორი აქეთ-იქით. წინ იდგა ერთი ოპერატორი და გინახავთ ალბათ, როგორ შეჰყავთ დაკავებული კრიმინალურ პოლიციაში, დადგეს ეგ სცენა.
მეოთხე სართულზე შემიყვანეს სამუშაო ოთახში. 3-4 რიგი იდგა სამუშაო მაგიდების. ჩამსვეს სავარძელში. წინ მეჯდა ალექსი კობერიძე. იქ იყო ირაკლი ნარიმანიძე და ერთადერთი იყო, რომელიც უტიფრად მეუბნებოდა, არაფერი ჩაგვიდიაო და აქციებზე მელაპარაკებოდა. ერთი სათვალიანი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც არაფერში ჩარეულა და არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ იჯდა. ზოგი შემოდიოდა, ზოგი გადიოდა, მუდმივად იჯდა ალექსი კობერიძე. საკმაოდ დიდხანს იჯდა ნარიმანიძე. არაფერი ხდებოდა. მე ვანამუსებდი, ეს როგორ გააკეთეთ-მეთქი. რაღაც მომენტში მომინდა სიგარეტის მოწევა. გამიყვანეს ხელბორკილებით კიბის უჯრედზე, მოვწიეთ ერთხელ, ორჯერ. ამ გასვლაზე დავაფიქსირე გურეშიძის კაბინეტი და თვითონ „კაბინეტის მფლობელი“ სკამში“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძის თქმით, კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში მისი ბიოლოგიური მასალა/დნმ კიდევ ერთხელ აიღეს.
„რაღაც მომენტში დავრჩით მარტო მე და ალექსი კობერიძე და მეუბნება, უნდა გაგჩხრიკოო. გამახდევინა ქურთუკი, ყველაფერი თავიდან. იღლიის ფოსოებში მიკეთებს ზეწოლით მოძრაობებს. რასაც კაჭკაჭიშვილი აკეთებდა, ოღონდ სანერწყვე ჯირკვლებთან. ვუთხარი, ვიცი, რასაც აკეთებ, ეგ ხელთათმანები ახლა ერთად გადავაგდოთ-მეთქი. გამაჩერა ერთმა პოლიციელმა, კობერიძე გაქრა ამ თავისი ხელთათმანებით ჩემი თვალთახედვიდან. მერე დაბრუნდა. ვუთხარი, შენ ახლა ჩემი დნმ აიღე-მეთქი. თავიდან აქტიურად უარყოფდა და მითხრა, მორალს მიკითხავო. კი, გიკითხავ და თუ სასამართლოზე გაირკვევა, თუ შენ მართალი იქნები, ბოდიშს მოგიხდი-მეთქი. ჩამაცვეს და გადამიყვანეს გვერდზე ოთახში.
ხუთი კაცი იჯდა მეორე ოთახში, რომელიც მანამდე თვალით არ მინახავს. ავსებდნენ რაღაც საბუთებს. შემომთავაზეს ხელის მოწერა. სანამ ადვოკატი არ მოვა, არაფერს ვამბობ და არაფერზე ხელს არ ვაწერ-მეთქი“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძის თქმით, ამის შემდეგ უკვე დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
„დაორგანიზდნენ და კვლავ 4 კაცი, მეხუთე მე ვიყავი, ჩავსხედით მანქანაში. ნარიმანიძე, მასურაშვილი და კობერიძე მახსოვს ცხადად. კობერიძეს ჩემს მხარზე ეძინა. წამოვედით დიღმის იზოლატორისკენ. ეზოში გავჩერდით. დანარჩენები გადავიდნენ. ალექსი კობერიძე მანქანაში დარჩა ჩემთან ერთად. ვითხოვე, მეც მოვწევ-მეთქი. კარი შევაღე, არ გადავსულვარ. მკითხეს კობერიძეზე, რას შვრებაო. სძინავს-მეთქი. გზაში სამედიცინო საკითხებზე მელაპარაკებოდა. ასაკშია და ჯანმრთელობაზე მეკითხებოდა. აღმოჩნდა, რომ საერთო ნაცნობიც გვყავდა, რომელიც ცრუმოწმეა ნარკოტიკების საქმეში.
რაღაც ემოციური ბმა გაჩნდა და იზოლატორში რომ გვითხრეს, შესახლების საშუალება იყო, ხელი ჩამომართვა, გადამეხვია. ამას ახლა უარყოფს. შემასახლეს იზოლატორში და გამატარეს პროცედურები. შემიყვანეს საკანში. მშრალ შიმშილობას ვაცხადებ-მეთქი და ამით დამთავრდა ჩემი ურთიერთობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძის თქმით, ამ ყველაფრის მოტივი მისი აქტივობაა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ფიზიკურად.
„რაც ადამიანების მტვრევა, მოტაცება და წამება დაიწყეს, რაღაც მომენტში შეუძლებელი გახდა ჩემთვის სახლში გაჩერება. ვეღარ გავძელი იმ რისკების მიუხედავად, რაც მანამდე მაკავებდა. ქუჩაში გამოსვლიდან მეორე დღეს გააკეთეს ის, რასაც მანამდე ვიდეოებში ვწინასწარმეტყველებდი [მისი დაკავება და ნარკოდანაშაულში წაყენებული ბრალი]. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ქმნიდნენ ლეგენდას დიდი ხნით ადრეც. ტიკტოკზე შემოსული ხალხი წერდა, რომ მე ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვარ. საიდან გაქვს, მეც მაშოვნინეო. სარკასტულად და უხეშად ვპასუხობდი, დედაშენს ამოაქვს ჭიპით-მეთქი. ერთი წერდა, შეხედე რა კაიფშიაო, მეორე ეუბნებოდა, ჰო, მაგრამ სიმართლეს ამბობსო. ასეთი იყო ძალიან მრავალი. ასე თხზავდნენ ლეგენდას.
ნათია ბერიძე [პოსტივის „ჟურნალისტი“] მეტადონშიკს მეძახდა. თვეების მანძილზე გრძელდებოდა ეს და ჩემი ეჭვიც ამას ემყარებოდა, რომ ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. მათ [რეჟიმის] ეფექტურობას ჩემი რჩევებით ვამცირებდი. მეთოდები მქონდა შემუშავებული, როგორ დაგვეცვა თავი აქციებზე. როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, ამ მხრივ ვცდილობდი დახმარებას. დასამალი მე არაფერი მაქვს. ყველაფერს ხმამაღლა ვსაუბრობ, იმიტომ, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და თუ რამეს ვაშავებ, არც პასუხისმგებლობის აღება მიჭირს. ტიკტოკზე ფიზიკური მუქარებიც იყო. სისხლში გაბანავებთ და ისე დაგმარხავთ, ძაღლებიც ვერ გიპოვიანო და ა.შ.
სანაპიროზეც, პოლიციაშიც, პრეტენზიას რომ გამოვთქვამდი, მახსენებდნენ, აქციაზე რომ დადიხარ, რა გგონიაო, პოლიციაზე რომ ძალადობთო, ფოიერვერკებს რომ ისვრითო. სად დამინახე-მეთქი. შენ არ გისვრია, მაგრამ ხომ ამარაგებდიო“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ამის შემდეგ სხდომა გიორგი ახობაძის დაკითხვა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაგრძო. მისი მხრიდან გიორგი ახობაძის დაკითხვა მოიცავდა დამაზუსტებელ კითხვებს გიორგის მონათხრობთან დაკავშირებით. გიორგი ახობაძე განმეორებით ჰყვებოდა სანაპიროზე გაჩერების, კრიმინალურ პოლიციაში ყოფნის, სამართალდამცველებთან ურთიერთობის დეტალებს.
პროკურორი დაჟინებით ეკითხებოდა გიორგი ახობაძეს წარსულში სამართალდარღვევების შესახებ, რაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები აყენებდნენ შუამდგომლობას, რომ საქმესთან კავშირში არ იყო და ეს კითხვები განრიდებულიყო, გიორგიმ გამოთქვა ინიციატივა, რომ დაწვრილებით ისაუბრებდა.
„2019 წლამდე ხდება, რაზეც პროკურორი აკეთებს პედალირებას. მარიხუანის მოხმარებაა ორი ეპიზოდი და ერთხელ MDMA. 2019-ში იყო ბოლო ეპიზოდი. მე სასამართლოშიც მითქვამს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად იყო ჩემს ცხოვრებაში და ამაყი ვარ, რომ გადალახული მაქვს. ამის შესახებ სრულფასოვანი გამოძიება რომ ჩაეტარებინა პროკურორს, სამ სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებაში ნახავდა, რომ გავდიოდი რეაბილიტაციას ჩემი ტრავმის გამოც და ვვარჯიშობდი კვირაში რამდენჯერმე 3-4 საათი. ჩემი ნარკოტიკი შტანგა გახდა. დამეტყო კიდეც, რაც ვეღარ ვვარჯიშობ, წონაში მოვიმატე. არაფერი დასამალი მე არ მაქვს“, — განაცხადა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძემ გაიხსენა ასევე პოლიციასთან მისი წინააღმდეგობის ორი ეპიზოდი საპროტსტო აქციებზე წინა წლებში.
„რუსული ფრენების აღდგენის დროს იყო ერთი ეპიზოდი დაუმორჩილებლობის და მანამდე ბოტანიკური ბაღიდან „ბორინკა რადნოის“ რომ მოუჭრეს მიწა და მიუმაგრეს სახლზე. 7 მაისი იყო ეგ დღე, ჩემი დაბადების დღე. ეს ორი ეპიზოდი იყო. მახსოვს, პოლიცია მეუბნებოდა, 37 წლის კაცი იდეისთვის რომ იბრძვი, არ მჯერა, რამდენს გიხდიანო.
შეხლა-შემოხლა იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ნატა ფერაძე იყო პოლიციის მანქანაზე ამძვრალი. პატრულის მანქანის წინ იყო წაქცეული ხალხი. მძღოლი ვერ ხედავდა, საქარე მინაზე დავუკაკუნე. ხელზე მეკიდა საქორწინო ბეჭედი და ბრასლეტი. დაკაკუნებისას, ისე დავარტყი, რომ გაიბზარა. მივხვდი, რომ ისეთი რაღაც მოხდა, დამაკავებდნენ. კადრებიც არის, ალეკო ელისაშვილი არის ჩაფრენილი ჩემზე. ვეუბნებოდი, აზრი არ აქვს, გავყვეთ-მეთქი. წამიყვანეს იზოლატორში და საერთო ჯამში 2000 ლარით დამაჯარიმეს. ერთწლიან ნასამართლეობაში მეთვლება, ნასამართლევი რომ იყავი მანამდე, მაგიტომო“, — იხსენებს გიორგი ახობაძე.
პროკურორი გობეჯიშვილი დაინტერესდა, წარსულში დაკავებებს და სამართალდარღვევებსაც აქციებს ხომ არ უკავშირებს ახობაძე, მიმდინარე საქმის მსგავსად.
„რუსული კანონის ინიციირებამდე მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი, ჩემთვის ვიდექი აქციებზე. რუსული კანონის ინიციირებიდან დავიწყე ის აქტივობა, გამიჩნდა ის დიდი აუდიტორია, რაც მათთვის [ივანიშვილის რეჟიმისთვის] იყო ხელის შემშლელი. […] გამიჩნდა ათი ათასობით ფოლოუერი, ქუჩაში მცნობდნენ. მანამდე ჩემი აქტივობა კოღოს ნაკბენივითაც არ აწუხებდა რეჟიმს. რუსული კანონის ინიციირების შემდეგ, ეს შეიცვალა და გაჩნდა ჩემ მიმართ დაინტერესება“, — უპასუხა გიორგი ახობაძემ პროკურორს.
პროკურორი გობეჯიშვილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ჩაეკითხა გიორგის, რაზეც გიორგიმ დაკავებისას უარი განაცხადა უნდობლობის გამო და აღნიშნა, რომ ადვოკატების გარეშე აღარცერთ ღონისძიებაში მიიღებდა მონაწილეობას.
„10 დეკემბერს დილით, უკვე ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ვთქვი, რომ მზად ვიყავი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. 8 დეკემბრის ღამიდან მოყოლებული [დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის ღამე] გამოვაცხადე მშრალი შიმშილობა. ბუნებაში არ არსებობს არანაირი ნივთიერება, რომელიც შეიძლება ამ დროში [8-დან 10 დეკემბრამდე] დეტოქსიკაციის გარეშე ორგანიზმიდან ისე გამოიდევნოს, რომ არ გამოვლინდეს. ხელმისაწვდომი იყო ჩემი ტესტირება. მე ამაზე თანხმობა განვაცხადე“, — უპასუხა გიორგი ახობაძემ პროკურორს.
მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძემ 10 დეკემბრის დილას, უკვე ადვოკატებთან ერთად განაცხადა, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე თანახმა იყო, მისთვის ეს შემოწმება არავის დაუნიშნავს.
დღევანდელ სხდომაზევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა. მისი დასკვნითი სიტყვის წარმოდგენამდე დარბაზი გიორგი ახობაძის ყველა ახლობელმა და გულშემატკივარმა დატოვა.
„მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გთხოვთ, ცნოთ დამნაშავედ გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალში“, — განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.
პროკურატურა გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავება და მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მომდევნო სხდომა 22 ივლისს, 11 საათზე გაიმართება, სადაც დაცვის მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას. დიდი ალბათობაა, რომ ამავე სხდომაზე იტყვის გიორგი ახობაძე ბოლო სიტყვას და არაა გამორიცხული, რომ განაჩენიც ამავე დღეს გამოიტანოს რომეო ტყეშელაშვილმა.
ამავე თემაზე:








