საზოგადოება

რაზე შეთანხმდნენ „ლელო“ და გახარია

14 ივლისი, 2025 •
რაზე შეთანხმდნენ „ლელო“ და გახარია

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო — ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო შეთანხმებული კანდიდატებით გამოსვლას გეგმავენ.

ამას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელსაც დღეს ირაკლი კუპრაძემ და ბერდია სიჭინავამ მოაწერეს ხელი.

„ვაცხადებთ შეთანხმების საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კოორდინაციასა და ურთიერთთანამშრომლობას 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც უნდა გახდეს წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოების, პროტესტის მასშტაბური გეოგრაფიული გაშლის, ჩვენი ხალხის საერთო ბრძოლაში მნიშვნელოვანი დამატებითი ხაზის. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები ვთანხმდებით, კონსულტაციების შედეგად საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე შევარჩევთ საერთო, პარტიულად ნეიტრალური მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და/ან შევთანხმდებით ისეთ პარტიულ კანდიდატებზე, რომლებსაც ჩვენი პოლიტიკური და საარჩევნო რესურსებით ერთობლივად სრულად დავუჭერთ მხარს და ამ გზით გამოვრიცხავთ ერთმანეთთან წინასაარჩევნო ურთიერთკონკურენციას“, — ნათქვამია მემორანდუმში.

„ლელო“ და „საქართველოსთვის“ მზადყოფნას გამოთქვამენ, ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებასთან და მოძრაობასთან, პროტესტში ჩართულ აქტიურ ადამიანებთან და ცალკეულ ინდივიდებთან მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი