მძიმე დღე თენდება 3 ივლისი. რეჟიმი სინდისის ორი პატიმრის განაჩენის გამოსატანად ემზადება. ხალხი კი, უკვე შეგუებული, რომ სამართლის დრო ჯერ არ დამდგარა, პატიმრებისა და მათი ოჯახების გასამხნევებლად ირაზმება.
დილით 10:30 საათზე საბა ჯიქიას დასკვნითი სხდომაა დანიშნული, 15:00 საათზე — გიორგი მინდაძის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზში ჯერ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გამოიტანს მისთვის პირველ განაჩენს სინდისის პატიმრების საქმეებზე. მერე კი ნინო გალუსტაშვილი მოიშორებს მისთვის უკვე მეორე განაჩენს. როგორც პირველ ჯერზე, ამჯერადაც მე-15 დარბაზში. გალუსტაშვილისთვის პირველი განაჩენი მათესი იყო — 4 წელი და 6 თვე 21 წლის თმახუჭუჭა ბიჭისთვის, „სინათლის საძებნელად უსასრულო წყვდიადში“ მივდივარო, რომ დაიბარა. ციხეში თავისი გიტარა რომ ენატრება. საპროტესტო აქციებზე თელავიდან რომ დადიოდა. დარბევისას პოლიციელს მხარზე დროშის მუყაოს ტარი რომ მოარტყა.
„მე მხნედ ვარ, მზად ვარ, არ მეშინია“ — საბა ჯიქიას საქმე
საბა ჯიქიას განაჩენი 26 ივნისს უნდა დამდგარიყო, მაგრამ მოსამართლე სხდომის გადადების შუამდგომლობას დათანხმდა. 26 ივნისს საბა 19 წლის გახდა. „ვითომ 4 წელი და 6 თვე?“ — გვაჩვენა საბამ წარწერა პატარა უბის წიგნაკიდან ერთ-ერთ წინა პროცესზე, მათეს განაჩენის შემდეგ. გალიაში გამომწყვდეულ 19 წლის ბიჭს საკუთარ დაბადების დღეზე გამოუცხადო, კიდევ რამდენი წლითა და თვით ტოვებ პატიმრობაში, არც დედის ტოლი მოსამართლისთვის უნდა იყოს კომფორტის ზონა. 25 ივნისის სხდომიდანვე გამოგვაყოლა უბის წიგნაკიდან ამოხეულ ფურცელზე სხვა მინაწერი საბამ — „მე მხნედ ვარ, მზად ვარ. რაც მთავარია, არ მეშინია.“
„წინასწარ გილოცავთ საბას დაბადების დღეს“, — რამდენიმე ადამიანი მისძახის საბას დედას, წინა სხდომის დასრულების შემდეგ. ისიც ცრემლიანი თვალებით იხდის მადლობას და ხელით ყელსაბამს აწვალებს, ლათინური ასოებით მისი შვილის სახელი რომ იკითხება — S A B A.
საბა ჯიქია დეკემბერში დააკავეს. პროკურატურა, თამარ იაკობიძის სახით, ედავება პირველ დეკემბერს ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას და თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე აზუსტებს, რომ დაზიანება არ მიუღია. თავის მხრივ ამბობს, რომ „გააჩნია, რას ნიშნავს დარბევა”, მაგრამ „მისი შეხედულებით“, აქციის მონაწილეები არასდროს დაურბევია.
საბას ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი განმარტავს, რომ საბა ჯიქია სამართალდამცველს ვერ ამოიცნობდა იმ ადამიანში, რომელზე თავდასხმასაც ედავებიან. მას არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი არანაირი ნიშანი და ისე გამოიყურებოდა, როგორც ბევრი სხვა აქციებზე, მათ შორის, ე.წ. პროვოკატორებიც. საქმეს დართული აქვს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია ვიდეოზე და რომელსაც საბა ჯიქია ფეხზე ფეხს ურტყამს, მანამდე სხვა ადამიანებთან ხელჩართულ დაპირისპირებაშია. გაკავებული ჰყავს ერთი ადამიანი, შემდეგ ეჯახებიან, ხელს აშვებინებენ, ყველა ერთად ბორძიკობს და ამ დროს ჩნდება კადრში საბა.
როგორც საბა ამ ეპიზოდს იხსენებს, ცოტა ხნით ადრე წიწაკის სპრეი შეასხურეს. სასწრაფოს მანქანიდან ჩამოსულმა დაინახა, როგორ ძალადობდნენ ერთ-ერთ დემონსტრანტზე [სავარაუდოდ, სწორედ იმ პირზე, რომელიც ვიდეოში დაზარალებულად ცნობილ სპეცრაზმელს ჰყავს გაკავებული] და მისკენ გაიქცა.
იყო დრო, საბა ჯიქიას პროცესებს თითქმის არავინ ესწრებოდა. თითქმის არავინ იცნობდა საბას და თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ. მერე ხალხმა იმატა. საბას გულშემატკივრებს სასამართლოს მცირე დარბაზები ვეღარ იტევს. ბიჭი, რომელიც 60-იანი წლების ქართული კინოს პერსონაჟს ჰგავს, გაოცებას და სიხარულს ვერ მალავს. თვალებით პირველ რიგში დედას ეძებს ხოლმე, მერე ყველა დანარჩენს მოავლებს მზერას. სახე სულ ღიმილიანი აქვს.
„სასამართლო დარბაზში შემოსვლისას ბევრი უცნობი ადამიანის ნახვამ უეცრად დამაბნია. თუმცა წარწერების ნახვამ „საბა შენთან ვარ” დაბნეულობა სიამაყეში და მადლიერებაში გადაზარდა. რთულია ვიპოვო სიტყვები, რომლითაც შევძლებ იმ გრძნობის გადმოცემას, რომელიც თქვენმა ასეთმა მხარდაჭერამ განმაცდევინა.
მადლობა, მადლობა, მადლობა სასამართლოზე მოსვლისთვის და გულშემატკივრობისთვის.
რასაც მედავებიან, რასაკვირველია, აბსურდია! ან ის რამხელა კაცი მოიყვანეს. სამშობლოს დაცვისას მომიწია თავის დაცვაც. სირცხვილია, რომ ქართველისგან მიწევდა ორივეს დაცვა. ონჯღორე რე [„სირცხვილია“ მეგრულად]. მართლა ძალიან დამმუხტეთ. ვიბრძოლებ ბოლომდე! ანუ ბრძოლა გამარჯვებამდე და მის მერეც. კარგად კი ვიცინეთ“, — წერდა საბა ჯიქია ციხიდან გამოგზავნილ წერილში მაისის ბოლოს იმ პროცესის მერე, როდესაც ჩვეულებისამებრ ცარიელი დარბაზი გულშემატკივრებმა გაავსეს.
საბა რესტორანში მუშაობდა. დედასთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. კომპიუტერული მეცნიერებები აინტერესებდა და კურსების გასავლელად ემზადებოდა, როცა დააკავეს.
სხდომათა დარბაზში არიან მისი ბავშვობის მეგობრები მშობლიურ სოფელ ახალი აბასთუმნიდან, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და სადაც გაიზარდა საბა.
„ბავშვობიდან ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორიც ახლა აქვს. ციხეში მის ნახვას ვერასდროს წარმოვიდგენდით. რომ გავიგეთ, არც გვჯეროდა. ხანდახან გვირეკავს ხოლმე. ფილმებისა და მუსიკის ჩაწერა გვთხოვა. ბევრი ფილმი ჩავუწერეთ. მათ შორის „1984“. წიგნი წაკითხული აქვს. იმედია, შეგვაგზავნინებენ და ესეც მოეწონება. პაემანზე ერთხელ ვიყავით. რთული აქ არაფერია, მაგრამ ჩაკეტილობა ცუდად მხდისო. 36 წიგნი წავიკითხე, რაც აქ ვზივარო.
აქციებზე ჩვენც დავდიოდით, მაგრამ ამდენი პოლიტიკაზე საბას დაჭერამდე არ გვილაპარაკია. ყველაფერი გაურკვეველია სამომავლოდ ახალგაზრდებისთვის და სანამ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, იქამდე მოგვიწევს ბრძოლა“, — უყვებიან ნეტგაზეთს საბას ბავშვობის მეგობრები, ვალერი და გიგი.
ბოლო ორი სხდომაა, როცა დასასრულს საბა დარბაზიდან ბადრაგს გაჰყავს, თავს ატრიალებს და გულშემატკივრებს დაბალ ხმაზე, მაგრამ მტკიცედ ეუბნება, — „მალე მოვალ!“
„ჩვენი ნახვები და შეხვედრებიც დასასრულს უახლოვდება“ — გიორგი მინდაძის საქმე
3 ივლისი ნანი წულაიას დაბადების დღე თენდება, გიორგი მინდაძის გამზრდელი დედობილის. თუ საბას თავის დაბადების დღეზე განაჩენი არ გამოუცხადეს და 3 ივლისისთვის გადმოდეს, დღეს ნანი მოისმენს საკუთარ დაბადების დღეზე შვილივით გაზრდილი, ჩვილობაში დაობლებული მეზობელი ბიჭის განაჩენს. კიდევ ცოტა ხანში კი, 6 ივლისს, თავად გიორგი 22 წლის გახდება.
გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს წილკანში, ნათესავთან სტუმრად მყოფი დააკავეს. მას 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას ედავებიან, რამაც, ბრალდების თქმით, პოლიციელი დააზიანა. მასაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაცვის მხარის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, დაზარალებულად მიჩნეულ პოლიციელს, შმაგი ჯაჭვაძეს, დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმე ექსპერტმა, თინათინ ნინიაშვილმა კი სასამართლოში განაცხადა, რომ პოლიციელ შმაგი ჯაჭვაძეს 2 დეკემბერს, ექსპერტიზის ჩატარების დღეს, „აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობითი უბნების სახით მარჯვენა ბარძაყის არეში“ და დაზიანება, სავარაუდოდ, 2-4 დღის ხანდაზმულობის იყო.
გამოძიება გოჩა ონიანის პატაკის საფუძველზე დაიწყო, რომ სოციალურ ქსელში, პროპაგანდისტული „იმედის“ ვიდეოში ჩანდა პირი, რომელსაც პირბადე სანახევროდ ჰქონდა სახეზე ჩამოწეული და პიროტექნიკას ისროდა პოლიციის მისამართით.
სასამართლოს ჩვენება მისცა დაზარალებულად ცნობილმა შმაგი ჯაჭვაძემაც. პირბადით. დარბაზიდან კაპიუშონწამოფარებული გამოვიდა. მან თქვა, რომ დაზიანება მიიღო პიროტექნიკით, თუმცა ექიმის დახმარება არ დასჭირვებია და იმ დროს, როცა დაზიანება მიიღო, მხოლოდ გიორგი მინდაძე ისროდა ფეიერვერკს მთელ პერიმეტრზე.
საქმეს დართული აქვს გიორგი მინდაძის მიმოწერის სქრინი ერთ-ერთ ადამიანთან, სადაც წერს, — „Davxoce robokopebi“. პროკურორ როინ ხინთიბიძის მტკიცებით, ეს დასტურია, რომ მინდაძე ისროდა პიროტექნიკას სამართალდამცველების მიმართულებით, თანაც არაერთხელ.
ნანი პროკურორის სიტყვებს ისმენს. თან ეცინება, თან თავს აქნევს გიორგის დასანახად. მათი ხუმრობანარევი ურთიერთობის ყურება პროცესზე თან სევდიანი საყურებელია და თან სახალისო. „ისე მომენატრე, პროცესზე სულ უნდა გეკლოუნო“, — ეუბნება გიორგი მინდაძე ნანის, როცა ციხიდან ურეკავს. პროცესი იწყება და „დედი! წამო რა სახლში“, — ამ სიტყვებით ეგებება ნანი გიორგის, როცა ის ბადრაგს შემოჰყავს.
„ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან სასამართლოებზე და ზოგადადაც, ვერ გამოვხატავ იმ სიყვარულს, რასაც შინაგანად ვგრძნობ. და მინდა, ყველამ, ყველამ გაიგოთ, რომ ძალიან მიყვარხართ. დანარჩენზე კი, რომ გამოვალ, მერე. აშკარაა, ჩვენი ნახვები და შეხვედრებიც დასასრულს უახლოვდება. გული არ გაიტეხოთ. თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრის მეტყველი გამოხედვა არასდროს, არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან. მით უმეტეს, გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავიც შეგაყვარეთ.
ჩემო თანამებრძოლებო, იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის მოგების იმედი და რწმენა. იყავი ის ერთი ადამიანი ყოველთვის შენ.
წერილის ადრესატო, მომიყევი შენზე, თუ წერა არ გეზარება.
სიყვარულით, გიორგი ვალერის ძე მინდაძე
გლდანის N8 პენიტენციურიდან“
განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიასთვის განაჩენის გამოცხადება 10 ივლისამდე გადადო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.