მეთორმეტეკლასელი მოსწავლეების გუშინდელი საპროტესტო აქციის გამო, განათლების სამინისტრომ პასუხი საჯარო სკოლების დირექტორებს მოსთხოვა. მართალია, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დირექტორებმა თანამდებობები თავიანთი სურვილით დატოვეს, თუმცა ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დირექტორები გუშინ სწორედ სამინისტროში დაიბარეს და იქ მოთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა.
სკოლის დირექტორთა ასოციაციის დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ გუშინ, დაახლოებით 19:30 საათზე, 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, მობილური ტელეფონები და ხელჩანთები შესასვლელში დაატოვებინეს. დირექტორებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი შეხვდა, რომელმაც დირექტორებისგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებზე ხელმოწერა მოითხოვა.
თუთბერიძე ამბობს, რომ განცხადებებს ხელი ყველა დაბარებულმა დირექტორმა მოაწერა, გარდა #161 და # 149 საჯარო სკოლების დირექტორებისა.
#161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხელ მინდაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის გუშინ საღამოს ნამდვილად იმყოფებოდა განათლების სამინისტროში, თუმცა რისთვის, ამას არ აკონკრეტებს.
#149 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძეც ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ ისიც იმყოფებოდა და იქვე აცხადებს, რომ სამინისტროში დღესაც აქვს შეხვედრა ჩანიშნული: ” სამინისტროში შევეცდები დავამტკიცო, რომ #149 საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე არ ყოფილან, ამიტომ განცხადებას თანამდებობის დატოვების თაობაზე ხელს არ მოვაწერ” – ამბობს გიორგაძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს 23-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებებით გუშინ სამეურვეო საბჭოებს მიმართა. მინისტრის განცხადებით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა.
”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლების დირექტორებს. 8 საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს ამის თაობაზე. ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. ჩვენი კანონმდებლობით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა ამ პროცესებში. არსებობს სკოლის დეცენტრალიზაცია და სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს,” – ამბობს დიმიტრი შაშკინი.
შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით დაწერეს დირექტორებმა განცხადებები, შაშკინმა თქვა: ”მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით”.
,,მე მაქვს ურთიერთობა სკოლის დირექტორებთან და როცა მოხდა მათი სამინისტროში დაბარება, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ასეთი ვითარებაა. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ იბარებდნენ ღამე. რომ მივიდნენ, დახვდათ ეს ვითარება: იმ სკოლის დირექტორებმა უნდა დაწერონ განცხადება და წავიდნენ, რომელთა მოსწავლეებიც გამოვიდნენ გუშინ აქციაზე” – ამბობს თეა თუთბერიძე.
გუშინდელ აქციაში, რომელიც მეთორმეტეკლასელებმა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გამართეს, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის 20-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად რომელი სკოლის დირექტორებმა დატოვეს თანამდებობები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან არ ისურვა ამ სკოლების დასახელება.
ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს საჯარო სკოლებში ახსნა-განმარტებითი განცხადებები დააწერინეს იმ მოსწავლეებს, რომლებიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი სიები უკვე გადაზავნილია სამინისტროში.
დიმიტრი შაშკინმა დღესვე 23-ე საჯარო სკოლის დირექტორს უთხრა, რომ კარგად ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ მონაწილეობდა გუშინდელ აქციაში. მინისტრის ეს რემარკა მოჰყვა 23-ე სკოლის დირექტორის მხრიდან გახმოვანებულ ინფორმაციას, რომ გუშინდელ აქციაში მისი სკოლის მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.
Shashkinis da 23-e skolis direqtoris saubari mosawavleebis aqciaze by netgazeti.ge-1