ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ინფორმაცია ე.წ. ფარას (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) საფუძვლითაც გამოითხოვა.
თუმცა სასამართლოს განჩინებებში, რომლებიც ორგანიზაციებს გაუგზავნეს, სამართლებრივ საფუძვლებში ე.წ. ფარა დასახელებული არ იყო.
ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ინფორმაციას ე.წ. ფარათიც ითხოვდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასამთავრობოებმა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა გამოითხოვეს, რომლითაც უწყებამ სასამართლოს მიმართა.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობებიდან, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, ირკვევა, რომ უწყებამ ორგანიზაციებიდან ინფორმაცია 4 კანონის საფუძველზე გამოითხოვა:
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონი
- „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ (ე.წ. ფარა)
თუმცა სასამართლოს ბრძანებებში, რომლითაც ანტიკორუფციულ ბიუროს შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ანუ ე.წ. ფარა საერთოდ არაა ნახსენები. სასამართლომ ზემოხსენებული პირველი 3 კანონით დაუკმაყოფილა არასამთავრობოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობა.
ჩნდება კითხვა, რატომ გაქრა სასამართლოს განჩინებებიდან ე.წ. ფარა, როცა ანტიკორუფციული ბიურო, მათ შორის, სწორედ ამ კანონის საფუძველზეც ითხოვდა ორგანიზაციებისგან ინფორმაციას?
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტის, საბა ბრაჭველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამი სამართლებრივი საფუძვლით დაუკმაყოფილა, ბრძანებაში მაინც უნდა ყოფილიყო ნაჩვენები მსჯელობა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა ე.წ. ფარას საფუძვლით შუამდგომლობა.
„იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს სასამართლოს მიუკერძოებელი და ობიექტური მსჯელობის შედეგია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საფუძველი გაქრა. შეიძლება, მომავალში “გამოასწორონ” და ესეც ჩაამატონ. ამ ეტაპზე ამაზე დაზუსტებით რამის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, ისინი ელოდებიან ამ ინფორმაციას, რომ შემდეგში გამოიყენონ ე.წ. ფარას კანონმდებლობა და დამატებითი ვალდებულებები მეორე ეტაპზე მოგვთხოვონ და არა ახლა. ამისთვისაც არის შექმნილი ეს „გრანტების კანონი“ და ე.წ. ფარა ერთდროულად, რომ ხან ერთი გამოიყენონ და ხან მეორე, როგორც გაუხარდებათ“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
იურისტის თქმით, იმ სამართლებრივი საფუძვლებით, რაც ე.წ. ფარას გარეშე, სასამართლოს განჩინებაშია მოცემული, შეუძლიათ, რომ ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვება აუკრძალონ და ფაქტობრივი ყადაღა დაადონ.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონით სცადეს, რომ 2024 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ შეეზღუდათ საქმიანობა. ამ კანონით თუ მოხდება პოლიტიკური ინტერესის მქონე სუბიექტად ორგანიზაციის შერაცხვა, ფაქტობრივად, მას ეკრძალება დაკვირვება, უჩნდება დამატებითი ფინანსური დეკლარაციის ვალდებულებები და ა.შ. სახელმწიფო წყვეტს, რომ მათზე სპეციალური ზედამხედველობა უნდა დამყარდეს.
ამასთან, წინა წელს ვნახეთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, ფაქტობრივად, ერთგვარი ყადაღა გამოიყენა მაშინ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აუკრძალეს ყველა სახის ფინანსების დახარჯვა. შესაბამისად, ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეთოდი იმის, რომ პირდაპირ დახურვის გარეშე, ორგანიზაციებს საქმიანობა სრულად აუკრძალონ“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სასამართლოს განჩინებიდან ე.წ. ფარა გაქრა, შესაძლოა სტრასბურგის სასამართლო იყოს.
როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების, რომელიც აგენტების კანონებთან დაკავშირებით აქვს მიღებული.
„ვენეციის კომისიას და ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებს აგენტების კანონებთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ საფუძვლიდან ე.წ. ფარას ამოღება სტრასბურგის სასამართლოსაგან ერთგვარად მორიდების და რაღაცის გაპარების მცდელობაც იყოს“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.
ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში, რომელიც ორგანიზაციებმა მათთვის გაგზავნილი განჩინებების შემდეგ გამოითხოვეს, მტკიცებულებებსაც იმოწმებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ არასამთავრობოებზე ეჭვი მიიტანეს, რომ ისინი გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტები არიან.
მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს ერთ-ერთ მტკიცებულებად მოაქვს პროექტი „შენი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა და რომლის მიზანიც პროდასავლელი ამომრჩევლის ინფორმირება, მობილიზება და ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა იყო.
„პირველი მტკიცებულება, რაც არის წარმოდგენილი, ეს არის იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაწარმოებდით სადამკვირვებლო საქმიანობას და კამპანიას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მისულიყო არჩევნებზე, ანუ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოქალაქეებისთვის იმის თქმით, რომ არჩევნებზე მისვლა არის კარგი და იქნებ არჩევნებზე მივიდეთ. ამ შუამდგომლობიდან გამოდის, რომ ამის თქმა, დაკვირვების საქმიანობა და მოქალაქეებისთვის მოწოდება, რომ არჩევნებზე მივიდნენ, არის დამატებითი ვალდებულებების და ზედამხედველობის დაკისრების საფუძველი. ეს ძალიან აშკარა სიგნალია ყველასთვის, ვისაც მართლა სურს არჩევნებზე დაკვირვება, რომ მათზეც შეიძლება გავრცელდეს ანალოგიური მოცემულობა“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.
კერძოდ, 17 ივნისს მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.