საზოგადოება

23 საერთაშორისო ორგანიზაცია: ახალი კანონების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში დამოუკიდებელი მედია საფრთხის ახალი ტალღის წინაშეა

17 ივნისი, 2025 •
23 საერთაშორისო ორგანიზაცია: ახალი კანონების ამოქმედების შემდეგ, საქართველოში დამოუკიდებელი მედია საფრთხის ახალი ტალღის წინაშეა

მედიის უფლებებზე მომუშავე 23 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში ამოქმედებული ახალი რეპრესიული კანონების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ეფექტიანი ბერკეტები გამოიყენოს.

ამავდროულად, განცხადების ავტორი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას იმ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებენ.

“როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციას ცდილობს, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა და გადარჩენის ზღვარზე იმყოფება. ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად აკავებენ, ფიზიკურად ესხმიან თავს, აჯარიმებენ, აცემინებენ, ასევე ისინი ფინანსური და ინსტიტუციური რეპრესიების მსხვერპლნი ხდებიან.

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ორგანიზაციებთან ერთად კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, გამოიყენოს ეფექტიანი ბერკეტები „ქართული ოცნების“ მიმართ, რათა შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დევნა, შენარჩუნდეს დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება. ამავდროულად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად, დუმილს არ ნებდებიან”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ხსნის ე.წ. “FARA-ს ასლის” შესაძლო გავლენას ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე და აანალიზებს იმ საფრთხეს, რაც აღნიშნული კანონის ამოქმედებას მოჰყვება.

“ბოლო თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის ახალი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, ასევე ცვლილებები გრანტების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

შედეგად, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელები საფრთხის წინაშე დგანან – მათ წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ისინი „უცხოელი პრინციპალების“ სახელით მოქმედებდნენ. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მოეთხოვებათ, რომ აიღონ „საქართველოს მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“ მანამ, სანამ ისინი მიიღებენ რაიმე გრანტს საქართველოს ფარგლებს გარედან. მოსალოდნელია, რომ კანონის დარღვევად შეფასდება ისიც კი, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტებს უფასო ტრენინგს ჩაუტარებს.

დამოუკიდებელ მედიას საქართველოში შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდეს დარჩენილი მანამ, სანამ მას იძულებით დახურავენ, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მოუსპობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ კონკრეტულ საქმეებსაც  – მზია ამაღლობელის დაკავებას, ჟურნალისტების ადმინისტრაციულ დაჯარიმებებს, მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობას, “ოცნების” საჩივარს “ფურმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ პარტიისთვის მიუღებელი ტერმინების გამოყენების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს…

გარდა ამისა, ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

“მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC).

ეს საჩივრები დაიწერა იმ ტერმინების წინააღმდეგ, რომლებსაც მაუწყებლები იყენებენ, მათ შორისაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „არალეგიტიმური მთავრობა“, „ოლიგარქიული რეჟიმი“ და „რეჟიმის პატიმრები“. ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ ახლა დგანან შესაძლო სანქციების რისკის წინაშე, რაც შეიძლება იყოს გაფრთხილება, შინაარსის კორექცია, ჯარიმების დაკისრება ან საბოლოოდ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებაც.

ეს არის ცხადი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ დააწესოს მკაცრი ცენზურა და დაადუმოს დამოუკიდებელი მედია.

გარდა ამისა, ბოლო თვეებში პროტესტების გაშუქებისას ჟურნალისტები დაჯარიმდნენ დიდი ოდენობით. Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, “გზის გადაკეტვისთვის” 5,000 ლარის ოდენობის ჯარიმა 28 ჟურნალისტს დაეკისრა. ეს მაშინ, როდესაც თბილისში პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი რამდენჯერმე დაჯარიმდა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) დიდი ხანია ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს და ახშობს იმ ჟურნალისტების მცდელობებს, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურად დამოუკიდებლად იმუშაონ. ახლახან საზ. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტები – ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი – მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ ისაუბრეს მაუწყებელში პოლიტიკურ ჩარევაზე. მოგვიანებით მაუწყებელმა დახურა ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა „რეალური სივრცე“.

ამავდროულად, მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ქვეყნის ორი წამყვანი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, უსაფუძვლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში დააკავეს. Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია სულ მცირე 13 ჟურნალისტი სხვადასხვა ბრალდებით. ამავე პერიოდიდან 246 ჟურნალისტი გახდა ფიზიკური შევიწროების, დისკრედიტაციის, პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, სამართლებრივი დევნისა და დაჯარიმების მსხვერპლი.

მედიის თავისუფლებას უტევენ სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული უფლებების სწრაფი და სისტემური დემონტაჟის ფონზე.

თუ არ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და მუდმივი ზეწოლა როგორც მმართველი პარტიის, ისე იმ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მედიის გაჩუმებაზე არიან პასუხისმგებელნი, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საქართველოში გადარჩენის შანსი აღარ ექნება.

მედიის თავისუფლების, დემოკრატიული უფლებებისა და ჟურნალისტების უფლებების შელახვა, მზარდი ავტორიტარიზმისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის პარალელურად, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის დემოკრატიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჰქონდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი ქვეყანაში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. International Press Institute (IPI)
  2. European Federation of Journalists (EFJ)
  3. European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
  4. Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa
  5. Index on Censorship
  6. Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP)
  7. Society of Journalists (Warsaw)
  8. South East Europe Media Organisation (SEEMO)
  9. Media Diversity Institute
  10. Media Diversity Institute Global
  11. Justice for Journalists Foundation
  12. RNW Media
  13. Ossigeno.info
  14. Reporters Without Borders (RSF)
  15. IFEX
  16. Association of European Journalists in Belgium (AEJ Belgium)
  17. IMS (International Media Support)
  18. Global Forum for Media Development (GFMD)
  19. Democracy Reporting International (DRI)
  20. Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS)
  21. PEN International
  22. Public Media Alliance (PMA)
  23. Committee to Protect Journalists (CPJ)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი