სინდისის პატიმრების საერთო რაოდენობა 60-ს ასცდა. თუმცა რიცხვების უკან კონკრეტული გვარ-სახელები, გვარ-სახელებს უკან კი კონკრეტული წარსული და მომავალია.
ნაწილს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, თანაც ორგანიზებულს, ნაწილს — სამართალდამცველზე თავდასხმას, ნაწილს — სათვალთვალო კამერების დაზიანებას, პოლიტიკოსებს — თეა წულუკიანის კომისიის უპატივცემულობას. 6 ადამიანს კი სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობა ნარკოტიკების საქმედ დაუჯდა.
შესაძლოა, გათვლა სწორედაც იმაზე იყო, რომ სტერეოტიპებზე თამაშით ადვილად შეკერილიყო საქმეები ისეთი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვის დამნაშავეობასაც საზოგადოება შედარებით ადვილად დაიჯერებდა: რუსეთის მოქალაქე სამი ახალგაზრდა, ერთი ტატუებიანი ახალგაზრდა კაცი, 22 წლის ბიჭი ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით, ერთიც ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი.
ყველა ამ საქმეში ბრალდებულები და მათი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკები ჩადებულია. თითოეულ სხდომაზე მოწმეების, პროკურორების, ადვოკატების და თავად ბრალდებულთა მოსმენისას, რა მიკერძოებული და სტერეოტიპულად მოაზროვნე მსმენელიც არ უნდა იყო, ფაქტი ფაქტად რჩება:
- არ არსებობს ნეიტრალური მოწმე;
- არ არსებობს კამერის ჩანაწერები, რითაც დადასტურდებოდა ნარკოტიკების ამოღება;
- არ დასტურდება ნარკომოხმარება.
სამაგიეროდ, სახეზეა:
- მოწმე პოლიციელები, რომლებიც წერტილ-მძიმით იმეორებენ ერთმანეთის ჩვენებებს;
- ვიღაც საიდუმლო ინფორმატორი, რომლის დასახელების ვალდებულებას სასამართლოც არ აკისრებს;
- ბრალდებულის დნმ „ამოღებულ“ ნარკოტიკებზე — ნერწყვი და ოფლი, რომელიც დაცვის მხარის თანახმად, პირში და იღლიებში რეზინის ხელთათმანის გამოსმით პოლიციელებმა თავადვე მოიპოვეს და თავისსავე ჩადებულ ნარკოტიკზე ამავე ხელთათმანებითა და ჩხირებით გადაიტანეს.
შედეგად, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ ნიკუშა კაციას, გიორგი ახობაძეს, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს, თედო აბრამოვს, ანტონ ჩეჩინს.
„იმდენად იდენტურია ხელწერა, სტრატეგია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებიდან შეგვიძლია ამოვიღოთ რომელიმე X პიროვნება და ჩავსვათ Y პიროვნება. სურათი ერთია“, — ამბობს ნეტგაზეთთან ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე.
ციმბირიდან საქართველოში
ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული 26 წლის ანტონი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში გაიცნო მომავალი მეუღლე, მანჩო სამხარაძე. რუსეთი რეპრესიების გამო დატოვა, პუტინის რეჟიმის, ომის წინააღმდეგ გამოსვლების და შემდეგ დევნის გამო. იყო შემთხვევები, თითოკაციანი აქციებიც რომ გაუმართავს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა კოლექტიური სარჩელით ამ დევნასთან დაკავშირებით და ის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სულ ცოტა ხნის წინ მოიგო კიდეც. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა თავშესაფარი საქართველოში იპოვა და აქ დაფუძნდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინს გადარჩენილი თავს ამოყოფდა „ქართული ოცნების“ ტყვეობაში.
„ჩემი აქტიურობა დაიწყო ციმბირში – მიტინგებში ვმონაწილეობდი პუტინის რეჟიმის, სისხლიანი ომისა და ციხეებში სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ. საქართველოში რეპრესიების გამო ჩამოვედი. მხარს ვუჭერდი უკრაინელებს, ვმონაწილეობდი „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში“, — წერდა იანვარში ციხიდან გამოგზავნილ წერილში ანტონ ჩეჩინი.
თბილისის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ანტონ ჩეჩინი ჯერ დააჯარიმეს, მაშინ საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2024 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და დაემუქრნენ, რომ აქციებისთვის თავი დაენებებინა. მორიგ ჯერზე პოლიციის ყურადღება ანტონ ჩეჩინს ბევრად ძვირად უჯდება. „ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში ხდება“, — ასეთია ანტონის შეფასება ქართული ციხის საკნიდან.
2024 წლის 3 დეკემბერს, დილით ადრე, საცხოვრებელ სახლთან სამსახურისკენ მიმავალს მიაკითხეს. მისი ადვოკატის თქმით, ანტონს პოლიცია მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სწორედ ამ დროს ჩაუდეს ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ მტკიცებულად წარმოადგინეს, როგორც „ტანთმოსილი“ ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული თეთრი, ფხვნილისებრი ნივთიერება. საქმეში არ არსებობს ანტონ ჩეჩინის გაჩერებისა და ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაკავებას და ჩხრეკას დაესწრებოდა, რაც კონსტიტუციური მოთხოვნაა. პოლიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ანტონ ჩეჩინი წინააღმდეგობას უწევდა („ძიძგილაობდა“) და გადაღება ამიტომ ვერ მოახერხეს. ნეიტრალური მოწმის სახით თარჯიმანია წარმოდგენილი, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, „საეჭვო მოქმედებაა“.
„თარჯიმნის ფუნქცია იმით ამოიწურება, რომ ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება ან/და დოკუმენტი. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს, რაც იმით აიხსნება, რომ პროცესის სხვა მონაწილე შეიძლება დაინტერესებული იყოს თარგმანის შინაარსით. შესაბამისად, ვფიქრობთ, თარჯიმანსაც ვერ ექნება პროცესის სხვა მონაწილის, მათ შორის, მოწმის მოვალეობის შესრულების უფლება“, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩეჩინის საქმის მიმოხილვაში.
ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ჩეჩინი წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა და თავად არის მათი მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი.
„ვინმემ დაგავალათ, რომ ჩემთვის ნარკოტიკი ჩაგედოთ?“ — ეკითხება ანტონ ჩეჩინი ერთ-ერთ სხდომაზე მოწმე პოლიციელს, ზურაბ რუსიშვილს, რომელიც მის ჩხრეკასა და დაკავებაში იღებდა მონაწილეობას.
ზურაბ რუსიშვილი, პროკურორ შმაგი გობეჯიშვილთან ერთად, ბრალდებულის ამ კითხვით აღშფოთებულია. საერთოდაც, მას ადვოკატის არცერთი კითხვა არ მოსწონს და მრავალმნიშვნელოვნად გადააქნევს თავს და გადაატრიალებს ხოლმე თვალებს. პროკურორი განმარტავს, რომ ბრალდებული ჩეჩინი პოლიციელ რუსიშვილზე ზეწოლას ახდენს.

ზურაბ რუსიშვილი. მოწმე პოლიციელი ანტონ ჩეჩინის საქმეში
პერიოდულად, ყოველ ორ თვეში ერთხელ განიხილება ხოლმე, წინასწარი პატიმრობა განაჩენის გამოტანამდე ხომ არ შეიძლება შეიცვალოს გირაოთი ან რამე სხვა ზომით. მხარეებსაც და რიგით დამსწრეებსაც ესმით, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა. მიჯრით და თითქმის ამოსუნთქვის გარეშე ჩაარაკრაკებს პროკურორი გობეჯიშვილი, რომ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ასევე ჩარაკრაკებით იზიარებს ამ არგუმენტებს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ყოველ ჯერზე მაინც ცდილობს დაასაბუთოს, რატომ არ და ვერ მიიმალება ვერსად ანტონ ჩეჩინი, მით უმეტეს, რუსეთში. და საერთოდ, რომელი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეა ლაპარაკი, „ძველიც“ არ დამტკიცებია.
ძალადობა ციხეში
წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე მსჯელობენ მაშინაც, როცა რაღაც ახალი გარემოებები იკვეთება. 16 ივნისს ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმეს დართვოდა ის დოკუმენტები, რაც 6 ივნისს ანტონ ჩეჩინზე ციხის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობრივ მოპყრობას უკავშირდებოდა. ადვოკატმა ამ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა ანტონისთვის პატიმრობის შეცვლაც. თუმცა, უშედეგოდ. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ჩეჩინისთვის წარდგენილ ბრალთან ამ გარემოებებს კავშირი არ აქვს და საქმეს არა მტკიცებულად, არამედ, ცნობის სახით დაურთო სახალხო დამცველისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიმართვის წერილები.
6 ივნისს მომხდარი ანტონ ჩეჩინმა საკუთარ წერილში თავადვე აღწერა.
„მსურდა გადაყვანა არამწეველთა კამერაში. ამის შესახებ მივმართე ციხის თანამშრომლებს. […] გადამიგრიხეს ხელები და სცადეს კამერიდან ძალის გამოყენებით გავეყვანე, მიზეზის განმარტების გარეშე. დაახლოებით 5–6-მა თანამშრომელმა ძალის გამოყენებით გამიყვანა კამერიდან. შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი, რატომ მოქმედებდნენ ასე. კამერიდან გაყვანის შემდეგ დაიწყეს ყვირილი და შეურაცხყოფა რუსულ და ქართულ ენებზე. შემდეგ დაიწყეს ფიზიკური ტკივილის მოყენება და მემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, უფრო მეტად მეტკინებოდა. თანამშრომლებს ვუთხარი, რომ თავში სიმსივნე მაქვს და ვუჩიოდი გულსა და ხელზე ტკივილს. ვთხოვე, ექიმს შევემოწმებინე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ჩემს თხოვნაზე. ამის შემდეგ მიმიყვანეს საკარცერო საკანში, სადაც დაახლოებით 2 საათი გავატარე. […] ვიცი, რომ რუსეთშიც ციხის თანამშრომლები ზუსტად ასე არღვევენ პატიმრების უფლებებს“, — წერდა ანტონ ჩეჩინი.
ანტონ ჩეჩინისთვის მიყენებული ზიანი, ჩალურჯებები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
გულშემატკივრებით ნაკლული დარბაზი
ანტონ ჩეჩინის პროცესები გულშემატკივართა სიმრავლით არ გამოირჩევა. აქ ძირითადად რამდენიმე ერთსა და იმავე სახეს ნახავთ: სერგეის (სახელი შეცვლილია), რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ანტონის სასამართლო სხდომებზე დასასწრებად დასავლეთ საქართველოს ერთი პატარა ქალაქიდან ჩამოდის. გვთხოვს, რომ მის გვარსა და საცხოვრებელს ნუ დავაკონკრეტებთ. იქიდანაც რომ გამაგდონ, არ გამიკვირდებაო, ამბობს. აქ შეხვდებით მარინას, რომელსაც განსაკუთრებით მიაქვს გულთან ყველა იმ სინდისის პატიმრის ამბავი, რომელიც ეთნიკური ქართველი არ არის და საქართველოში ბევრი ნათესავ-მეგობარი არ ჰყავს. ამიტომ, თავი მარტოდ რომ არ იგრძნონ, ყველა მათ პროცესს ესწრება. აქვე შეამჩნევთ სტანისლავს, რომელიც ასევე პოლიტიკური დევნილია რუსეთიდან, და კიდევ რამდენიმე ადამიანს მსგავსი ისტორიით.
„საოცარი ხალხი ხართ ქართველები და დამიჯერეთ, ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, როგორ იმეორებთ ჩვენს შეცდომებს. რუსეთის შეცდომებს, ბელარუსის შეცდომებს. ყველა იმ პროტესტს ვადევნებდი თვალს და ვგულშემატკივრობდი საქართველოში, რაც ბოლო წლებში იყო. მათ შორის, აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლებს. ეს კანონები რუსეთში მიღებული კანონების ასლებია და ვიცი, რა უბედურება მოიტანა ამან იქ.
მილიონამდე რუსი გაექცა პუტინის რეჟიმს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ისინი გაექცნენ სირცხვილს. სირცხვილს საკუთარი ხელისუფლების და საკუთარი ხალხის გამო. არ მინდა, ეს საქართველოშიც ვნახო. არ მინდა ვნახო, როგორ გარბიან ადამიანები საკუთარი ქვეყნიდან.
გთხოვთ, რომ იაროთ სასამართლო სხდომებზე. ათობით პროცესს დავსწრებივარ რუსეთში. მე ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რა მნიშვნელოვანია, როცა დარბაზში გულშემატკივარი გეგულება და არ ხარ მარტო. მოგიწოდებთ, რომ მისწეროთ წერილები პატიმრებს.
სიკეთე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს. მაგრამ უნდა შეამზადოთ თავები, რომ ეს ბრძოლა ხანმოკლე არ იქნება. თქვენი ძალა ერთობაშია. ისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე, რუსების, ბელარუსების შეცდომებზე. ირწმუნეთ, რომ საკმარისად ძლიერები და მამაცები ხართ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ. გული მეგლიჯება, როცა ვხედავ, რომ გაერთიანება გიჭირთ.
მე მჯერა, რომ ბრძოლა აუცილებელია. იმის მიუხედავად, როგორი იქნება შედეგი. ანტონს კი გამარჯვების სჯერა. ის ჩემზე უფრო ოპტიმისტია. თქვენთან მედიას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. ჩვენთან ნავალნი რომ მოკლეს, მისი ადვოკატებიც ჩასვეს და ის ჟურნალისტებიც, ვინც მაგ ამბებს აშუქებდა. ბოროტება განვითარების ადრეულ ეტაპზევე უნდა შეაჩეროთ, თორემ ისე იცხოვრებთ, როგორც რუსეთში“, — ამბობს ნეტგაზეთთან სერგეი.
ანტონ ჩეჩინის ქართველი მეუღლე მანჩო სამხარაძე სხდომებს დერეფნიდან, დარბაზში შემავალი კარის სარკმლიდან უყურებს. ის დაცვის მხარის მოწმეა და პროცესებზე დასწრების უფლება არ აქვს, სანამ ჩვენებას არ მისცემს.
„არ მინდა ხალხი შევაწუხო და ვთხოვო, რომ ანტონის პროცესებზე იაროს. თუმცა ეს ძალიან გამიხარდებოდა და მასაც გააბედნიერებდა. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მოდის. მათ შორის, სრულიად უცხო ადამიანები, ვისაც აქამდე არ ვიცნობდით. ხან იმედიანად მხვდება. მაგრამ ზოგჯერ არ ვიცი, რა ვუთხრა, როცა ციხეში პაემანზე შევდივარ და იმედდაკარგულს ვხედავ. ძალიან უხარია, როცა წერილებს იღებს“, — გვეუბნება ანტონის მეუღლე.
„რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და სასამართლოში ხდება, სამწუხაროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ხელი ჩავიქნიოთ და დავნებდეთ. ჩვენი, ადვოკატების უკან არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იმსახურებენ თავისუფლებას. არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, ვსაუბრობ თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკანონოდ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში“, — გვეუბნება მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ანტონის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე და სხვა ადვოკატების მსგავსად, ისიც წინასწარ ემზადება საქალაქო სასამართლოს შემდეგ ყველა მომდევნო ინსტანციის გასავლელად, რომ სინდისის პატიმრებისთვის ოდესმე სამართლიან გადაწყვეტილებას მიაღწიოს.
დაცვის მხარის ვარაუდით, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი აგვისტოში დადგება. მანამდე კი, მომდევნო სხდომა 27 ივნისს დაინიშნა.