საზოგადოება

წაიკითხე, სანამ ნიმესილს იყიდი

9 ნოემბერი, 2010 •
წაიკითხე, სანამ ნიმესილს იყიდი

ანტიბიოტიკი დოქსიციკლინი, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ეფცენი და კიდევ რამდენიმე სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც, ანოტაციების მიხედვით, მხოლოდ რეცეპტით უნდა გაიცემოდეს, 22 წლის ნინო ბერიძეს დერმატოლოგმა სახეზე ძლიერი გამონაყარის სამკურნალოდ დაუნიშნა. «ავერსის» აფთიაქში პაციენტისთვის ფარმაცევტს რეცეპტი არ მოუთხოვია. სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ, იგივე მედიკამენტები  ნინო ბერიძემ პსპ–ს აფთაქში იყიდა. ექიმის დანიშნულება არც იქ მოუთხოვიათ.

 

საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონი, 1997 წლიდან დღემდე, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას კრძალავს და დანაშაულისთვის  500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.  თუმცა ამ დანაშაულისთვის რეალურად არავინ ისჯება და საკითხი არც კონტროლდება.

 

ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინათინ ტურძელაძე ამბობს, რომ როდესაც ერთი თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტების შემოღების ინიციატივით გამოვიდა, სამინისტრომ  ფაქტობრივად, უკვე არსებული მუხლის ინიცირება გააკეთა, რადგან  ამ სფეროში სირთულეებს ხედავს.

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის მიერ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ქვეყანში რეცეპტების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია.

 

მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ძალაში რჩება მხოლოდ ძველი შეზღუდვა – ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების რეცეპტებით გაყიდვა, თუმცა კანონში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა

 

ჯანდაცვის ექსპერტი თინათინ ტურძელაძე მიიჩნევს, რომ კანონში მუხლის, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტები რეცეპტებით უნდა გაიცემოდეს, საერთოდ ამოღება სამინისტროს მიზანშეწონილად არ ეჩვენება, რადგან ის გარკევეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

 

«ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება არის არანაკლები პრობლემა, ვიდრე ნარკოტიკების გამოყენება. უბრალოდ, ნარკოტიკებზე უფრო ბევრს საუბრობენ. გავა წლები და შესაძლოა, პირველი ანტიბიოტიკის გამომგონებელი გახდეს საგინებელი, რადგან ანტიბიოტიკს ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ადამიანის იმუნიტეტზე და დღეს, როდესაც  ისედაც ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას საზოგადოება,  დაბალი იმუნიტეტი ჩვენს არგადარჩენას ნიშნავს»,– ამბობს ტურძელაძე.

 

ჯანდაცვის ექსპერტიც და ექიმებიც ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკის მიღება დანიშნულების გარეშე საერთოდ არ უნდა ხდებოდეს.

 

«თქვენ კარგად იცით, გრიპის დროს როგორ არის გავრცლებული ანტიბიოტიკის გამოყენება. ეს გაუგებარია. ვირუსი გაცილებით უფრო კომფორტულია ანტიბიოტიკის ფონზე ორგანიზმში, ვიდრე მის გარეშე. ანტიბიოტიკი ებრძვის არა ვირუსს, არამედ ვირუსისგან გამოწვეულ გართულებას. და სანამ არ არის გართულება, მისი მიღება არ შეძლება», –ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

პროფესორი, საქართველოს დიაბეტისა და დიაგნოსტიკური ცენტრების დირექტორი, რამაზ ყურაშვილი მომხმარებელს ანტიბიოტიკის გამოყენებისგან, მის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის განსაზღვრის გარეშე, თავის შეკავებას ურჩევს.

 

«ლაბორატორიული გამოკვლევით, უნდა გაირკვეს,  როგორია ამა თუ იმ მიკრობის  გამძლეობა ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ,–ამბობს რამაზ ყურაშვილი. 

 

გარდა ამისა, ანტიბიოტიკის სინჯის გარეშე მიღებამ, ექიმის აზრით, შესაძლოა ანაფილაქსიურ შოკში ჩააგდოს პაციენტი, იმის გამო, რომ ის ალერგიულია.

 

«ამიტომაც, ასევე, უნდა განიზაღვროს ადამიანის მგრძნობელობა ანტიბიოტიკის მიმართ, დოზა და  მოხმარების ვადები. ამ მხრივ, ყველაზე გამკაცრებული კონტროლი ნიდერლანდების სამეფოშია», –ამბობს ყურაშვლი.

 

პროფესორი  ყურაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ვერც ერთი ანტიბიოტიკი ვერ უშველის რომელიმე კონკრეტულ ინფექციას, თუკი ორგანიზმი მას დროთა განმავლობაში შეეჩვია.

 

2007 წლის 22 მარტის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში, რომელიც ანტიმიკრობული (ანტიბიოტიკების) პრეპარატების მოხმარებაზეა, ნათქვამია, რომ  ანტიბიოტიკების მოხმარება გლობალურ ჯანდაცვის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით,

 

ანტიბიოტიკების არბი რაოდენობა აძლიერებს მიკრობსაწინააღმდეგი პრეპარატების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას. რასაც მივყავართ იქამდე, რომ წამლების დიდი რაოდენობა ხდება არაეფექტური ინფექციური ავადმყოფობების მიმართ. ბევრი ქირურგიული პროცედურა და მკურნალობა კი  წარმოუდგენელია ანტიბიოტიკების გარეშე. არაზესისტენტულობა არის ხშირად მიზეზი დაავადებების ხანგრძლივობისა და სიკვდილიანობისა.

«ანტიბიოტიკის მიღებამ, შესაძლოა, ისე წაშალოს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის სურათი, რომ მისი მკურნალობა საერთოდ შეუძლებელი გახდეს», –ამბობს  კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე.

 

საქართველოში ანტიბიოტიკების, ისევე როგორც სხვა პრეპარატების  ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას  თავად ექიმებიც  ქვეყანაში ზოგადი სოციალური მდგომარეობით ხსნიან.

 

ჯანდაცვის ექსპერტ ტურძალაძის  თქმით, თუ მუხლი, რომელიც სამკურნალო საშუალებების რეცეპტების გაცემას ეხება, პრაქტიკაში ამოქმედება, იმის  გამო, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი ადამიანების მკურნალობისთვის არ აქვს, სრულ კატარსტოფას გამოიწვევს.

 

«ქვეყანა არის ღარიბი. რეცეპტების ინსტიტუტი ძალიან კარგი იქნებოდა ძალიან მდიდარი ქვეყნისთვის, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია მოსახლეობას დაეხმაროს. თუ ჩვენ შევზღუდავთ თვითმკურნალობას  და ადამიანს ვეტყვით, არა, შენს ჩემ გარეშე ვერ იმკურნალებ, და, ამავე დროს, ვთავაზობთ ძვირადღირებულ სერვისს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არათუ არაკვალიფიციური, საერთოდ, მკურნალობის გარეშე ვტოვებთ. თუ ლარიანი წამალი 31 ლარი დაუჯდა მოქალაქეს–ლარი წამალში და 30 ლარი ექიმთან ვიზიტის, ცხადია, ეს არ იმუშავებს», –ამბობს თინათინ ტურძელაძე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებების მიხედვით, დანიშნულების გარეშე სამკურნალო საშუალებების, მათ შორის, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება,  გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რადგან ეს, ძირითადად, სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებელობებზეა დამოკიდებული.

 

თინათინ ტურძელაძის თქმით, ჯანდაცვისთვის საკმარისი თანხები არათუ საქართველოს, აშშ–ს მთავრობასაც არ აქვს.

 

«აშშ–ს ბოლო რეფორმაც ამაზე იყო, რომ სამედიცინო დაზღვევას მოეცვა აშშ–ს მთელი მოსახლეობა. თუმცა  38 მილიონი მოსახლე იქაც ჯანდაცვის მომსახურების გარეშე დარჩა და პრაქტიკულად თვითმკურნალობის რისკი აშშ-ც არსებობს», –ამბობს ტურძელაძე.

 

გამოსავალს ჯანდაცვის ექსპერტი, ჯერჯერობით, მხოლოდ იმაში ხედავს, რომ პაციენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ამა თუ იმ მედიკამენტზე სრულყოფილი ინფორმაცია.

 

«ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად უნდა მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე სრულყოფილ მოცვაზეც კი არ არის საუბარი–ჩვენ არ გვიდგას არჩევანი კარგსა და საუკეთესოს შორის – ვაკეთებთ არჩევანს ცუდსა და უფრო ცუდს შორის», –ამბობს თინათინ ტურძელაძე.

 

ავერსის ოფიციალურ ვებ–გვერდი მომხმარებელს სწორედ ასეთ სერვისს სთავაზობს,  მომხმარებელს შეუძლია საძიებო სიტყვის გრაფაში ჩაწეროს მისთვის სასურველი მედიკამენტი და მის შესახებ ანოტაციაში სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.

 

თუმცა, თუ მომხმარებელი გრაფაში, მაგალითად, ერთ–ერთ ყველაზე უფრო მოთხოვნად ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას –კეტანოვს ჩაწერს, მასზე ანოტაციას ვერ მოძებნის – გვერდი ცარიელია. ვებ გვერდზე არ მოიძებნა, ასევე, ანოტაცია ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე–ნიმესილზე.

 

ნიმესილის ანოტაციის გაცნობა პაციენტს, უცხოურ ვებ–გვერდებზეც შეუძლიათ. ანოტაციის მიხედვით, ნიმესილი დიდი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ასაკში და დიაბეტის დროს, რადგან მის შემადგენლობაში შედის შაქარი. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ასევე, მაღალი არტერიული წნევების, გულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ანოტაციის მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია ნიმესილის  მიღება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში.  არ შეიძლება ნიმესილის მიღება ფეხმძიმეებისთვის და ძუძუთი კვების დროს. ნიმესილის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც პრეპარატის მიღებამ ცენტრალური ნერვული სისტემაც დააზიანა, მისმა ხანრგძლივმა მოხმარებამ კი, შესაძლოა ანემიაც გამოიწვიოს.

 

ნიმესილის ანოტაციის მიხედვით, ის პაციენტები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა სისწრაფესა და ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს, გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ პრეპარატმა, შესაძლოა ძილიანობა და თავრბუსხვევა გამოიწვიოს.

 

 ორივე პრეპარატი, ნიმესილიც და კეტანოვიც, მათი ანოტაციის მიხედვით, გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. თუმცა თუ მომხმარებელმა, რომელსაც ინტერნეტთან წვდომის საშუალება თითქმის არ აქვს, შესაძლოა, ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენების შესახებ ინფორმაცია საერთოდ ვერ გაიგოს.

 

ნეტგაზეთის გამოკითხული  თხუთმეტი მოქალაქიდან თერთმეტს ნიმესილიც და კეტანოვიც ექიმის დანიშნულების გარეშე ჰწონდა მიღებული.  ყველა მათგანი ამბობდა, რომ არც კი გაუგიათ ამ წამლების უკუჩვენებების შესახებ.

 

ავერსის ფარმაცევტი ეკა ვარდანია ამბობს, რომ იცის ამ უკუჩვენებების შესახებ და ისიც, რომ ანოტაციის მიხედვით, რეცეპტით უნდა გაიცეს, თუმცა ამბობს, რომ არავინ ავალდებულებს ეს პაციენტსაც უთხრას.

 

თუმცა ზოგჯერ არც ანოტაციის წაკითხვაა საკმარისი პრეპარატზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.

 

ქართული ფარმაცევტული კომპანიის «ავერსის» წარმოებულ დიდროფს, რომელიც  ანოტაციის მიხედვით,  ურეცეპტოდ გაიცემა, ნინო ქურთიშვილი რამდენიმე თვეა იღებს.

 

ცხვირის აეროზოლი– დოდროფი, ანოტაციის მიხედვითვე, იგივე  ქსილომეტაზოლინია. ქსილომეტაზოლინის  შემცველობით წარმოებული პრეპარატები კი, რეცეპტით და სიფრთხილით ინიშნება, რადგან უკუჩვენებების გარდა, იწვევს შეჩვევას და დროთა განმავლობაში პაციენტს ის უფრო ჭარბი რაოდენობით ჭირდება.

 

ჯანდაცვის ექსპერტი, თინათინ ტურძელაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეები  რეცეპტის გარეშე პრეპარატების  ყიდვის შეზღუდვას არ უნდა უცდიდნენ, თავადვე უნდა მოიძიონ  ინფორმაცია და არჩევანი გააკეტონ:

 

«მთლიანად სახელმწიფო ვერ გააკეთებს ჩემზე კარგად ჩემს გასაკეთებელს. ამასთან,  ჩემი ყურადღებაც დუნდება, როდესაც მე აბსოლუტურად დამოკიდებული ვხდები სხვაზე,  შედეგი მაინც ვერ დადგება», –ამბობს ტურძელაძე.

 

საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ტურძელაძის თქმით,  სხვადასხვა საგანმანათლებლო გადაცემებისა და ჯანდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითაც შესაძლებელია.

 

«საზოგადოებას მუდმივად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ანტიბიოტიკები არ მოიხმარონ დანიშნულების გარეშე. აკრძალვით კი, უფრო მეტად შეუწყობს ხელს მთავრობა შავი ბაზრის გაჩენას ქვეყანაში, რაც  საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებშიც შეინიშნებოდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც იყო ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული, რამდენია ქვეყნის მოთხოვნა და მიწოდება. დღეს ერთადერთი პლუსი, რაც ჩვენს ბაზარს აქვს,  ისაა, რომ ის ლეგალიზებულია. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კი, სადაც არის აკრძალვა, არსებობს შავი ბაზარი. დღეს მთელმა თბილისმა იცის, თუ სად შეუძლია მათი ურეცეპტოდ ყიდვა», –ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

 

 რა სტრატეგია და გეგმები გააჩნია საქართველოს მთავრობას რეცეპტების ინსტიტუტთან დაკავკშირებით და სად ხედავს ის პრობლემას, ამ კითხვებით ჩვენ ჯანმრთელობის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი