ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში პირველი კომენტარი გააკეთა “ქართულ ოცნებაზე” და განაცხადა, რომ ამჟამად თეთრი სახლი განიხილავს ვარიანტებს, რა ზომებს მიმართოს.

“ქართული ოცნების” მთავრობის შესახებ კითხვა მარკო რუბიოს კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა. მან “ოცნება” დაახასიათა ანტიამერიკულ მთავრობად, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესებს ატარებს საქართველოში.

მარკო რუბიომ საპასუხოდ განაცხადა შემდეგი:

“დავუბრუნდები იმას, რაც მანამდეც ვთქვი: აშშ-ის მიზნები ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ჩვენ ამას შევხედავთ და ვიტყვით, არის ჩვენს ინტერესში, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? და თუ არა, შესაბამის ზომებს მივიღებთ, რათა ამ მთავრობას ფასი გადავახდევინოთ. ეს ამჟამად განხილვის საგანია და ჩვენ ვუყურებთ ვარიანტებს, დამატებით შესაძლებლობებს. არ შემიძლია ახლა თქმა, სპეციფიკურად რისი გაკეთებას ვაპირებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის, რაც განიხილება. ეს კარგი მაგალითია, რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ადგილობრივ ოფისს, რომ მივიღოთ რჩევები, რა ზომებზე ექნება რეაგირება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას”, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს ამ კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.

13 მაისს გავრცელებულ წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.

ამასთან, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის სანქციები ძალაში რჩება.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ტრამპის განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.

კობახიძემ 21 მაისს დაადასტურა, რომ მისი წერილისთვის თეთრი სახლიდან არავის უპასუხია, თუმცა “ოცნების” თავმჯდომარის თქმით, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია.

პერსონალურად მარკო რუბიოს არა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტს მანამდე “ქართულ ოცნებაზე” კომენტარი გაკეთებული აქვს. ვაშინგტონის თანახმად, “ოცნებაში” კარგად იციან იმ ნაბიჯების შესახებ რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის

“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობითი კომენტარი.