“რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”, – ასე ეხმაურება ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გამოწვევის ამბავს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ოცნებამ” მისი კანდიდატურა გაიწვია, არის ის, რომ მან სამსახურიდან არ დაითხოვა თეა მაისურაძე.
თეა მაისურაძე ელჩის თანამდებობიდან კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ გადადგა. ამის შემდეგ ის პოლოლიკაშვილმა მიიწვია მასთან სამუშაოდ, რამაც ამ უკანასკნელის ცნობით, “ოცნების” მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია.
თეა მაისურაძე ამ საკითხს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
“ზურა პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.
ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.
მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.
რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს”, – წერს თეა მაისურაძე.
პოლოლიკაშვილმა “ფორმულას” ეთერში აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ, საარჩევნო კამპანიაში დასახმარებლად, თეა მაისურაძე დაასაქმა, რომელიც მანამდე ჩეხეთში ელჩი იყო, “ქართული ოცნება” კი კატეგორიულად მიუთითებდა, ის გაეთავისუფლებინა.
“მე ჩემს ვარაუდსა და ეჭვს პირდაპირ მოვყვები. 25 იანვრამდე ძალიან ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებდი და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. არის ერთი ადამიანი თეა მაისურაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი. თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით, რამდენიმე თვით, რათა დამხმარებოდა კამპანიის პროცესში.
მდინარაძემ რაც თქვა დღეს, სამი თუ ოთხი თხოვნაო, ეს თხოვნა არ იყო. ძალიან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან. მე მათ ავუხსენი, ისე, როგორც თქვენ გიხსნით, რომ ასე ერთ დღეში ვერ მოვხსნიდი ამ ადამიანს. ვთხოვე, მოეცათ ჩემთვის საშუალება, მემუშავა ამ ადამიანთან, რომელიც 8 წელი, ჩემი არჩევნების დროს მეხმარებოდა. ამაზე დიდი ისტერიკა ატყდა. თეაც შეგნებული ადამიანია და რომ დაინახა, რომ ასეთი ისტერიკა იყო, თავად გადაწყვიტა აღარ ემუშავა ჩემთან”, – ამბობს პოლოლიკაშვილი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, არ იცის ბიძინა ივანიშვილმა მიიღო თუ არა გადაწყვეტილება. რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა და თავის დროზე, მისი კანდიდატურაც ირაკლი კობახიძემ დააყენა, გაწვევის შემდეგ ის კვლავ მასთან დაკავშირებას ცდილობდა.
“ერთადერთი, რასაც ამ ორ დღეში მოსმენილიდან შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ ვამბობდი, არ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, დააყენეთ სხვა კანდიდატურა, ვისაუბროთ და თუ რამე არასწორად გავაკეთე ბოდიშსაც მოვიხდი – მეთქი. არ იღებდნენ ტელეფონს – ვინც ჩვენ თავში ჩაგვარტყამს, იმის ტელეფონს არ ავიღებთო.
ბიძინა ივანიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება. პრემიერი კობახიძეა და ვურეკავდი მას, ვინც წარმადგინა თავის დროზე”, – აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
რა ხდება?
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ პოსტზე მეორე ვადა მას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და მესამე ვადით იყო წარდგენილი აღნიშნულ თანამდებობაზე. თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია და თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერს მხარს.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა, რომ კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია და ირაკლი კობახიძისგან მოითხოვა განმარტება, რაში გაცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.
„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის, რატომ გააკეთა ეს. 3 კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
კობახიძემ დაადასტურა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილს არ პასუხობს, რადგან ის ამას „არ იმსახურებს“. მან საქართველოს კანდიდატურის გამოწვევის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რომ „კონკრეტულმა სახელმწიფოებმა” დაიწყეს საქართველოს ელჩების დაბარება და უკმაყოფილებს გამოთქვა, რომ საქართველოს კანდიდატის მესამე ვადით არჩევის სურვილზე. ირაკლი კობახიძეს არ დაუსახელებია სხვა მიზეზები და ის, თუ რა „სახელმწიფოებრივ ინტერებს“ დაუპირისპირდა ზურაბ პოლოლიკაშვილი.