გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი შაიხან ალ ნუვაისია ნომინირებული. სწორედ ის ჩაანაცვლებს ზურაბ პოლოლიკაშვილს აღნიშნულ პოსტზე.

მისი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა არაბულმა ემირატებმა, იგი მონაწილეობდა 29–30 მაისს მადრიდში გამართულ აღმასრულებელი საბჭოს 123-ე სესიაზე, სადაც სხვა კანდიდატებთან, მათ შორის საბერძნეთის, მექსიკისა და განის წარმომადგენლებთან შედარებით, უპირატესობა მოიპოვა.

თუმცა მისი დანიშვნა მოითხოვს დამტკიცებას გაეროს ტურიზმის გენერალური ასამბლეის მიერ, რომელიც დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში.

თუ გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს მის კანდიდატურას, შაიხა ალ ნუვაისი გახდება პირველი ქალი, რომელიც დაიკავებს UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობას ორგანიზაციის 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

ახალი კანდიდატურის წამოყენებამდე, ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლიდან იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ პოსტზე მეორე ვადა მას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და მესამე ვადით იყო წარდგენილი აღნიშნულ თანამდებობაზე. თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია და თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ალ-ნუვაისს დაუჭერდა მხარს.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა, რომ კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია და ირაკლი კობახიძისგან მოითხოვა განმარტება, რაში გაცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.

„თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის, რატომ გააკეთა ეს. 3 კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

პოლოლიკაშვილის თქმით, UNWTO-ს გენერალურ მდივნობაზე მისი კანდიდატურა “ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია