საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 11 ადგილით ჩამოქვეითდა და 50.53 ქულით 180 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა.
წინა, ანუ 2024 წლის ინდექსში საქართველო 103-ე ადგილს იკავებდა.
„ოფიციალური ჩარევა ასუსტებს პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. გარემო კვლავინდებურად რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა კი იზრდება. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ეწევა, აყენებს მათ ცენზურის საფრთხის წინაშე და ამცირებს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს“, — ნათქვამია RSF-ის ანგარიშში.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აფასებს ქვეყნებში პრესის თავისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების ინდიკატორებით.
RSF-ის თანახმად, მედიაგარემო საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიკურად ძლიერად პოლარიზებული. მედიასივრცეში ფართოდ გავრცელებულია მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, რომელმაც რედაქციული ხაზი შეიცვალა ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, და საზოგადოებრივ მაუწყებელთან (GPB) დაკავშირებით, რომელმაც მთავრობის ჩარევა განიცადა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ფინანსურ სირთულეებს ებრძვიან, ბეჭდვითი მედიის აუდიტორია კი კლებულობს, მაშინ როცა ონლაინ მედიასაშუალებების პოპულარობა იზრდება.
პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში აღნიშნულია, რომ ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასეთ გარემოში კი მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების კონტროლისთვის მტკიცე კონკურენციაა. RSF-ის შეფასებით, ძირითადი სატელევიზიო არხები, როგორც წესი, მფლობელების ინტერესებს იცავენ, რომლებიც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან არიან დაახლოებული. იგივე ეხება სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ მედიასაც, რომელზეც ხელისუფლება ძლიერ ზეგავლენას ახდენს.
„პარალელურად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს კრიტიკულ მედიასთან ურთიერთობაზე და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, დისკრედიტაციის კამპანიებსა და მუქარას“, — ნათქვამია ანგარიშში.
„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ჯერ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით; და წარსულში მიღებული რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაპლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც რუსული „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის იდენტურია და ზღუდავს მედიის თავისუფლებას.
„სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ამ კონფიდენციალურობას იცავს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ეკონომიკურ კონტექსტში ანგარიში ხაზს უსვამს სუსტად განვითარებული სარეკლამო ბაზარს, რომელიც განსაკუთრებით კლებულობს ბეჭდვით და ონლაინ მედიაში, რომლებიც ძირითადად დასავლელი დონორების ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებენ.
„კერძო მფლობელობაში მყოფი მედიასაშუალებების ეკონომიკური სირთულეები კიდევ უფრო გამწვავდა „უცხოური გავლენის“ კანონის შედეგად, რომელიც ზიანს აყენებს დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ მედიას, ასევე სარეკლამო კანონმდებლობის ცვლილებების ფონზე, რაც ხელს უშლის სამართლიან კონკურენციას ძლიერ სუბსიდირებულ სახელმწიფო მედიასთან“, — ნათქვამია ანგარიშში.
სოციოკულტურული კონტექსტში „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატულ დაძაბულობას ისეთი თემების მიმართ, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ საკითხები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. აღნიშნავს, რომ გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები, მაგალითად, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ხდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიყურადების ობიექტები, რაც ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას არღვევს.
უსაფრთხოების კომპონენტთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.
„2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრაქციების დროს, უსაფრთხოების ძალების უმოქმედობის ფონზე, დაახლოებით 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლად იქცა. გამოძიების გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მიუთითებს იმ დაუსჯელობაზე, რომელიც დამნაშავეებს უზრუნველყოფს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემდეგ“, — აცხადებს RSF.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიუთითებს ერთი ჟურნალისტის (მზია ამაღლობელი) მიმდინარე პატიმრობაზე და ასევე, „ბათუმელების“ ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავებაზე.
„მზია ამაღლობელი, ცნობილი და პატივსაცემი ჟურნალისტი ციხეშია, უკანონოდ დაკავებული 11 იანვრიდან. მისი საქმე სიმბოლოა დღევანდელი რეპრესიებისა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს კავკასიის რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა. პოლიციის უფროსისთვის დაძაბულ სიტუაციაში, ხალხის გარემოცვაში რეფლექსური სილის გაწვნის მიღმა მას უფრო მკაცრად ექცევიან პროფესიის გამო და ბრალად ედება მძიმე დანაშაული (პოლიციელზე თავდასხმა – მიუხედავად „თავდასხმის“ მკაფიო სამართლებრივი დეფინიციის არარსებობისა). არ განიხილება ის ფაქტი, რომ მისი ქმედება იყო პასუხი პროვოკაციაზე. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, თუმცა მაინც წინასასამართლო პატიმრობაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის გამო უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული“, — განუცხადა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ Civil.ge-ს.