საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში.
2025 წლის 16 აპრილიდან ამ თანამდებობას რევაზ ნადარაია იკავებს. მერაბ ტურავას უკვე ამოეწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა.
- რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, როცა მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო
მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც რუსული კანონის მოქმედება შეაჩერა. სარჩელი რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე კი ამ დრომდე არ განუხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო კონსტიტუციის დაცვა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა, „ფარული მოსმენების საქმეა“. ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.
მერაბ ტურავამ ამ საქმეზე „ბათუმელებს“ 2024 წლის 29 ივლისს უთხრა, გადაწყვეტილება მალე გვექნებაო, თუმცა ისე დატოვა პოსტი, რომ ვერც ეს პირობა შეასრულა.
„ამ საქმეში 600 გვერდია მხოლოდ ოქმი, ასევე მთელი კანონმდებლობა და სისტემაა გასაანალიზებელი, რომ საკითხი უშეცდომოდ და ძირფესვიანად იქნას გადაწყვეტილი. ეს საქმე [ფარული მოსმენები] დასრულებულია და მალე გვექნება გადაწყვეტილება“, –გვითხრა 2024 წლის ივლისში მერაბ ტურავამ.
„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე