საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

25 აპრილი, 2025 •
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

„ის საპატიო მისია, რომელიც დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, შევასრულე და დღეს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. შესაბამისად, მინდა, რომ ეს დრო გამოვიყენო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პირადი მიზნების განსახორციელებლად და ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო სხვა სფეროში“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, თუმცა ჯერ არ იცის, სად.

მან მადლიერება გამოხატა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და თავისუფლების გარანტი.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამორიცხა ოპოზიციაში გადასვლა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ ჯარისკაცად რჩება.

„ვის უნდა დავუპირისპირდე? თუ მეკითხებით, იმიტომ გადავდექი, რომ ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სპეკულაციებს ნუღარ გაიმეორებთ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მოუწიოს.

„ჯერ მადროვეთ წასვლა“, — თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავი აარიდა პასუხებს ირაკლი კობახიძესთან უთანხმოებასთან დაკავშირებით კითხვებზე.

მან თქვა, რომ საქართველოში რჩება და არცერთ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ განიხილავს.

კითხვაზე, დაუსანქცირებელი მიდის თუ არა პოლიტიკიდან, ღარიბაშვილმა უპასუხა:

„ჩემთვის არ არის ცნობილი. რატომ უნდა მქონოდა [სანქცია], ან სხვები რატომ დაასანქცირეს?“

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და ლიდერებთან ჰქონდა საუბარი, თუმცა ბევრმა მისი წასვლის შესახებ ამ ბრიფინგით გაიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი