უკრაინაში, ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია. დაშავებულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. მათ შორის არიან ბავშვები. სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
თავდასხმა 13 აპრილს, დილით, კიევის დროით 8-დან 9 საათამდე პერიოდში მოხდა. ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდა ქალაქის დასახლებულ რაიონში, დაეცა საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ობიექტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის 2025 წელს რუსეთის ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა უკრაინაზე.
“მტრის რაკეტები ურტყამს ქალაქის ქუჩებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი მიდის ეკლესიებში: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე. მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა. წაიღოს უდანაშაულო ადამიანებისგან სიცოცხლე. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია”, – წერს ზელენსკი ფეისბუქზე.
რამდენიმე დღით ადრე, რუსული რაკეტები ჩამოვარდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ დნიპროში. შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 20-მდე მოქალაქე. უფრო ადრე, 4 აპრილს, რუსეთი თავს დაესხა ზელენსკის მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს, სადაც გარდაიცვალა 18 ადამიანია. მათგან 9 ბავშვია. თავდასხმები გრძელდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით ცდილობს.