აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, მას ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და სამშვიდობო შეთანხმებისკენ „სწორი გზით“ მიდიან.
„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ზარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ ზარს, რათა თანხვედრაში მოვიყვანოთ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვართ და ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს, განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური ელექტროსადგურების საკითხები. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება, ძალიან დაეხმაროს ამ ქარხნების მართვაში თავისი ელექტროენერგიითა და პრაქტიკული გამოცდილებით.
„ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, თეთრი სახლის სპიკერ კეროლაინ ლევიტს ჰკითხეს აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულთან დაკავშირებით გარიგების შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იყო ორივე ქვეყნის საუბრის მთავარი თემა. მან თქვა, რომ აშშ გასცდა წიაღისეულის შეთანხმებას და ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან ითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, განსაკუთრებით, „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემები. თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, „რათა მოეძიებინა, რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, თქვა, რომ „დადებითი, ძალიან შინაარსობრივი და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და მადლობა გადაუხადა მას 11 მარტს ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის გუნდების კარგი და პროდუქტიული მუშაობის დაწყებისთვის.
„ამ შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებისკენ სვლას. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ომის რეალური დასასრულისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკასთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია ამ წელს“, — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გაუზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და განხილული ძირითადი საკითხები.
უკრაინა დაეთანხმა, რომ ომის სრულად დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების დასრულება. უკრაინამ მხარი დაუჭირა და მზად არის ამ ნაბიჯის იმპლემენტირებისთვის.
„ჩვენმა გუნდებმა განიხილეს ეს ნაბიჯი ჯიდაში. ასევე, ამერიკულმა მხარემ ჩვენს გუნდს შესთავაზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტზე და უკრაინამ ეს წინადადებაც მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის დროს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების შესაძლებლობის შესაქმნელად. მე ასევე მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობისა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ კურსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ წაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისა და შეერთებული შტატების მომლაპარაკებელთა გუნდებს დაევალეთ, გადაეჭრათ ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.
უკრაინული და ამერიკული მხარეები მზად არიან, უახლოეს დღეებში ერთმანეთს შეხვდნენ საუდის არაბეთში, „რათა გააგრძელონ მშვიდობისკენ მიმავალი ნაბიჯების კოორდინაცია“.
„ჩვენ დავავალეთ ჩვენს მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რომ ეს სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. აღვნიშნეთ ჩვენი მრჩევლებისა და წარმომადგენლების — რუბიოს, უოლცის, კელოგის, ერმაკის, სიბიჰას, უმეროვის და პალისას პოზიტიური მუშაობა. შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისკენ წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინელებს სურთ მშვიდობა, რის გამოც უკრაინამ მიიღო წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპის კონცეფციის მნიშვნელობა ძალის მეშვეობით მშვიდობის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე და ჩვენი გუნდების მეშვეობით“, — აცხადებს ზელენსკი.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 18 მარტს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმაც და კრემლმაც გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, თუ რის შესახებ გაიმართა საუბარი და რაზე (ვერ) შეთანხმდნენ მხარეები.
ორივე მხარის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ნათელი ხდება, რომ მხარეებმა 30-დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადებაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
თუმცა პუტინი დათანხმდა, 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იმავე ნაბიჯს კიევიც გადადგამს. მედიის ცნობით, უკრაინა დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას.
პუტინი ასევე თანახმაა, რომ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე დადოს შეთანხმება. ამ ამბის დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
თეთრი სახლის თანახმად, ამ გადაწყვეტილებებმა უნდა მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტის სრულ შეთანხმებამდე, რომელზეც მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
კრემლის თანახმად, ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო პირობად დაასახელეს უკრაინაში „ფორსირებული” მობილიზაციის და კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერება.
ტრამპმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს პოტენციურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ ირანი არასდროს უნდა იქცეს ისეთ ძალად, რომელსაც ისრაელის განადგურება შეეძლება.