აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.
საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმაც და კრემლმაც გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, თუ რის შესახებ გაიმართა საუბარი და რაზე (ვერ) შეთანხმდნენ მხარეები.
ორივე მხარის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ნათელი ხდება, რომ მხარეებმა 30-დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადებაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ეს არის წინადადება, რომელსაც დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკი და აქტიურად უჭერს მხარს დონალდ ტრამპი.
თუმცა, როგორც ირკვევა, პუტინი დათანხმდა 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს.
პუტინი ასევე თანახმაა, რომ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე დადოს შეთანხმება. ამ ამბის დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
თეთრი სახლის თანახმად, ამ გადაწყვეტილებებმა უნდა მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტის სრულ შეთანხმებამდე, რომელზეც მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
კრემლის თანახმად, მათ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო პირობად დაასახელეს უკრაინაში “ფორსირებული” მობილიზაციის და კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერება.
რუსეთი მზადაა უკრაინას გადასცეს 23 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი. ასევე, 175 უკრაინელი ტყვე გაუცვალოს 175 რუს ტყვეში.
კრემლიც აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში ზავის საკითხზე იმუშავებენ.
ტრამპმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს პოტენციურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ ირანი არასდროს უნდა იქცეს ისეთ ძალად, რომელსაც ისრაელის განადგურება შეეძლება.