ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი.

სასამართლო სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.

სიტყვით გამოსვლისას ამაღლობელმა თქვა, რომ ის ჩვენებები, რაც მოწმე პოლიციელებისაგან მოისმინა, ყალბია და მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენებებში სიმართლე არის მხოლოდ ის, რომ  შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერი ნამდვილად გააკრა.

“საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც მე ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად. რაც შეეხება 11 იანვარს ჩემს უკანონო დაკავებებს, ჩემ მიმართ იყო შეურაცხმყოფელი მოპყრობა პოლიციის სამმართველოში. შემდგომ იყო საუბარი, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები შეწყვიტაო. ეს არის სიცრუე, რადგან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია და არც მოწოდებები მქონდა. ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდაო, რაც ასევე სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომელიც ამას დაადასტურებს, თუ არ ჩავთვლით თავად მათ ჩვენებებს. ზოგადად, საზოგადოებრივ სივრცეში და საჯაროდ, 50 წლამდე ვარ და არასოდეს არავისთვის მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის- „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

არსებობს ვიდეოჩანაწერები, რითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ხელმეორედ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. იმ საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე პროცესად მიმდინარეობს. მას შემდეგ იგი უკანონოდ დაპატიმრებულია. პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.