ვენეციის კომისიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოთხოვნით, გადაუდებელი პროცედურით შეაფასა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები.
აღნიშნული ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის დაფარვა და ლაზერის ტარება, გაიზარდა შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, სპონტანური შეკრების დროს სავალდებულო გახდა თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება.
ვენეციის კომისიის მიერ საკანონმდებლო პროცესის ანალიზმა აჩვენა, რომ კანონპროექტები ნაჩქარევად იქნა მიღებული, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, რაც „ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმაციას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროპორციულობა არ შეფასებულა და შედეგად, „კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურად ნაკლოვანად“.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები უამრავ ბუნდოვან და ფართო დებულებებს მოიცავს და ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს.
„ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და ზრდის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების რისკს. სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, თან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებული ჩანს. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე“, — ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ორეტაპიანი საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებულია შეკრების თავისუფლების და სხვა ძირითადი უფლებების მრავალი შეზღუდვა, რომლებიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია კანონიერების პრინციპებთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ გადახედოს მათ.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა; ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა; კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე; სახის დაფარვის აკრძალვის დაზუსტება და დავიწროება; პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტების“ სფეროს ზუსტად განსაზღვრა და ვიწრო მნიშვნელობით გამოყენება და სპონტანური შეკრებების შესახებ შეტყობინების მიღების ნორმატიული წესის დადგენა