გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან-დემოკრატების“ (CDU/CSU) ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მისი პრიორიტეტი ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება იქნება.
ამის შესახებ მან 23 თებერვალს, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
„ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ეტაპობრივად ნამდვილად მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-სგან… არასდროს მეგონა, რომ მსგავსი რამის თქმა მომიწევდა სატელევიზიო გადაცემაში. მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია, რომ ამერიკელები, ყოველ შემთხვევაში ამერიკელების ეს ნაწილი, ეს ადმინისტრაცია, დიდწილად გულგრილია ევროპის ბედის მიმართ“, – განაცხადა მერცმა.
მერცის განცხადებით, ევროპას შესაძლოა ახალი თავდაცვის სტრუქტურის შემუშავება დასჭირდეს ნატოს შემცვლელად.
„ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ მივდივართ ნატოს სამიტისკენ ივნისის ბოლოს… ჯერ კიდევ ვისაუბრებთ ნატოზე მისი ამჟამინდელი სახით, ან მოგვიწევს თუ არა ევროპის დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობის ჩამოყალიბება ბევრად უფრო სწრაფად“, – განაცხადა მერცმა.
ფრიდრიხ მერცმა ასევე გააკრტიკა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც გერმანიის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უჭერდა მხარს.
„უბრალოდ შეხედეთ ბატონი ილონ მასკის ბოლოდროინდელ ჩარევებს გერმანიის საარჩევნო კამპანიაში – ეს უნიკალური მოვლენაა… ვაშინგტონის ჩარევები არანაკლებ დრამატული, მკვეთრი და საბოლოოდ აღმაშფოთებელი იყო, ვიდრე ის ჩარევები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ მოსკოვიდან.
ჩვენ ორი მხარის ისეთი მასიური ზეწოლის ქვეშ ვართ, რომ ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი ახლა ნამდვილად არის ევროპაში ერთიანობის შექმნა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
რაც შეეხება უკრაინას, მერცის განცხადებით, მას აქვს გარკვეული იმედი შემორჩენილი, რომ აშშ-ის კონგრესი და თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან უკრაინას სრულად არ ამოიღებენ.
„არ ვარ დარწმუნებული, როგორი იქნება ამერიკის მთავრობის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით უახლოეს კვირებსა და თვეებში.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ რუსეთი და ამერიკა იკრიბებიან აქ, უკრაინის და, შესაბამისად, ევროპის ხელმძღვანელების მიღმა“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სამართლიანი მშვიდობისთვის, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის სამი წელი. ევროპაში ომის სამი წელი. უკვე სამი წელია, ჩვენ თან გვდევს ნგრევისა და ომის დანაშაულების შემზარავი სურათები. ევროპა აგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა ძლიერ პოზიციაში“, – დაწერა მერცმა X-ზე.
წინასწარი მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ (CDU/CSU) გაიმარჯვეს, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გავიდა.
AfD, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და ევროზონიდან გასვლას მოითხოვს.
მესამე ადგილს იკავებენ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD), რომელსაც მწვანეები მოსდევენ. სავარაუდოდ, ამ ორ ძალასთან შეეცდება კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებას პირველ ადგილზე გასული პარტია, კანცლერი კი 69 წლის ფრიდრიხ მერცი გახდება. თუმცა ალიანსში შემავალი „ქრისტიან სოციალური პარტია“ (CSU) საარჩევნო კამპანიის დროს მწვანეებთან კოალიციას გამორიცხავდა, ახლა ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ CDU გამორიცხავდა მწვანეებთან კოალიციას მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, CDU ძმური პარტიის CSU-ს ლიდერმა მარკუს სოდერმა ახლა ARD-ის Berliner Runde-ზე განაცხადა, რომ ასეთი კოალიცია აღარ არის მიღწეული.
5%-იანი ბარიერი გადალახა ულტრამემარცხენე Die Linke-მ, ხოლო ბარიერის ზღვარზე არიან სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური ალიანსი (BSW) და თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP).