ახალი ამბები

გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს, AfD მეორეზეა — წინასწარი შედეგები

23 თებერვალი, 2025 •
გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს, AfD მეორეზეა — წინასწარი შედეგები

წინასწარი მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ (CDU/CSU) გაიმარჯვეს, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გავიდა.

AfD, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და ევროზონიდან გასვლას მოითხოვს.

მესამე ადგილს იკავებენ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD), რომელსაც მწვანეები მოსდევენ. სავარაუდოდ, ამ ორ ძალასთან შეეცდება კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებას პირველ ადგილზე გასული პარტია, კანცლერი კი 69 წლის ფრიდრიხ მერცი გახდება. თუმცა ალიანსში შემავალი „ქრისტიან სოციალური პარტია“ (CSU) საარჩევნო კამპანიის დროს მწვანეებთან კოალიციას გამორიცხავდა, ახლა ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ CDU გამორიცხავდა მწვანეებთან კოალიციას მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, CDU ძმური პარტიის CSU-ს ლიდერმა მარკუს სოდერმა ახლა ARD-ის Berliner Runde-ზე განაცხადა, რომ ასეთი კოალიცია აღარ არის მიღწეული.

5%-იანი ბარიერი გადალახა ულტრამემარცხენე Die Linke-მ, ხოლო ბარიერის ზღვარზე არიან სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური ალიანსი (BSW) და თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP).

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის პირველ პროექციის მიხედვით, შედეგები ასე ნაწილდება:

  • ქრისტიან-დემოკრატები (CDU/CSU) — 29%
  • ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – 19,6%
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) — 16%
  • მწვანეები — 13,3%
  • მემარცხენეები (Die Linke) — 8,6%
  • თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) — 4,9%
  • BSW — 4,7%

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შოლცის სამფეროვანი კოალიციის დაშლის შედეგად დაინიშნა, ამომრჩეველთა ძალიან მაღალი, 84%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი