ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ფარული მოსმენის გამო, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე „რომანჩენკო და ხარაზიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
მომჩივნები, ანა რომანჩენკო და ნიკა ხარაზიშვილი დავობდნენ, რომ მათი სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა და ჩაწერა — რაც 400 000 კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკების გარეშე გაყიდვის საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოხდა — არღვევდა მათი პირადი ცხოვრებისა და კორესპონდენციის უფლებას.
2020 წლის 3 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკების გარეშე მოსალოდნელი უკანონო რეალიზაციის შესახებ. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქალაქო სასამართლოსგან მიიღო ნებართვა რვა პირის, მათ შორის რომანჩენკოს და ხარაზიშვილის მოსმენის თაობაზე. რომანჩენკო „ნადერის“ დამფუძნებლისა და დირექტორის კანონიერი წარმომადგენელი იყო, ხოლო ხარაზიშვილი — მისი ქმარი. პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არც ერთი განმცხადებელი არ სარგებლობდა იმუნიტეტით და არ ეკუთვნოდა პროფესიას/თანამდებობას, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო ღონისძიების გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. თუმცა ანა რომანჩენკო იყო პრაქტიკოსი ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სათვალთვალო პერიოდში სუს-მა დააფიქსირა, რომ ანა რომანჩენკოს არც ერთი სატელეფონო საუბარი არ იყო გამოვლენილი, როგორც პოტენციური ინტერესი გამოძიებისთვის, და თავდაპირველი შენახვის შემდეგ ისინი არ იყო ჩაწერილი. რაც შეეხება მეორე განმცხადებელს, მისი მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი იქნა ჩაწერილი და შეტანილი შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში.
ანა რომანჩენკო მიუთითებდა, რომ მისი, როგორც ადვოკატის, მოსმენა იყო უკანონო და მოქმედებდა როგორც კომპანიის კანონიერი წარმომადგენელი და, როგორც ჩანს, მისი სატელეფონო კომუნიკაციების თვალთვალი დაკვეთილი იყო კონკრეტულად მის მიერ იურიდიულ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ნიკა ხარაზიშვილის დავობდა, რომ გონივრული ეჭვის სტანდარტი არ იყო დაკმაყოფილებული მის საქმეში, რადგან სასამართლოს მიერ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ერთადერთი საფუძველი აშკარად იყო მისი კავშირი მეუღლესთან.
სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ „პირადი ცხოვრებისა“ და „კორესპონდენციის“ უფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის „კანონის შესაბამისად“, ატარებს ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს, რომელსაც ეს პუნქტი ეხება და არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ნებისმიერი ასეთი მიზნის მისაღწევად. ამასთან, ფორმულირება „კანონის შესაბამისად“ გულისხმობს პირობებს, რომლებიც სცილდება შიდა კანონმდებლობაში სამართლებრივი საფუძვლის არსებობას და მოითხოვს, რომ სამართლებრივი საფუძველი იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, როგორც იქნა განმარტებული და გამოყენებული ეროვნული სასამართლოების მიერ, არ აძლევდა გონივრულ სიცხადეს საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული დისკრეციის გამოყენების ფარგლებსა და წესთან დაკავშირებით, კერძოდ კი, არ უზრუნველყოფდა პრაქტიკაში ადეკვატურ გარანტიებს სხვადასხვა შესაძლო ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. შესაბამისად, მომჩივანთა სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენისა და ჩაწერის შეკვეთის პროცედურა სრულად არ შეესაბამებოდა შიდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და არც ეს პროცედურა იყო ადეკვატური იმის უზრუნველსაყოფად, რომ განმცხადებელთა პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევა „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ორივე მომჩივნის მიმართ 1 500-1 500 ევროს გადახდა დააკისრა.