საზოგადოება

გრიფირების გამკაცრებული წესები

2 ნოემბერი, 2010 • • 1367
გრიფირების გამკაცრებული წესები

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესებით კონკურსი დღეს გამოცხადდა. განათლების სამინისტრო გრიფირების წესებს ამკაცრებს. გრიფის მისანიჭებლად, სახელმძღვანელო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგად დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შაშკინის თქმით, ახალ სასწავლო გეგმაში გრიფირების გამკაცრებული წესების შემოღება ბაზარზე დღეს არსებულ სახელმძღვანელოების ცუდ ხარისხს უკავშირდება.  

გრიფი არის განათლების სამინისტროს ერთგვარი ნებართვა სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესში ჩაშვებისა და დასტურია იმისა, რომ ეს სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალისწეინებულ კრიტერიუმებს.

გრიფირების ახალი წესები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმებითაა გათვალისწინებული. განათლების მინისტრის თქმით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხია.

სახელმძღვანელოს, რომელსაც განათლების სამინისტრო გრიფს მიანიჭებს, დასაბეჭდად ერთ გამომცემლობას არ გადაეცემა.

,,როცა სახელმძღვანელოს მიენიჭება გრიფი, ამის შემდეგ ჩვენ ვდებთ ამ სახელმძღვანელოებს მაგიდაზე და გამომცემლებს ვეუბნებით, რომ ეს არის სახელმძღვანელოები, თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ. აქ იწყება უკვე კონკურენცია ფასში. ვინც უფრო იაფად დაბეჭდავს, მისი სახელმძღვანელო უფრო მეტი  გაიყიდება. ეს ნიშნავს, რომ წიგნის ერთი მწარმოებელი არ იქნება’’, – განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

განათლების მინისტრის აზრით, ეს წესი ბაზარზე მონოპოლიას შეძღუდავს. ერთ გამომცემელს ერთი კონკრეტული წიგნის დაბეჭვდის საშუალება არ ექნება, რაც შაშკინის თქმით, აქამდე ხდებოდა. მისი გამარტებით, როცა კონკრეტულ სახელმძღვანელოს ერთი გამომცემელი გამოსცემს, იმისათვის რომ ფასი აწიონ, ხშირად ისინი ამ სახელმძღვანელოზე დეფიციტს ქმნიან.

,,ახალი წესებით, ჩვენ მივიღებთ კონკურენციას ბაზარზე და სახელმძღვანელოებზე უფრო დაბალ ფასებს’’, – ამბობს შაშკინი.

გრიფის მინიჭებისას, სახელმწიფო ავტომატურად გახდება გრიფირებული სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, სახელმწიფო თანამესაკუთრეობაში რაიმე ფინანსური ვალდებულება არ იგულისხმება.

გამომცემლობები, რომლებიც წიგნს დაბეჭდავენ, საავტორო უფლების მქონე პირს მოგების 25%–ს გადაუხდან.

ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, სურვილისა და საავტორო უფლების მქონე პირთან შეთანხმებით, მთლიანად შეისყიდოს საავტორო უფლება. ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელოს გამომცემელი სახელმწიფოს გადაუხდის საავტორო უფლებისათვის დაწესებულ მოგების 25%-იან გადასახადს.

ცვლილება სახელმძღვანელოების შინაარსსაც შეეხება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით, საგნობრივ სტანდარტებში შემოდის სავალდებულო შინაარსი – ჰუმანიტარულ საგნებში 60 %, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 80 %.

დიმიტრი შაშკინის თქმით,  სამინისტრო ამით დაადგენს გარკვეულ ნაწარმოებთა ნუსხას, მასალის ნუსხას, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა სახელმძღვანელოსათვის. მაგალითად, თუ განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რომელიმე კონკრეტული ნაწარმოაბის შეტანა წიგნში სავალდებულო იქნება (მაგალითან ილია ჭავჭავაძის ,,კაცია – ადამიანი?!), ყველა ავტორი ვალდებული იქნება, თავის სახელმძღვანელოში ეს ნაწარმოაბი შეიტანოს. დარჩენილ 40 % ან 20 %-ს კი ის თავისი სურვილით შეავსებს.

,,ამით ჩვენ გარანტია გვექნება, რომ ბავშვი გურჯაანში და თბილისში ერთი და იმავეს ისწავლის და არა სხვადსხვა რამეს”,– ამბობს დიმიტრი შაშკინი.

სახელმძღვენელოებისთვის გრიფის მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.

წესის თანახმად, გრიფის მოპოვების უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ახალი სასწავლო გეგმა 2011 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამ დროისათვის უკვე იქნება ჩატარებული სახელმძღვანელოების კონკურსი პირველი საფეხურის კლასებისთვის (პირველი-მეექვსე კლასი) და გამოვლენილი იქნება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კლასებში ყველა სახელმძღვანელოს, რომელთაც ამჟამად აქვთ გრიფი, ავტომატურად გაუუქმდებათ.

2012 წლისთვის კი ახალი სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო წესით მეორე და მესამე საფეხურის კლასებისთვისაც იქნება მზად.

,,2011 წლის ნოემბერში კონკურსი გამოცხადდება მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზე’’.

სკოლა ვალდებული იქნება, მის მიერ არჩეული სახელმძღვანელოთი ხუთი წელი ასწავლოს.

კონკურსი პირველი-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოებზე დღეს გამოცხადდა. კონკურსი პირველ მარტამდე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი